ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი „ტვიტერის“ მესამე შოუში გვიყვება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის „მოსისხლე მტერი“ გახდა და მისთვის წაყენებულ ბრალდებებს მკაცრად აკრიტიკებს.
15 ივნისი, 2023 წ.
სამშაბათს ღამით ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ბრალი იმიტომ წაუყენეს, რომ გაბედა, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს წინააღმდეგობა გაუწია და საერთაშორისო კონფლიქტებში ამერიკის როლი საეჭვოდ მიიჩნია.
კარლსონის თქმით, ვაშინგტონში მოკალათებულმა ელიტამ „ტრამპის თავიდან მოშორება“ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საგარეო ომებში მონაწილეობა არ მიიღო და სადაზვერვო სამსახურები ტყუილის თქმაში დაადანაშაულა, ვითომც ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა.
„ეს 2016 წლის 16 თებერვალს დაიწყო“, − განაცხადა კარლსონმა და რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო დებატებზე მიუთითა, რომელიც სამხრეთ კაროლინის ქალაქ გრინვილში გაიმართა.
„ამ დღის შემდეგ დონალდ ტრამპი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაციის − ფედერალური მთავრობის, მოსისხლე მტერი გახადა“.
„ფოქს ნიუსის“ (Fox News) ყოფილი წამყვანის ინფორმაციით, ტრამპი იმ დღიდან „აითვალწუნეს“, როდესაც აშშ-ის ერაყში შეჭრა დაგმო და სამხრეთ კაროლინის მოსახლეობას უთხრა: „მათ იცრუეს. მათ იცოდნენ, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი არ ჰქონდა“.
„შვიდწელიწადნახევრის შემდეგ შეგვიძლია ზუსტად მივუთითოთ ის დრო, როდესაც ვაშინგტონმა დონალდ ტრამპის ციხეში გამომწყვდევა გადაწყვიტა“, − დასძინა კარლსონმა.
შეგახსენებთ, რომ Fox News-მა ტაკერ კარლსონი აპრილის მიწურულს გაათავისუფლა. ტელევიზია ამჟამად სამართლებრივ ზომებს მიმართავს, რათა „ტვიტერზე“ (Twitter) მისი მაუწყებლობა შეაჩეროს. Fox-ი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კარლსონს 2025 წლამდე შოუს წაყვანის უფლება არ აქვს, სანამ მისი კონტრაქტი არ ამოიწურება.
P.S.: რამდენიმე დღის წინ ჯორჯიის შტატში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ დაკნინებული ერი ვართ და ამ რადიკალ მემარცხენე გიჟებს სამართალდამცავების გამოყენებით ჩვენს არჩევნებში ჩარევა სურთ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ოდესმე ჩაგვიტარებია!“