პოლიტიკასხვადასხვა

თეთრი სახლი: შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შეატყობინა, რომ ბაიდენი უკრაინას ეწვეოდა

0

ვაშინგტონი – შეერთებული შტატები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთს დაუკავშირდა. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გამწვავება, სანამ პრეზიდენტი კიევში იმყოფება. ამის შესახებ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა და ამერიკელი მაღალჩინოსნების მცირე ჯგუფმა უკრაინის დედაქალაქში დაახლოებით ექვსი საათი დაჰყო, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი წელი აღენიშნათ.
„რუსებს ვაცნობეთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კიევში მიემგზავრებოდა. ეს მოხდა მის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, რათა თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტის გამწვავება“, – განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში CBS News-ის მთავარ კორესპონდენტს, ნენსი კორდესს.
სალივანის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენს თან ახლდნენ თავისი უახლოესი მრჩევლები, სამედიცინო მუშაკები, ფოტოგრაფი და რამდენიმე დაცვის თანამშრომელი. მან ისიც დასძინა, რომ აშშ-ის პირველი პირის კიევში ვიზიტი „უმცირეს დეტალამდე“ იყო დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და რუსეთი წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა შეამცირონ დაპირისპირების საფრთხე, რაც შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბურ კონფლიქტში. შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობამ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასეთი ცხელი ხაზი ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში აამოქმედეს.
რუსეთი ბაიდენის კიევში ვიზიტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებულა. ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და მისი დეტალები მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც შეერთებული შტატების პირველი პირი წასასვლელად ემზადებოდა. დაგეგმილი იყო, რომ ჯო ბაიდენი ორშაბათს პოლონეთში ჩავიდოდა. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ უარყვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი შეიძლება უკრაინასაც სწვეოდა.
თეთრი სახლის, საიდუმლო სამსახურისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული მცირერიცხოვანი ჯგუფი თვეების განმავლობაში გეგმავდა ამ შესაძლო ვიზიტს. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მხოლოდ პარასკევს გადაწყვიტა ევროპაში გამგზავრება, მას შემდეგ, რაც ყველა საფრთხე საბოლოოდ შეაფასეს. ამის შესახებ ორშაბათს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
ეს საფრთხები მაშინ გახდა რეალური, როდესაც ბაიდენი და ზელენსკი კიევის ქუჩებში სეირნობდნენ, ამ დროს საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები გაატიურდნენ.
ორშაბათ დილით პრეზიდენტი ბაიდენი კიევს მატარებლით ეწვია. ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზი მხოლოდ შუადღისას გახდა ცნობილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო.

წყარო: https://is.gd/ljxnDs