მთავარი ამბავი

ტრამპი: რუსებს უარი განვუცხადე და ვიქტორ ბუტი არ გავათავისუფლე

0

დონალდ ტრამპის თქმით, მან უარი განუცხადა რუსებს, რომ ‘სიკვდილით მოვაჭრე’ ვიქტორ ბუტი ყოფილ საზღვაო ქვეითზე, პოლ უილანზე, გაეცვალათ. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, იგი არასოდეს გაათავისუფლებდა იმ ადამიანს, რომელმაც „უამრავი ადამიანი მოკლა“.
„უარი ვთქი რუსეთთან გარიგებაზე, რომელიც ე.წ. ‘სიკვდილით მოვაჭრის’ პოლ უილანზე გაცვლას ითვალისწინებდა. ას ადამიანსაც კი არ გავცვლიდი იმ ადამიანში, რომელმაც თავისი საქმიანობით უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, – დაწერა 76 წლის ტრამპმა კვირას სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი რამდენიმე დღის წინ ამერიკელ ქალ კალათბურთელზე, ბრიტნი გრაინერზე, გაცვალეს. 2011 წელს ბუტი კოლუმბიური ტერორისტული ჯგუფისთვის (ფარკი) იარაღის მიყიდვის მცდელობისთვის გაასამართლეს. კოლუმბიელები ამ იარაღით ამერიკელებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.
ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის ვარსკვლავს, ბრიტნი გრაინერს, შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში ცხრაწლიანი პატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯეს, როდესაც თებერვალში მოსკოვში ჩამოსულს ჩემოდანში კანაფის ზეთით სავსე პატარა კონტეინერები აღმოუჩინეს.

გახმაურებული გარიგების შემდეგ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გრაინერის ნაცვლად შეერთებულ შტატებში უილანი უნდა დაბრუნებულიყო, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2018 წელს დააკავეს რუსეთში.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, ისინი ორივე დაკავებულის გათავისუფლებას ცდილობდნენ, თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა დათმობაზე და დაჟინებით მოითხოვდა გრაინერისა და ბუტის ერთი ერთზე გაცვლას.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობისას ტრამპმა უილანისა და ბუტის შესახებ გარიგებაზე უარი თქვა, იგი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მაინც „პოლს გაათავისუფლებდა“.

მას შემდეგ, რაც გრაინერი პარასკევს ტეხასის შტატში დაბრუნდა, ვლადიმირ პუტინმა მომავალში პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა. როდესაც რუსეთის პრეზიდენტს პატიმრების გაცვლის შესახებ ჰკითხეს, პუტინმა უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ უარს არ ვამბობთ თანაშრომლობის გაგრძელებაზე“. რუსეთის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ „ბუტისა და გრაინერის გაცვლასთან დაკავშირებით კომპრომისებს მიაღწიეს“.

გასულ კვირას ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა CBS-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს „დანებდა“.
„ეს გარიგება არ არის. ეს გაცვლა არ არის. ეს კაპიტულაციაა“, – განაცხადა ბოლტონმა და იქვე დასძინა. „ტერორისტები და მათი მხარდამჭერი სახელმწიფოები გაითვალისწინებენ ამ შემთხვევას, რაც მომავალში საფრთხეს შეუქმნის ამერიკელებს, რომლებიც შეიძლება დაატყვეონ და ვაჭრობის საგნად გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენსავით ზნეობა და სინდისი არ აქვთ“.

წყარო: https://is.gd/FQw5IQ