პოლიტიკასხვადასხვა

„The Wall Street Journal“: მაკრონმა და შოლცმა ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს

0

„უოლ სთრით ჯურნალის“ (The Wall Street Journal) ცნობით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს. ზელენსკიმ ევროპელი ლიდერების წინადადება უარყო.
ამერიკული გაზეთის ცნობით და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ეს კონკრეტული საუბარი 8 თებერვალს, ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართული სადილისას, შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგას საფრანგეთსა და გერმანიას შორის განვლილი დაძაბული ისტორია შეახსენა, რასაც ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ორ ყოფილ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობა დამყარებულიყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ცოტა პოლემიკური ენა გამოიყენა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მომენტამდე იყო „დიდი ომის მეთაური“, ახლა კი ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე უნდა გახდეს, ანუ კონფლიქტის დასასრულებლად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა მიაგნოს, მათ შორის „რთული გადაწყვეტილებების“ ფასად.
Wall Street Journal-ის ცნობით, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ბევრ ოფიციალურ პირს უკვე ეჭვი ეპარება, რომ ზელენსკი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, Wall Street Journal-თან საუბარში განაცხადა: „თუ ომი ასეთი ინტენსიურობით კიდევ დიდხანს გაგრძელდება, უკრაინის დანაკარგები აუტანელი გახდება. არავის სჯერა, რომ ისინი (უკრაინა) ყირიმის დაბრუნებას შეძლებენ“.
პროგნოზი პესიმისტურია. სამი ევროპული სახელმწიფო ნატოსა და უკრაინას შორის კავშირებს გააძლიერებენ, რათა უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგონ და მას გარდაუვალი მოლაპარაკებებისას უფრო ძლიერი პოზიციები შეუქმნან: „ნატოს სამიტმზე მკაფიო შეთავაზება უნდა გაუკეთონ უკრაინას, რათა ზელენსკის პოლიტიკური გამარჯვება უზრუნველყონ, რომელსაც ქვეყნის შიგნით მოლაპარაკებების დაწყების სტიმულად წარმოაჩენს“, – განმარტა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა.
მაკრონის რიტორიკა ზელენსკის არ მოეწონა. უკრაინის პრეზიდენტმა მისი წინადადება უგულებელყო. კონფლიქტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ კიევი „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელს გამარჯვებას მიაღწიოს“.

წყარო: https://is.gd/p6r6BQ