სპორტისხვადასხვა

The Guardian – საქართველომ რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო

0

ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან, ბრიტანული პრესა ეხმაურება. გუშინ, კარდიფში გამართულ მატჩს ვრცელ სატიებს უძღვნიან – BBC, The Guardian, The Telegraph, Rugbypass და სხვები.

გთავაზობთ BBC Sport – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.

მსოფლიო რაგბი ამ შედეგს ვეღარ “უგულებელყოფს” – ამბობენ გამარჯვებულები

საქართველო დარწმუნებულია, რომ ევროპული რაგბის ელიტაში გაწევრიანების შესახებ მისი პრეტენზია უელსის დამარცხების შემდეგ არ შეიძლება უგულებელყონ. ალექსანდრე თოდუას ლელომ, ლუკა მატკავას აუღელვებელლად შესრულებულმა ჯარიმამ და შერკინებაში მოპოვებულმა უპირატესობამ კარდიფში საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა. ივლისში იტალიის დამარცხებისა და სამოასთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს მიაჩნია, რომ „ექვსი ერის“ რიგებში მიღების დრო დადგა.
„უსამართლობა იქნება თუ მსოფლიო რაგბი ამ შედეგს უგულებელყოფს“, – ამბობს  საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და იქვე დასძენს – ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ წელს ორი უმაღლესი დონის გუნდი დავამარცხეთ. ვიმედოვნებ, ისინი [მსოფლიო რაგბი] თვალყურს გვადევნებენ. ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არ უგულებელყოფენ იმას, რაც ხდება. როგორ შეიძლება იმის იგნორი, რაც ცხადია“.
შედეგმა უელსელებს იმედი გაუცრუა, რაგბის მოყვარულმა ამაყმა ერმა კი ისტორია დაწერა. ქართული რაგბი უძველესი ხალხური სპორტიდან, ლელო-ბურთიდან, იღებს სათავეს. შესაბამისად, ეროვნული ნაკრები Los Lelo-ს მეტსახელით შეამკეს.
საქართველომ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსჯერ გავიდა, რაგბში ევროპის მეორე დონის ჩემპიონატი ბოლო 12 წელში 11-ჯერ მოიგო. ამ დრომდე მათი პრეტენზია, მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიური პირველი დონის შეჯიბრში, როგორიცაა „ექვსი ერი“, უყურადღებოდ რჩებოდა. ევროპის წამყვან ქვეყნებს ახალი კონკურენტის გამოჩენა დიდად არ ესიამოვნათ. თუ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება, საქართველო საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად კიდევ უფრო მეტ შანსს მიიღებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომავალ წელს საფრანგეთში გასამართი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე უელსს დაუპირისპირდება. ჯერჯერობით კი მიღებული შედეგით შეუძლიათ დატკბნენ.
შარიქაძე: „დიდებულია. იტალიის დამარცხება ნამდვილად სასიამოვნო გახლდათ, მაგრამ უელსის დამარცხება, როდესაც ის მასპინძელია ნამდვილად დაუჯერებელია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, ასე არ არის?“
„დავამტკიცეთ, რომ ბევრი ადამიანი ცდებოდა. სპორტსმენისთვის იმაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს, ვიდრე დაამტკიცოს, რომ ადამიანები ცდებოდნენ. ეს სტიმულს გვამტებს. ეს დიდებული განცდაა, მსოფლიოს ჩემპიონები არ ვართ, მაგრამ ისტორია დავწერეთ. ახლა ადამიანებმა ცვლილებებზე უნდა იფიქრონ“.
საფინალო სასტვენის შემდეგ მოთამაშეები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და ტიროდნენ. კარდიფში მსგავსი სცენების მომსწრე მარტშიც გავხდით, როდესაც იტალია „ექვს ერში“ უელსის დამარცხებას ზეიმობდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, შერკინების ნახევარმცველმა, ვასილ ლობჟანიძემ, განაცხადა: „ძალიან ვამაყობთ. ვამაყობ ჩვენი გუნდით და ქართველი ხალხით. პირველივე წუთიდან ყველას გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო. ჩვენ ისტორია დავწერეთ. ძალიან ვამაყობთ“.
ამ მოგებამ განსაკუთრებით ააღელვა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც გასულ წელს სიკვდილს ძლივს გადაურჩა. კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ორი თვე საავადმყოფოში სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
„შეიძლება სხვებივით გამოცდილები ან ძლიერები არ ვართ, მაგრამ გულში იმაზე ბევრად დიდი ბრძოლის ჟინი გვაქვს, ვიდრე სხვებს. გვჯეროდა საკუთარი თავის, არც მოთმინებამ დაგვაღალატა, ჩვენ ერთმანეთისთვის ვთამაშობდით. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ასეთი ბიჭები გვჭირდება, რომლებმაც ისტორია დაწერეს“, – განაცხადა მაისაშვილმა.