ავტორი: როდ დრეჰერი
ზემოთ მოცემული გერმანული ტანკის სურათი ახალი ამბების სიუჟეტიდან არის აღებული. რეპორტიორი ამბობს: „ვინ იფიქრებდა, რომ გერმანიას იმიტომ გააკრიტიკებდნენ, რომ რუსეთთან საბრძოლველად ტანკებს არ აგზავნის?“ ნამდვილად.
ბუდაპეშტში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კარგი არაფერი მესმის. ერთ საღამოს ერთმა უნგრელმა მითხრა: „ამერიკელებს ომი უნდათ და მიიღებენ კიდეც“. იგი იმას გულისხმობდა, რომ შეერთებული შტატებს, მისი აზრით, გადაწყვეტილი აქვს, რუსეთს ებრძოლოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. შეიძლება მართალია.
შეერთებული შტატების მოტივაციის შესახებ იგი შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ არ ცდება მის პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები ევროპელთა გულისწყრომას გამოიწვევს, რადგან უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს, რომ რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელებისა და ევროპელების ინტერესები განსხვავდება. ჩემი გამოცდილებდან ვიტყვი, რომ პუტინის რეჟიმსა და უკრაინაში შეჭრას ბევრი ევროპელი არ უთანაგრძნობს, თუმცა შიშობს, რომ ეს ომი შეიძლება ადვილად გამოვიდეს კონტროლიდან, რაც ძალიან ძვირი დაუჯდებათ.
პიტერ ჰიტჩენსი ამას ხვდება: თავის დღევანდელ სტატიაში იგი გმობს ვაშინგტონელი პოლიტიკოსებისა და დიდი ბრიტანეთისა და კონტინენტური ევროპის მთავრობებში მოკალათებული, მათი ევროპელი მხარდამჭერების სიგიჟეს. იგი აკრიტიკებს იმ შეურაცხმყოფელ ფაქტს, რომლის თანახმადაც ვერავინ გამართავს ამასთან დაკავშირებით დებატების ისე, რომ პუტინის მარიონეტად არ შერაცხონ. ამონარიდები:
„ეს არის დრო, როდესაც საშინელი საფრთხის წინაშე დავდექით, რასაც ბევრი ჩვენგანი მომავალში მწარედ ინანებს.
არ დავკარგავ იმაზე დროს თუ ვინ დაიწყო უკრაინის ომი ან რატომ დაიწყო. ადამიანების უმეტესობას არ აინტერესებს ეს და არ უნდა ამის შესახებ იფიქროს ან ფაქტები მოიძიოს. ისინი ცილს წამებენ და შეურაცხყოფენ ყველას, ვინც მათთვის რამის თქმას ცდილობს. ჯანდაბას. მომბეზრდა.
მინდა გითხრათ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების გადაცემა დიდი სისულელეა. მედია მუშაკებისა და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვიცი რისთვის არის ტანკები საჭირო და ეს თავდაცვას არ უკავშირდება.
ჩვენ ახლა ამ ომის გაგრძელება და გამწვავება გადავწყვიტეთ. შეიძლება უკრაინის ახალმა ტანკებმა ყველაფერი გაანადგურონ, რაც წინ დაუდგებათ. შეიძლება ტალახში ჩაეფლონ. შეიძლება ყირიმი აიღონ. შეიძლება მალე წითელ მოედანზე ომში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე გამოჩდნენ. არ ვიცი. მაგრამ თუ რუსეთის ტერიტორიას გადალახავენ არ გაგიკვირდეთ, რაც შემდეგ მოხდება.
მომისმინეთ, ვლადიმირ პუტინი აშკარად ბოროტი ტირანია და ჩემი აზრით, კოვიდპანიკის დროს საერთოდ შეიშალა ჭკუიდან (გაიხსენეთ უზარმაზარ მაგიდებთან მჯდომი პუტინი). ვფიქრობ, რომ თუ კუთხეში მიიმწყვდევენ, სავარაუდოდ, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მაგრამ თუ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მას მხიარული, ლიბერალურად მოაზროვნე ახალგაზრდა არ ჩაანაცვლებს, ეს შეიძლება უარესიც კი აღმოჩნდეს. პუტინის ნაცვლად ხელისუფლების სათავეში მოსულ ადამიანს წითელ ღილაკზე თითის დაჭერამ შეიძლება სიამოვნებაც კი მოჰგვაროს.
სავსებით შესაძლებელია, რომ ევროპის დიდი ნაწილი რადიოაქტიურ სასაფლაოდ გადაიქცეს, ხოლო ამერიკელთა საპასუხო დარტყმამ (რომელიც იქნება მძვინვარე და ძლიერი) სამყარო საშინელ შედეგებამდე მიიყვანოს, რასაც მოჰყვება ომისთვის დამახასიათებელი დანაკარგები, უკუსვლა, შავი ჭირი და სიღარიბე. თუ მოვლენები ასე განვითარდება, შესაძლოა უფრო მეტმა ადამიანმა ისურვოს იმის გარკვევა თუ რა იყო ამის დაწყების მიზეზი.
ჰიტჩენსის თქმით, ამერიკელები ათასობით მილის დაშორებით იმყოფებიან იმ ადგილიდან, რომელიც ბრძოლის ველი გახდება თუ ეს ომი უფრო ფართო სახეს მიიღებს და, ღმერთმა არ ქნას, რომ ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ (და აშშ-მა) სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. ამის თქმა პუტინისტობას არ ნიშნავს, მაგრამ მათ, ვისაც ომი უნდა, რა თქმა უნდა, ისურვებდნენ, რომ ეს დაგეჯერებინათ“.
„გარდიანის“ მიმომხილველი საიმონ ტისდალი წერს: „ევროპამ უნდა იბრძოლოს. ნელ-ნელა გააცნობიერეს. ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დასავლური ქვეყნების უმეტესობა საბოლოოდ მიხვდა, რომ ომი, რომელსაც კიევი გადარჩენისთვის აწარმოებს, მათი ომია. უკრაინისთვის ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ისევე როგორც ევროპული დემოკრატიისთვის, უფლებებისა და ღირებულებებისთვის. ეს არის ბრძოლა ფაშიზმისა და იმპერიალიზმის ისტორიული ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც განასახიერებს ვლადიმირ პუტინი, ჩვენი დროის დიქტატორი. ევროპამ უნდა იბრძოლოს. მას არჩევანი არ აქვს.
ასეა, ეს!
ესკალაციის, თუნდაც ბირთვული კონფლიქტის მიმართ შიშს, რომელსაც ყველაზე ხშირად გერმანიის მთავრობა გამოთქვამს, ყოველდღიურად წონის იმ საშინელება, რომელიც დაკავშირებულია პუტინის მოწყობილ დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტასთან“.
ეს სიგიჟეა. რა საშინელებასაც უნდა უკეთებდნენ რუსები უკრაინას, ბირთვული ომის საშინელებას მაინც ვერ შეედრება. არავინ მოელის, რომ უკრაინა რუსებს დანებდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ომის შესაჩერებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. ამის ნაცვლად, ახლა ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ მხარი დაუჭირონ კიევის უგუნურ იდეას, რომელიც ყირიმის ხელახლა დაპყრობას გულისხმობს. ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განლაგებული. საიმონ ტისდალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მემარცხენე დედაქალაქელების სახელით საუბრობს, ამბობს, მე არ ვხუმრობ, რომ ჩვენ რუსეთთან ტოტალური ომი უნდა ვაწარმოოთ: „ევროპა მიზნის მისაღწევად კონტრიერიშზე უნდა გადავიდეს, თუნდაც დაუშვას იმის რისკი, რომ ეროვნული შეიარაღებული ძალები უშუალოდ ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში. გასულ კვირას მომხდარი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, რაც კიევისთვის გერმანული მაღალტექნოლოგიური ტანკების (Leopard 2) გაგზავნას უკავშირდება, იარაღით მომარაგების თაობაზე წინა უშედეგო დისკუსიებს ჰგავს. უკრაინელები ყველა ჩვენგანის ნაცვლად ომობენ. ასე რომ, რატომ უნდა შევუკრათ ხელები?
აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები უფრო რეალურად აფასებენ რუსეთისგან მომდინარე ფიზიკურ საფრთხეს, რადგან ეს მათი ისტორიისთვის უცხო არ არის. მათ უნდათ, რომ ნატომაც გააგზავნოს საბრძოლო თვითმფრინავები. მათი თქმით, გასულ გაზაფხულს ფრთხილ დასავლურ ალიანსს ასეთი იარაღი რომ განეთავსებინა, შეიძლება დღეს განსხვავებული სიტუაცია ყოფილიყო. ეს არის ის კითხვაა, რომელიც ნატოს დე ფაქტო ხელმძღვანელმა, ჯო ბაიდენმა, საკუთარ თავს უნდა დაუსვას, რადგან იგი ისევ ყოყმანობს…“
ეს ადამიანები მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას აპირებენ. პიტერ ჰიტჩენსის გარდა ვინ საუბრობს ხმამაღლა, რომ ისინი შეაჩერონ?
რატომ უნდა ენდოს საფრანგეთი და გერმანია ვაშინგტონს? სწორედ ამ ადამიანებმა დაიწყეს ერაყსა და ავღანეთში ომი და პასუხი დღემდე არ უგიათ. ისინი კვლავ აჟღარუნებენ იარაღს.
როდ დრეერი გამოცემა The American Conservatives-ის მთავარი რედაქტორია, რომელსაც ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი რამდენიმე ბესტსელერის ავტორიცაა. როდ დრეერი ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ რუჟში ცხოვრობს.
წყარო: https://is.gd/MhabRx