ამ ტრანზაქციის ჯამური ფასი დაახლოებით 3,25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს „იუბიესის“ აქციებით
გარიგება ევროპისა და მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებს დიდ დახმარებას გაუწევს.
UBS-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯამური ფასი შეადგენს 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს, რაც დაახლოებით 3,25 მილიარდი აშშ დოლარია UBS-ის აქციებით.
ამ გარიგების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ „სილიკონ ველისა“ და კიდევ რამდენიმე ამერიკული რეგიონალური ბანკის გაკოტრების შემდეგ მსოფლიო საბანკო სფეროში თავიდან აიცილონ შემდგომი აურზაური.
„ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შვეიცარიის ეკონომიკის დასაცავად ამ განსაკუთრებულ სიტუაციაში გამოსავალი UBS-ის მიერ Credit Suisse-ის დაპატრონებით იპოვეს“, ნათქვამია შვეიცარიის ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ეს გარიგება შვეიცარიის ფედერალური მთავრობის, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობითი ორგანოსა (FINMA) და შვეიცარიის ეროვნული ბანკის მხარდაჭერით შედგა.
ცენტრალურმა ბანკმა ისიც განაცხადა, რომ UBS-სა და Credit Suisse-ს ლიკვიდაციის დასახმარებლად შეუძლიათ დაახლოებით 100 მილიარდი ფრანკის ღრიებულების სესხი მიიღონ.
ამ გარიგების უზრუნველყოფად, სანამ ორშაბათს ბაზრები გაიხსნებოდა, შვეიცარიის ხელისუფლებამ დააკორექტირა კანონები, რათა შვეიცარიის ცენტრალურ ბანკს ნება მისცემოდა ლიკვიდურობის მოსამზადებლად, იმ დროს, როცა მთავრობა დამატებითი გარანტიების მიცემას დათანხმდა.
Credit Suisse-ის სწრაფ გადარჩენას მიესალმნენ ევროპის ცენტრალური ბანკი და შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა.
შვეიცარიის ხელისუფლების „სწრაფი ქმედება“ „მნიშვნელოვანია ბაზრის ორგანიზებული პირობების აღდგენისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა.
167 წლის წინ დაარსებული Credit Suisse-ი, რომლის აქციები ბოლო 12 თვის განმავლობაში 75 პროცენტიც დაეცა, არაერთ სკანდალში იყო გარეული, რამაც მის მიმართ ინვესტორებისა და კლიენტების ნდობა შეარყია. ამრიგად, შვეიცარიული გიგანტი, რომელიც გლობალურ ფინანსურ სისტემაში შემავალ 30 ყველაზე მნიშვნელოვან ბანკს შორის მოიაზრება, საბანკო სფეროში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა, როდესაც „სილიკონ ველის“ გაკოტრებამ საბანკო კრიზისის შიში გააჩინა.
წყარო: https://is.gd/RyAiWR | https://is.gd/y86Eu2