პოლიტიკასხვადასხვა

თავაწყვეტილი კორუფცია ერთ-ერთი მიზეზია, რის გამო უკრაინის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ უგულებელყვეს

0

ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ თავისი ქმედება გამოასწოროს

14 ივლისი, 2023 წ.

თუ უკრაინას NATO-ში გაწევრიანება სურს, კორუფციასთან საბრძოლველად რეფორმები უნდა განახორციელოს და ინსტიტუტები უნდა გააძლიეროს, − ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვილნიუსში გამართული NATO-ს სამიტის მეორე დღეს განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა უკრაინას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა და ევროკავშირის მხარდაჭერა აღუთქვა. Magyar Nemzet-ის (უნგრული გაზეთი) ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში „ნათლად არის ნათქვამი, რომ უკრაინულ ინსტიტუტებში ჯერ კიდევ ისე მყარად აქვს ფესვები გამდგარი კორუფციასა და გაუმჭვირვალობას, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „მწვანე შუქი ვერ აუნთეს“. გაზეთი ფონ დერ ლაიენის სიტყვებსაც იმოწმებს, რომელთა თანახმად უკრაინის ძალისხმევა დაფასებულია და კიევმა დიდი პროგრესი განიცადა.

2021 წელს ევროკომისიამ უკრაინაში სისტემურ კორუფციას ფარდა ახადა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა კორუფციის მასშტაბის შესამცირებლად არაერთი ინიციატივა წამოაყენა და გასატარებელი ღონისძიებების ფართო სპექტრი შესთავაზა, ევროკომისიის იმჟამინდელმა მოხსენებამ ცხადყო, რომ 2021 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეული არ იყო.

მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ იმ დროს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნებოდა და ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს საფრთხე ემუქრებოდათ. მოხსენების ავტორებმა ისიც აღნიშნეს, რომ ყველაზე დიდ პრობლემას ოლიგარქები და პირადი ინტერესები წარმოადგენდნენ, რადგან კანონის უზენაესობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლიდნენ.

ბრიუსელს ძალიან სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირებიც კი ვერ ბედავენ, რომ თავიანთ მოხსენებებში რაიმე კონკრეტული ან არსებითი ახსენონ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზად არის. ფონ დერ ლაიენის შენიშვნები კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ მხრივ სიტუაცია ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებულა.

გასულ კვირას Remix News-ი იტყობინებოდა, რომ უკრაინის დამსაქმებელთა ფედერაციამ (ФРУ), რომელიც უკრაინელი მეწარმეების გაერთიანებას წარმოადგენს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად ზომების მიღება მოითხოვა. უკრაინელი მეწარმეების თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების თავგასულობამ ყველა ზღვარი გადაკვეთა. ადგილობრივი ბიზნესმენები კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოსავლენად საჯარო რეესტრის შექმნას ითხოვენ. უკრაინელი მეწარმეები იმასაც აცხადებენ, რომ უპრეცედენტო მასშტაბის კორუფცია ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს ზიანს აყენებს.

https://rmx.news/european-union/rampant-corruption-is-one-reason-behind-ukraines-failed-nato-bid/