დავით ქართველიშვილი
კიდევ ერთი ტექტონური ბზარი?
თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის ინფორმირულობაზე მუშაობენ უმსხვილესი მედიამაგნატები, რომელთა მფლობელობაშია ამ მიზნებისთვის ყველაზე კარგად მორგებული სოციალური ქსელები და კლასიკური ტელე-რადიო-ბეჭდვითი საშუალებები. ამავდროულად, ადამიანის ცნობიერებაზე არა მხოლოდ მასობრივი ინფორმირებულობის, არამედ მისი დეზინფორმირებულობის მიზანმიმართული შტურმის განხორციელების რისკებიც იზრდება. აღნიშნული რისკების მკაცრი სამართლებრივი შეზღუდვის, შესაბამისი საგანმანათლებლო რეფორმების გატარების გარეშე – ადამიანის ცნობიერებაზე ფეიკ-ინდუსტრიის გამანადგურებელი ძალადობის შეჩერება წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანი, მოკლებული საკუთარ თავში ანალიტიკური, ასოციაციური და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების საფუძვლებს – რომლებსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მას უყალიბებდა წიგნი, კითხვის კულტურა, ტექსტთან ვერბალური, ემოციური, ტაქტილური და ცნობიერი ურთიერთობა – ფაქტიურად იმ „ღრუბელს“ დაემსგავსა, რომელიც ადვილად ისრუტავს პროფესიონალი მანიპულატორის ხელში შეთხზულ სადეზინფორმაციო პროდუქტს, შთანთქავს მას და ხშირ შემთხვეაში, „ქსელური მარკეტინგის“ პრინციპით, მისი პოპულარიზატორი და გამავრცელებელი ხდება.
ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, სწორედ ამაზე გაამახვილა თავისი ყურადღება: თანამედროვე ქართული სკოლა მოკლებულია მოზარდებში ანალიტიკური აზროვნების შემუშავების „ილეთების“ შემოღებას – განსაკუთრებით „მათემატიკურ საგნებში“. ანალიტიკური აზროვნება ზოგადი გაგებით არის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად, არსებული ინფორმაციის ლოგიკური ანალიზი და ამ კონტექსტში ტერმინი მოიცავს: ა) ინფორმაციის დაყოფას მარტივ კომპონენტებად, ბ) ამ კომპონენტებისა და მთლიანი ინფორმაციის სრულ და ყოვლისმომცველ გააზრებას, გ) მეხსიერებიდან და ლოგიკური დასკვნების საფუძველზე, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, დ) ოპტიმალური შედეგის მისაღწევად ყველა არსებული ვარიანტის გარჩევა/გაანალიზებას. გამარტივებული, SMS-ს აზროვნების დონეზე (რასაც უნერგავენ ახალგაზრდებს სხვადასხვა „ჩა-tik-tok-ებული“ ფორმატები) ამის გაკეთება ძალიან ძნელია. მაღაზიაში „დაჭრილი პურის“ გაყიდვის ეპოქაში, შესაძლოა „დაუჭრელი პური“ სერიოზულ პრობლემად იქცეს თანამედროვე ადამიანისთვის, საკვების ასეთი ფორმით შემოთავაზების დროს.
ეს პრობლემა დღეს უკვე საერთაშორისო ხასიათს ატარებს. ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, ამერიკულ ოჯახთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას სურს, რომ მათ შვილებმა დამწყებ კლასებიდანვე მათემატიკა ისწავლონ ე.წ. „საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემით“ – მიაჩნიათ, რომ ეს მათ შვილებს უპირატესობას მისცემს შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. შეერთებულ შტატებში „საბჭოთა სისტემით“ მათემატიკის შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაში გაქცეული რუსი ემიგრანტების შთამომავალი, ალექსანდრე კოლჩინსკი თავის სასწავლებელ – Russian Math Tutors-ში. ამრიგად, კოლჩინსკის საგანმანათლებლო კომპანია ჰპირდება ბავშვებს მდიდარი ამერიკული ოჯახებიდან, რომ მათ ასწავლის მათემატიკას იმ საბაზისო პრინციპების მიხედვით, რომლებიც სსრკ-ს ჰქონდა შემუშავებული მაშინ, როდესაც საბჭოთა იმპერია ჩართული იყო კონკურენტულ კოსმოსურ რბოლაში ამერიკასთან და მას სჭირდებოდა უმაღლესი რანგის მეცნიერები და ინჟინრები.
კომპანია პირდება თავის შეგირდებს სწავლების ისეთ სტილს, რომელიც განავითარებს მათში ანალიტიკურ მსჯელობას, კრიტიკულ პრინციპებს, ასოციაციურ და აბსტრაქტულ აზროვნებას, რისთვისაც იმავე ალგებრის სწავლებას იწყებენ ბავშვების ადრეული ასაკიდან. მისი სკოლის წარმატება უკვე მრავალ ამერიკულ ოჯახს აძლევს იმედს, რომ ეს დაეხმარება მათ შვილებს დაიკავონ მათთვის კუთვნილი ადგილი აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ”ჩვენს სწავლებაში ჩვენ ვიყენებთ რეალური სამყაროს მათემატიკას, ვცდილობთ ავუხსნათ სტუდენტებს არა მხოლოდ ასეთი მათემატიკის არსი, არამედ რატომ ვსწავლობთ მას”, – აცხადებს კოლჩინსკი. მისი თქმით, სასწავლო პროგრამა ეფუძნება საბჭოთა სახელმძღვანელოებს, რომლებიც მისმა კომპანიამ საგულდაგულოდ თარგმნა. ანალოგიურ დასაბუთებას გვთავაზობს ბოსტონში დაფუძნებული რუსული მათემატიკის სკოლა RSM (Russian school of mathematics), რომელიც ასევე საბჭოთა კავშირიდან ლტოლვილებმა დააარსეს. ისინი მათემატიკას უწოდებენ “ნავიგატორს ცხოვრების გარდაუვალ გაურკვევლობაში” და მოუწოდებენ თავიანთ სტუდენტებს, სწორედ ასეთი თვალსაზრისით განიხილავდნენ ამ საგანს.
როგორც ამას The Times აღნიშნავს, სულ უფრო მეტი ამერიკული ოჯახი ირჩევს შვილებისთვის მათემატიკის სწავლების საბჭოთა მოდელს. ამ დღეებში მანჰეტენის კერძო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა გაზეთ „ნიუ იორკ პოსტს“ შესჩივლა კიდეც, რომ ის სტუდენტები, რომლებიც საბჭოთა პროგრამით სწავლობენ, „უარყოფით გავლენას“ ახდენენ კლასის სხვა მოსწავლეებზე, აკომპლექსებენ მათ და უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ, იმდენად დიამეტრალურად განსხვავებულია მათი აზროვნებითი განვითარების დონე. ალექსანდრე კოლჩინსკი თვლის, რომ შეერთებულ შტატებში საბჭოთა სტილის მათემატიკის განათლებაზე დინამიური მოთხოვნა აიხსნება ასევე მათემატიკური ოლიმპიადების მზარდი პოპულარობით. მისი თქმით, სხვადასხვა საგნებში ოლიმპიადები „საბჭოთა კავშირის კულტურისა და საგანმანათლებლო სისტემის ძალიან დიდი ნაწილი იყო“ და ახლა ასეთი შეჯიბრებები უკვე მთელ შეერთებულ შტატებში ტარდება. ამ მხვრივ – ყოველივე „საბჭოურის“ სტიგმატიზაცია და დემონიზირება, ასევე გარედან შემოგდებული მავნებლობაა, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც ძალიან კარგად შეუძლიათ შავისა და თეთრის, ბოროტებისა და სიკეთის გარჩევა. როგორც ჩანს – ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის მიგნება ერთ-ერთ ცალკე აღებულ სფეროში, არანაირ დისკომფორტს არ იწვევს.