ისტორიული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი ფლორიდას შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრა, საიდანაც მოგვიანებით მან ამერიკის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი, მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს, დემოკრატების და მემარცხენე-ლიბერალების ისტერიის ნაწილად მიიჩნევს.
“დასაწყისშივე დემოკრატები ცრუ ბრალდებებს მიყენებდნენ, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად ისმოდა – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. შემდეგ იყო იმპიჩმენტის ორი მცდელობა. მოგვიანებით იყო, არჩევნების გაყალბების ფაქტები, მილიონობით მიტაცებული ბიულეტენი. ასევე, უკანონო შემოჭრა და ჩხრეკა სწორედ ამ რეზიდენციაში, თითიდან გამოწოვილი გამოძიებები და ა.შ. მაშინ, როცა ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ გაჟღერებულიყო სიმართლე ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებით, რაც ბაიდენების ოჯახის კრიმინალურ სახეს გამოააშკარავებდა და ამაში მონაწილეობდნენ Facebook და Twitter-იც” – აღნიშნა ტრამპმა.
45-ე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მოქმედებაში ჯორჯ სოროსს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნიუ იორკის ოლქის პროკურორი, სწორედ სოროსის დავალების შემსრულებელია.
“ის ადამიანებიც კი, ვინც ჩემი დიდი გულშემატკივარი არ არის ამბობენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს. სამწუხაროდ, ისედაც უამრავი მიზეზია, რის გამოც მსოფლიო უბრალოდ იცინის ჩვენზე – მორღვეული საზღვრების გამო; კრიმინალის გაზრდილი მაჩვენებლის გამო; ინფლაციის და ჩამოშლილი ეკონომიკის გამო; ავღანეთიდან გაუმართლებელი გამოსვლის გამო, სადაც ჩვენი მოქალაქეები მივატოვეთ და 85 მილიარდი დოლარის საუკეთესო შეიარაღება უბრალოდ დავკარგეთ” – თქვა ტრამპმა საკუთარ მიმართვაში.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მესამე მსოფლიო ომის და ბირთვული დაპირისპირების მზარდ საფრთხეებზე.
“არსებობს ბირთვული შეიარაღების გამოყენების ღია საფრთხეები და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით მესამე მსოფლიო ომს” – აღნიშნა ტრამპმა.
მიმართვაში მან ასევე ისაუბრა ბაიდენის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში საიდუმლო დოკუმენტაციის გატანის ფატებზე და აღნიშნა რომ ბაიდენს ამის უფლება არ ჰქონდა.
“ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო სამსახურებთან ითანამშრომლოს, მოქმედი პრეზიდენტი უარს აცხადებს განმარტოს თუ როგორ აღმოჩნდა ათასობით საიდუმლო დოკუმენტი იქ სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო” – აცხადებს ტრამპი.
ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც 75 მილიონი ამერიკელის ხმა მიიღო, უპრეცედენტოს უწოდებს მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ამ ყველაფრის მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ იგი შეუპოვრად იცავს საკუთარ ქვეყანას, იმ ძალებისგან, რომლებსაც ამერიკის განადგურება სურთ.
წყარო: https://youtu.be/T4FJc5d2tAw