რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

თანამედროვე ქართული ციხე – მიუღწევად ოცნებად რჩება ამერიკის პენიტენციური ჯოჯოხეთის პატიმრებისთვის

0

გასულმა კვირამ ორი საინტერესო ფაქტით დაგვამახსოვრა თავი: 1) გაირკვა, რომ პატიმარ სააკაშვილის ოჯახმა ორთვიანი კონტრაქტი გააფორმა ცნობილ ამერიკელ PR-მენეჯერ კრისტოფერ ჰარვინთან – რომელმაც საერთაშორისო მედია სივრცის მეშვეობით მსოფლიოს უნდა აუწყოს, თუ როგორ „სპობს“ და „კლავს“ საქართველოს „დაუნდობელი და არაადამიანური“ პენიტენციური სისტემა „მომაკვდავ პოლიტპატიმარს“ და 2) აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა აწ უკვე „ვადაგასულ“ ნინო ლომჯარიას – „ჩემპიონი“ უწოდა. ვინაიდან ორივე თემა – პირდაპირ ეხება ქვეყნის იმიჯისა და ღირსების განზრახ შელახვას და კერძოდ, გადის ქართული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციაზე, გადავწყვიტე მომეძებნა და შემესწავლა ლომჯარიას ამერიკელი კოლეგების საქმიანობა, „სანიმუშო“ და „მისაბაძ“ ამერიკულ ციხეებში არსებული ვითარების შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. და მე ასეთი ადამიანები ვიპოვე: „აშშ-ს რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი – მირა ტერადა და ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“-ს უფროსი – პოლ რაიტი. ასე რომ, გადავწყვიტე ქართველი „ჩემპიონებისაგან“ ქალბატონი კელის ყურადღების დროებით გადატანა მის თანამემამულე – რეალურ ჩემპიონებზე.

აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის ამსახველი 2022 წლის ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა, მოგვიწევს გასული წლის მონაცემებს დავეყრდნოთ – არა მგონია რამოდენიმე თვეში რამე შეცვლილიყო, თუ არა გაუარესების მისამართით. „რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელმა მირა ტერადამ, ამერიკელ უფლებადამცველ პოლ რაიტთან ერთად გამოიძია აშშ-ს პენიტენციალური სისტემის პრაქტიკაში არსებული შოკისმომგვრელი ფაქტები: არაადამიანური მოპყრობა, ამაზრზენი წამება, მკვლელობა და მტკიცებულებების იძულებითი მეთოდებით გამოძალვა უდანაშაულო ადამიანებისგან. პოლ რატის ორგანიზაცია მუშაობს შეერთებული შტატების მასშტაბით, ფედერალურ და კერძო ციხეებში სასჯელმისჯილი პატიმრების უფლებების დაცვაზე. პოლ რაიტი ამ სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი უფლებადამცველია, რომელიც საფუძვლიანად არის გათვითცნობიერებული ამერიკული ციხეების სისტემის ფუნქციონირებაში და ათწლეულების განმავლობაში მუშაობს ამ სფეროში. მისი ორგანიზაცია ყოველთვიურად აქვეყნებს პერიოდულ ჟურნალს Prison Legal News, 150 000-ზე მეტი ადამიანის ყოველთვიური აუდიტორიით, რომლის ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ შეერთებული შტატების თითქმის ყველა ციხეში.

შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5%, მაგრამ ამერიკული ციხეები იტევს მსოფლიოს პატიმრების მთლიანი ოდენობის 25%-ს: შეერთებულ შტატებში 70 ზრდასრული ადამიანიდან – 1 ციხეშია. ამას თუ დავამატებთ ვადამდე პირობითად გათავისუფლებულთა რაოდენობას, რაც სახელმწიფო კონტროლის კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს, ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, შესაბამისად ყოველ 30 ზრდასრულ ადამიანზე ჩვენ 1 მსჯავრდებულს მივიღებთ. რაც შეეხება პირობებს, რომლებშიც პატიმრები იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, როგორც წესი, ეს შეფასება მერყეობს „საშინელიდან“ – „ბარბაროსულამდე“, ხოლო სამედიცინო დახმარების დონე – შემზარავია. ამერიკელი უფლედამცველების აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ ამერიკული საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც თუნდაც საახლობლოს დონეზე, შეხება არ ჰქონია ციხესთან – პრაქტიკულად არაფერი არ იცის იქ არსებული პირობების შესახებ და შესაბამისად, არანაირ ცვლილებებს არ ითხოვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პატიმართა რაოდენობა და მათი განთავსების პენიტენციური სისტემა, შეერთებულ შტატებში ბოლო 40 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა – რიგ შემთხვევაში 500%-ით.

კატასტროფას წარმოადგენს ციხეების მოსამსახურე პერსონალის დაუსჯელობის დონე, რომლებიც სრული სამართლებრივი განუკითხაობის პირობებში მოქმედებენ პატიმრებთან მიმართებაში და არაადამიანური მოპყრობის ყველა ფორმას მიმართავენ. ამ დარღვევების ჩამდენი ადამიანების სრული დაუსჯელობა, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მახასიათებელს, რომელიც განასხვავებს შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან. როდესაც ლოგიკურად გეჩვენება, რომ პატიმრის მკვლელობის ჩამდენი სასჯელაღსრულების ოფიცერმა როგორც მინიმუმ, სამსახური მაინც უნდა დაკარგოს – შეერთებულ შტატებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასე არ ხდება. რაც უფრო მაღალია ადამიანის თანამდებობა, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მას რაიმე ფორმით პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამერიკელ უფლებადამცველთა აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა ხელი არ მოაწერა „წამების წინააღმდეგ კონვენციას“. „წამების წინააღმდეგ კონვენციის“ ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემას უნდა შეეძლოს წამების საჩივრების განხილვა, ასევე დამნაშავეების სამართლებრივი დევნა. თუმცა, შეერთებული შტატები ამ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. გარკვეულწილად, ამ კონვენციასთან მიერთება საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობის მექანიზმების ჩართვას შეუწყობდა ხელს, მაგრამ პრაქტიკაში შეერთებული შტატები მხოლოდ დეკლარირებულად სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, თუმცა თავის ძალისხმევას არ იშურებს სხვა ქვეყნების კრიტიკაში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შეერთებულ შტატებს ასხვავებს დანარჩენი მსოფლიოსგან, არის პატიმრობის ვადა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არსებობს გარკვეული ზედა ზღვარი პატიმრებოს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით – მაგალითად 15 ან 20 წელი. აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში დღეს 200 000-ზე მეტ პატიმარს მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა – რომლებიც ციხეს ცოცხლები ვერასოდეს დატოვებენ. ცალკე უბედურებაა – კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დონე. ციხის „მობინადრეთა“ ძალიან დიდ პროცენტს შეადგენენ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები და ხშირად მათ არ უტარდებათ არანაირი სამედიცინო დახმარება. საუბარია ფსიქიკური დაავადების ისეთ სერიოზულ ფორმებზე, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, პარანოია, შიზოფრენია და მსგავსი რამ. ზოგიერთ შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების არა თუ დროული, არამედ – ზოგადად, არ აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს ცალკეული პატიმრების წამების გარკვეულ აპრობირებულ ფორმად, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არის გამოწვეული პატიმრის მიმართ ტოტალური გულგრილობით, ვინაიდან მას არ თვლიან სრულყოფილ ადამიანად. პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს არ აინტერესებთ პატიმრები იცოცხლებენ თუ მოკვდებიან.

ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რის გამო ამერიკელი პატიმრები იღუპებიან: ჰიპერტენზია და დიაბეტია. გარდა ამისა, ამერიკელი პატიმრები დიდი რაოდენობით იღუპებიან არა რომელიმე „ეგზოტიკური“, იშვიათი თუ უკურნებელი სენით, არამედ ისეთი “ბანალური“ შემთხვევებისაგან, რომელთა მკურნალობაც ციხის გარეთ მარტივად და სწრაფად შეიძლება. ის რომ ამერიკული პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახური კლავს და არა კურნავს – არის ყველაზე აშკარა და ამაზრზენი საფრთხე, რომელიც ეხება ამერიკელი პატიმრების დიდ უმრავლესობას. ასევე დიდი პრობლემაა ამერიკულ ციხეებში – თვითმკვლელობის დონე, რაც გამოწვეულია უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზოგადი განცდით, რომელიც სუფევს ამერიკულ ციხეებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდია იმ პატიმართა პროცენტი, რომლებიც არასოდეს გათავისუფლდებიან და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ციხეში მოკვდებიან, ან სიბერისგან, ან ავადმყოფობისგან, ან ძალადობისგან.

გარდა ამისა, გამოცემა Assosiated press-ის თანახმად, აშშ-ს ციხეების ფედერალური ბიურო რჩება ქვეყანაში მექრთამეობის, კორუფციისა და საკანომდებლო გადაცდომების ლიდერ-ორგანიზაციად. აშშ-ს “განაჩენების გადახედვის ეროვნული რეესტრის” 2022 წლის 11 იანვრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1989 წლიდან შეცდომით განაჩენი გამოუტანეს 2933 ადამიანს, რომელთა უკანონო სასჯელის საერთო ოდენობამ შეადგინა – 25600 წელიწადი. ამასთან ერთად – აშშ-ს 14 შტატში დღემდე არ არსებობს მსგავს შემთხვევებში საკომპენსაციო ანაზღაურების სამართლებრივი ბაზა. არაადამიანური მოპყრობის სიმბოლოა – გუანტანამოს სამხედრო ციხე, სადაც მისი დახურვის არაერთი წინასაარჩევნო პირობის მიხედავად, ჯოჯოხეთურ პირობებში კვლავინდებურად იხდის სასჯელს 39 პატიმარი და ასევე სიკვდილით დასჯის ჯერ კიდევ მოქმედი პრაქტიკა – რაც ცალკე საუბრისა და განხილვის თემაა. ამასობაში კი, საკუთარ თვალში დირეს ვერ შემჩნეველი, ხოლო ჩვენს თვალში – ბეწვის აღმომჩენი, სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ამერიკელი PR-მენეჯერი უკვე შეუდგა ცილისწამებლური პასკვილების გავრცელებას მსოფლიო მედიასაშუალებებში იმის შესახებ, თუ როგორ „იტანჯება“ და ითხოვს „შველას“ რეალურად კომფორტულ პირობებში და მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში მყოფი სააკაშვილი…