კრიზისი ევროპას დაასუსტებს და მსოფლიოში მის პოზიციებს საფრთხეს შეუქმნის
თუ მთელ მსოფლიოში ევროპის მეგობრებს ბებერი კონტიტნენტის მომავალთან დაკავშირებით კითხვას დაუსვამთ, ორ ემოციურ პასუხს მიიღებთ. პირველი პასუხი ეს არის – აღტაცება – უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ევროპა გაერთიანდა, გამბედაობა გამოავლინა და უზარმაზრი ხარჯები გაიღო. თუმცა, მეორე პასუხი საგანგაშოა – მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა 2023 წელსა და შემდგომ პერიოდში ევროპის სიცოცხლისუნარიანობას გამოცდას მოუწყობს. იზრდება შიში, რომ გლობალური ენერგეტიკული სისტემის გადაკეთება, აშშ-ის ეკონომიკური პოპულიზმი და გეოპოლიტიკური განხეთქილება საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და არაწევრი ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას. საშიშროება არა მხოლოდ ბებერი კონტინენტის ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ ტრანსატლანტიკური ალიანსის მდგრადობასაც ემუქრება.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპიდან მოზღვავებულმა სასიხარულო ამბებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ზაფხულიდან ენერგომატარებლებზე ფასები შემცირდა, კარგი ამინდი კი ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის საწყობი თითქმის სავსეა, თუმცა ენერგეტიკული კრიზისი კვლავ საფრთხის მომასწავებელია. ბუნებრივ აირზე ექვსჯერ გაზრდილი ფასი ამაზე მიანიშნებს. 22 ნოემბერს რუსეთმა დაიქადნა, რომ ევროპისკენ მიმავალ ბოლო მოქმედ მილსადენს გადაკეტავდა, მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო თავდასხმებმა უკრაინა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. 2023 წელს ევროპის ბუნებრივი აირის საწყობი კიდევ ერთხელ უნდა შეივსოს, ამჯერად უკვე რუსული ბუნებრივი აირის გარეშე.
ვლადიმირ პუტინის ენერგოიარაღი მხოლოდ უკრაინას არ დააზარალებს. ჩვენი მოდელირების თანახმად, ნორმალური ზამთარის პირობებში, ენერგომატარებლებზე ფასების 10 პროცენტიანი ზრდა, სიკვდილიანობას 0.6 პროცენტით ზრდის. აქედან გამომდინარე, წლევანდელმა რთულმა ენერგეტიკულმა სიტუაციამ შეიძლება ევროპაში ასი ათასზე მეტი ხანდაზმული ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ასეთ შემთხვევაში, ბ-ნი პუტინის ენერგოიარაღი უკრაინის საზღვრებს გარეთ უფრო მეტ ადამიანს მოუღებს ბოლოს, ვიდრე მის არტილერია, რაკეტები ან უპილოტო საფრენი აპარატები. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელთა ომი რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ომიცაა.
უკრაინის ომი ფინანსური დაუცველობის რისკებსაც ზრდის. ენერგოინფლაცია ევროპის ეკონომიკაზე აისახება, რაც ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) მწვავე დილემის წინაშე აყენებს, რადგან ფასებზე კონტროლის შესანარჩუნებლად საპროცენტო განაკვეთები უნდა გაზარდოს. მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა ევროზონის სუსტ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ვალებში ჩაფლულ იტალიაში, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტზე ენერგეტიკული კრიზისი მძვინვარებს, უკრაინის ომმა ევროპის ბიზნესმოდელის დაუშველობა გამოაშკარავა. ძალიან ბევრი ევროპული სამრეწველო კომპანია, განსაკუთრებით გერმანული, რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ავტოკრატიულ ჩინეთზეც არაერთი კომპანია გახდა დამოკიდებული. რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის პერსპექტივა, სტრუქტურული თვალსაზრისით გაცილებით მაღალი ხარჯები და დასავლეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა, კომპანიების დირექტორთა საბჭოს ოთახებში ანგარიშის გასწორებას გულისხმობს.
ეს შიში ამერიკულმა ეკონომიკურმა ნაციონალიზმმა გააძლიერა, რომელიც სუბსიდიებისა და პროტექციონიზმის გრიგალში ატლანტიკის ოკეანის გაღმა საქმიანობას გაგრძელებას საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „ინფლაციის შემცირების აქტი“ (IRA) ენერგომატარებლებისთვის, წარმოებისა და ტრანსპორტირებისთვის 400 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს და მოიცავს დებულებას „მზადდება ამერიკაში“. მრავალი თვალსაზრისით ეს სქემა გვაგონებს იმ ინდუსტრიულ პოლიტიკას, რომელსაც ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა. როდესაც მსოფლიო ეკონომიკის ორი ბურჯი კიდევ უფრო ინტერვენციული და პროტექციონისტული პოლიტიკისკენ იხრება, ევროპა, რომელიც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით უცნაური დაჟინებით იცავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, გულუბრყვილოდ გამოიყურება.
სუბსიდიებაზე კომპანიებმა უკვე გამოხატეს თავიანთი რეაქცია. აკუმულატორების დამპროექტებელმა და მწარმოებელმა შვედურმა კომპანია „ნორთვოლტმა“ (Northvolt), წარმოების ამერიკაში გაფართოების სურვილი გამოთქვა. ელექტროენერგიის მწარმოებელი და მიმწოდებელი ესპანური კომპანია „იბერდროლა“ (Iberdrola) შეერთებულ შტატებში ორჯერ უფრო მეტ ინვესტიციას დებს, ვიდრე ევროკავშირში. არაერთი მეწარმის თქმით, ძვირადღირებული ენერგომატარებლებისა და ამერიკული სუბსიდიების კომბინაცია, ევროპას მასიური დეინდუსტრიალიზაციის საფრთხის წინაშე აყენებს. „ბასფმა“ (BASF), მსოფლიოში უმსხვილესმა გერმანულმა ქიმიურმა კონცერნმა, სულ ახლახან გამოაქვეყნა გეგმები, რომლის თანახმადაც „სამუდამოდ“ ამცირებს ევროპულ ოპერაციებს. ევროპა ამერიკაზე უფრო სწრაფად ბერდება.
ინვესტიციების დაკარგვა ევროპის გაღარიბებასა და ეკონომიკური სიძლიერის დაღმასვლას განაპირობებს. პანდემიამდე მთლიანი შიდა პროდუქტის ტრაექტორიასთან შედარებით, ევროპის მდგომარეობა გაუარესდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ეკონომიკური ბლოკის. მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიიდან მხოლოდ 14-ია ევროპული. პოლიტიკოსებს უჩნდებათ ცდუნება, უარი თქვა წესებზე და საკუთარი სუბსიდიებით მოახდინონ რეაგირება კორპორატიული სიკეთეების მზარდი შეიარაღების რბოლაში. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ამერიკა „ინვესტიციების შესრუტვაში“ დაადანაშაულა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ევროპას „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა.
ამგვარად, ამერიკასა და ევროპას შორის დაძაბულობას სუბსიდიებთან დაკავშირებული უთანხმოებაც ამწვავებს. ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური და სამხედრო დახმარება საგრძნობლად აღემატება ევროპელთა დახმარებას. შეერთებულ შტატებს აღარ სურს ბებერი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის თანხების გაღება, რადგან აზიაში ჩინეთის გამოწვევას უნდა უპასუხოს. ნატოს წევრთა უმეტესობამ ვერ შეძლო თავდაცვისთვის მშპ-ის 2 პროცენტის გაღება. ევროკავშირი რუსული აგრესიის მიმართ საოცრად გულუბრყვილო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მმართველობისას დაწყებული დაპირისპირების შემდეგ უკრაინის ომმა ამერიკა და ევროპა კვლავ გააერთიანა, არსებობს იმის საშიშროება, რომ ხანგრძლივი კონფლიქტი და ეკონომიკური დაძაბულობა მათ შორის ნელ-ნელა კვლავ გამოიწვევს გაუცხოებას. ბ-ნი პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიხარულით შეხვდებიან ამ ფაქტს.
საშიში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად ამერიკამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. ბ-ნი ბაიდენის პროტექციონიზმი ევროპის სიცოცხლისუნარიანობას ემუქრება, მაშინაც კი, როცა ამერიკული ტანკერები ევროპის ენერგოსტაბილურობის უზრუნველსაყოფად ატლანტიკის ოკეანის ტალღებს მიაპობენ. ბაიდენომიკის ძირითადი მიზანი წამყვან სამრეწველო დარგებზე ჩინეთის დომინირების შეჩერებაა: ევროპული ინვესტიციების მოზიდვა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის. ვაშინგტონმა ევროპულ კომპანიებს თავისი ენერგეტიკული სუბსიდიების მიღებისა და ტრანსატლანტიკურ ენერგეტიკულ ბაზრებზე უფრო ღრმა ინტეგრირების უფლება უნდა მისცეს.
ამავდროულად, ევროპამ თავისი ეკონომიკა ენერგეტიკული კრიზისისგან უნდა დაიცვას. სქემებმა, რომლებიც ენერგომოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად მომხმარებლებისა და კომპანიების სუბსიდირებას ისახავს მიზნად, მაღალ ფასებზე ზღვრის დაწესებით მოთხოვნა უნდა შეზღუდონ, როგორც ეს გერმანიაშია. ენერგომატარებლებზე გრძელვადიანი ფასების შესამცირებლად ევროპამ განახლებადი ენერგიის სფეროში რევოლუცია უნდა დააჩქაროს, ხოლო კონკურენციის მიზნით ენერგეტიკული ბაზრები არ უნდა ჩაკეტოს. იგი ახალი უსაფრთხოების რეალობასაც უნდა შეეგუოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპამ თავდაცვისთვის უფრო მეტი ხარჯები უნდა გაიღოს, რათა ვალდებულება აიღოს, რადგან ამერიკას ყურადღება აზიისკენ გადააქვს.
აღტაცებისა და განგაშის გარდა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე კიდევ ერთი ემოცია, იმედგაცრუება, ახდენს გავლენას. ამერიკას ევროპის ეკონომიკური აპათია და თავდაცვის უუნარობა აზიღიანებს, ევროპა კი ამერიკის ეკონომიკური პოპულიზმით არის აღშფოთებული. როგორც უნდა იყოს, უკრაინის ომმა ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა გამოწვიოს, ასევე არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ისტორიაში ყველაზე ძლიერმა დემოკრატიულმა ალიანსმა ადაპტირება მოახდინოს და სიცოცხლე შეინარჩუნოს.