პოლიტიკასხვადასხვა

შვეიცარია, ისევე როგორც ავსტრია და უნგრეთი, უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უარს ამბობს

0

შვეიცარია  საკუთარ იარაღს თუნდაც გაანადგურებს, მაგრამ უკრაინას არ გადასცემს
უკრაინაში იარაღის გაგზავნის შესახებ მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, შვეიცარია ჩამოწერილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანადგურებს, მაგრამ კიევს არ გადასცემს. შვეიცარიაში ამბობენ, რომ იარაღის გაგზავნა ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას არღვევს, რაც ამ ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში ომის თავიდან არიდებაში დაეხმარა.
გარდა იმისა, რომ იარაღის გაგზავნაზე უარი განაცხადა, შვეიცარიამ სხვა ქვეყნებს კონფლიქტის დროს შვეიცარიული წარმოების იარაღის გადაცემაც აუკრძალა.
1980-იან წლებში შვეიცარიამ დიდი ბრიტანეთისგან მიწა-ჰაერის სარაკეტო კომპლექსი „რაპირა“ (Rapier) შეიძინა. დღესდღეობით ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 60 მოქმედი 60 Rapier SAM-ი აქვს, თუმცა SAM-ების პირველი პარტია უკვე ჩამოწერეს. შვეიცარიამ ეს რაკეტები მოძველებულად ჩათვალა და მათი ექსპლუატაციიდან ამოღება გადაწყვიტა. თუმცა უკრაინამ ამ იარაღის გადაცემა მოითხოვა, რადგან კიევში ფიქრობენ, რომ მათ რუსული ავიაციის, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უნგრული საინფორმაციო გამოცემა „მანდინერი“ (Mandiner), რომელიც შვეიცარიულ მედიას ეყრდნობა.
გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც შვეიცარიას უკრაინაში იარაღის გაგზავნისკენ მოუწოდებს. ბერლინი შვეიცარიას ბრძოლის ველზე „ლეოპარდების“ გაგზავნას სთხოვს, რათა „უკრაინაში ტანკების მიწოდებით გამოწვეული დეფიციტი აღმოიფხვრას“. როგორც უნდა იყოს, შვეიცარიამ უკვე დაბლოკა საკუთარი იარაღისა და საბრძოლო მასალების  უკრაინაში ექსპორტი, რადგან მიაჩნია, რომ სამხედრო დახმარება მისი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
შვეიცარია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. მისი მეზობელი ავსტრიაც, რომელიც ოფიციალურად ნეიტრალური სახელმწიფოა, უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უარს ამბობს. იარაღის მიწოდებაზე უნგრეთიც უარს აცხადებს.
თებერვალში ვიქტორ ორბანმა ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში შვეიცარიაც მოიხსენია, როდესაც ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას განმარტავდა.
უნგრეთი ამჯობინებდა, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა და შვეიცარიის პოზიცია დაეკავებინა, თუმცა რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვე ამის ფუფუნებას არ იძლეოდა.
„მოდით, განვმარტოთ, რომ უნგრეთისთვის ნატოში გაწევრიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ აღმოსავლეთში ვართ, ძალიან შორს, დასავლური სამყაროს აღმოსავლეთ კიდეზე ვიმყოფებით, რათა ამაზე უარი გვეთქვა. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა მოშორებით რომ ვყოფილიყავით (დასავლეთში). ავსტრიისა და შვეიცარიის მაგალითზე შეგვიძლია ნეიტრალიტეტის იდეით თამაში, თუმცა ისტორიამ ეს ფუფუნება არ გვიბოძა. ნატო თავდაცვითი ალიანსია, სამხედრო, თავდაცვითი ალიანსი, რომელიც ერთმანეთის დასაცავად შეიქმნა. სწორედ ამიტომ გავწევრიანდით ამ ალიანსში და 45-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გაწევრიანების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ისტორიული კმაყოფილება ვიგრძენი“, – განაცხადა ორბანმა.
შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება და ქვეყნის ნეიტრალიტეტზე მიუთითებს
გასულ სამშაბათს შვეიცარიის პრეზიდენტმა, ალენ ბერსემ, დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის იარაღის გაგაზავნას კვლავ შეეწინააღმდეგება, რადგან შვეიცარია კონსტიტუციურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
ბერსემ, რომელმაც პრეზიდენტის სავარძელი 2023 წლის 1-ლ იანვარს დაიკავა, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ქვეყნის ვალდებულება უზრუნველყოს უკრაინა ჰუმანიტარული დახმარებით და გააგრძელოს რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა. ბერსემ უარყო მოსაზრება თითქოს მისი ქვეყანა უკრაინას პირდაპირ აწვდის იარაღს ან მისი რეექსპორტის საშუალებას იძლევა.
„შვეიცარიაში მოქმედები სამართლებრივი ჩარჩო იარაღის ექსპორტის შესახებ დისკუსიის საშუალებას არ იძლევა“, – განუცხადა ალენ ბერსემ ჟურნალისტებს გაეროში გამართული კულუარული შეხვედრებისას.
„მთავრობისა და ფედერალური საბჭოსთვის ჩვენ უნდა და გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ეს სამართლებრივი ჩარჩო და ვიმუშაოთ ამ სამართლებრივ ჩარჩოში“, – დასძინა პრეზიდენტმა.
გასულ ხუთშაბათს შვეიცარიის პრეზიდენტი პირველად შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას. ბერსემ ზელენსკისთან საუბარში დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და იმსჯელა „უკრაინის მიმართ შვეიცარიის მტკიცე ჰუმანიტარული ვალდებულების შესახებ“ და მიუთითა 115 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტზე, რაც ქვეყანაში განაღმვით სამუშაოებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას უნდა მოხმარდეს.
„შვეიცარია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს“, – დასძინა ბერსემ.
შვეიცარიაში მოქმედი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის თანახმად, ადგილობრივი წარმოების იარაღისა და საბრძოლო მასალების მეომარი ქვეყნებისთვის პირდაპირი მიწოდება დაუშვებელია, თუმცა ზოგიერთ შვეიცარიელ პარლამენტარს სურს, რომ ქვეყანამ მწვანე შუქი აუნთოს უკრაინაში დასავლელი მოკავშირეებისთვის ადრე მიყიდული იარაღის რეექსპორტს.
„შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა და ასეც დარჩება, თუმცა არსებულ ვითარებაში ფაქტობრივად ხელს ვუშლით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით“, – განაცხადა გასულ თვეს ლიბერალმა პოლიტიკოსმა ტიერი ბურკარტმა.
შვეიცარია ჯერჯერობით ხელს არ აწერს გერმანიასა და ესპანეთიდან იარაღის რეექსპორტის მოთხოვნებს. პრეზიდენტ ბერსეს ბოლო შენიშვნები იმაზე მიუთითებს, რომ შვეიცარია ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს შეიკავებს.