შვეიცარია ევროკავშირს მხარს უჭერს, თუმცა ამავდროულად ნეიტრალიტეტსაც იცავს
7 ივლისი, 2023 წ.
შვეიცარიამ საბოლოოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ძველი გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკების (Leopard 1A5) შესაძლო გაყიდვის შესახებ, რომლებიც უწინ იტალიის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა: საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, შვეიცარია უკრაინას ამ ტანკებს არ მიჰყიდის.
მაშინ, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნებაყოფლობით ან ზემოქმედებით მხარს უჭერდნენ სანქციებს და უკრაინას დახმარებასა და იარაღს უგზავნიდნენ, შვეიცარიამ ამაზე უარი განაცხადა და თავისი ისტორიული კონსტიტუცია მოიშველია, რომლის თანახმად შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა.
ასე იყო მაშინაც, მაგალითად, როდესაც ბრიუსელი აქტიურად ცდილობდა რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციასა და მათ უკრაინაში გაგზავნას. შვეიცარიაში ნათლად განმარტეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეხებოდნენ 8,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსულ აქტივებს, რომლებიც ამჟამად ინახება და გაყინულია, რადგან მათი სამართლებრივი სისტემა, როგორც შვეიცარიის საბანკო ფედერაციის, ისე მთავრობის, კომპენსაციის გარეშე კრძალავს ლეგიტიმური წარმოშობის კერძო აქტივების ექსპროპრიაციას. ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება შვეიცარიის კონსტიტუციას და არღვევს შვეიცარიის საერთაშორისო ვალდებულებებს.
მსგავსი ვითარება შეიქმნა იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებითაც. მზარდი საერთაშორისო ზემოქმედების მიუხედავად, ასწლეულების წინ შვეიცარიაში მიღებული კანონების თანახმად, ამ სახელმწიფოს ეკრძალება ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის გაგზავნა, ასევე მესამე ქვეყნისთვის, რომელიც შემდეგ ამ იარაღს მეომარ მხარეს გადასცემს. ჩიხურ სიტუაციას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნეიტრალური სახელმწიფოები ომის მონაწილე ყველა მხარეს თანაბრად უნდა მოექცნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბერნი მოსკოვის წინააღმდეგ იარაღით ვაჭრობის აკრძალვას შეუერთდება, ვალდებულია იგივე მიდგომა უკრაინის მიმართაც გამოიყენოს.
2016 წელს შვეიცარიულმა სამხედრო კონტრაქტორმა Ruag-მა იტალიის არმიისგან 96 გამოუსადეგარი Leopard 1A5-ი შეიძინა, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩამოსულა და არც შვეიცარიის თავდაცვის ძალებს გადასცემია საკუთრებაში. Ruag-ს „ლეოპარდები“ აღდგენის მიზნით გერმანიისთვის უნდა მიეყიდა და შემდეგ უკრაინაში გაეგზავნა. თუმცა შვეიცარიამ თავიდანვე ჩაშალა ეს გეგმა და განაცხადა: „ფედერალურმა საბჭომ დაასკვნა, რომ შვეიცარიის ამჟამინდელი კანონმდებლობით 96 ტანკის გაყიდვა შეუძლებელია. ეს ნეიტრალიტეტის პოლიტიკიდან გადახვევა იქნება“.
https://rmx.news/defense/switzerland-blocks-shipment-of-german-tanks-to-ukraine/