პოლიტიკასხვადასხვა

შვედეთი: სტოკჰოლმში NATO-სა და ანტიტერორისტული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება

0

9 ივნისი, 2023 წ.

ორი კვირის წინ NATO-ს წინააღმდეგ მიმართული მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის მარშის დროს ბულგარელმა დემონსტრანტებმა ქვეყნის დედაქალაქ სოფიაში ევროკავშირის შენობა დაარბიეს. გასულ უქმეებზე კი სტოკჰოლმის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი და ახალი ანტიტერორისტული კანონი გააპროტესტა. დემონსტრაცია სახელწოდებით „არა NATO-ს, არა ერდოღანის კანონებს შვედეთში“, 4 ივნისს გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მისი აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა.

აქციის ინიციატორი ორგანიზაცია „ალიანსი ნატოს წინააღმდეგ“ (Alliance Against NATO) იყო, რომელიც სხვადასხვა პროქურთული ჯგუფებისგან შედგება, − ამის შესახებ ყოველდღიური გაზეთი Sydsvenska იტყობინება.

გასული კვირის დასაწყისში ანკარამ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) დაახლოებული ჯგუფების დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. PKK-ს თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

30 მაისს თურქეთის მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა: „სრულიად მიუღებელია, რომ შვედეთში PKK-ს ტერორისტები თავისუფლად მოქმედებენ“. მან შვედეთის მთავრობას დემონსტრაციის აკრძალვისკენ მოუწოდა.

ხსენებული კანონი შვედმა მინისტრებმა დაიცვეს. გასულ პარასკევს იუსტიციის მინისტრმა უარყო პრეტენზიები, ვითომც ეს კანონი სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას მოასწავებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი მიესალმა ახალ კანონს და განაცხადა, რომ გასულ წელს თურქეთთან დადებული შეთანხმების ფარგლებში ეს ბოლო ნაბიჯია და ანკარამ სტოკჰოლმის ალიანსში გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს.

გასულ უქმეებზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თურქეთს მოუწოდა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ვეტო მოხსნას, რომელიც თვეების განმავლობაში მოქმედებს. მისი სიტყვით, სტოკჰოლმის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება „შვედეთს უფრო უსაფრთხოს გახდის, თუმცა NATO-სა და თურქეთსაც გააძლიერებს“.

თურქეთი და უნგრეთი ალიანსის ის წევრები არიან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადი.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/sweden-anti-nato-anti-terror-law-demonstrations-take-place-in-stockholm/