ავტორები მოჰამედ ოსმანი და ნატაშა ბუტი, 18 აპრილი, 2023 წ.
ექიმების თქმით, სუდანში საავადმყოფოებს არტილერიით ბომბავენ, რადგან მესამე დღეა, რაც ორ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
პაციენტები, რომლებიც ამჟამად დედაქალაქ ხარტუმში იმყოფებიან, უსაფრთხო დერეფანს ითხოვენ, რადგან ქალაქში სროლებია.
ექიმთა პროფკავშირის განცხადებით, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას, სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF), შორის შეტაკებას 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დედაქალაქ ხარტუმში იმ საკვანძო ობიექტებს აკონტროლებს, რომლებსაც მოსახლეობა აფარებდა თავს.
სუდანელი ექიმების პროფკავშირის ინფორმაციით, შეტაკებებისა და „ორმხრივი სროლის“ შედეგად ხარტუმში სამი საავადმყოფო, მათ შორის Al Shaab Teaching Hospital-ი, მძიმედ დაზიანდა. ზემოხსენებულმა პროფკავშირმა ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
სუდანში გაეროს წარმომადგენლის, ვოლკერ პერთსის, სიტყვით, დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მებრძოლების რიცხვი 1,800-ს აღემატება, ორშაბათს დაღუპულთა რაოდენობა კი 185-ს გადასცდა, რაც ექიმების პროფკავშირის დასახელებულ რიცხვს მკვეთრად აღემატება.
დაჭრილთა ევაკუაციის მიზნით კვირას ორმა მხარემ დროებით შეწყვიტა ცეცხლი. ორშაბათს ხარტუმის მთავარი აეროპორტის თავზე კვამლის ღრუბლები გამოჩანდა, ტელევიზიით ხანძრისა და აფეთქებების კადრები აჩვენეს. არმიის ავიაციამ საჰაერო დარტყმები მიაყენა RSF-ის ბაზებს, რომელთა ნაწილი საცხოვრებელ რაიონებშია განლაგებული.
ერთმანეთს სუდანის დე ფაქტო ლიდერის, გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის, მიმართ ლოიალურად განწყობილი არმიის ნაწილები და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) უპირისპირდებიან, რომელსაც სუდანის ლიდერის მოადგილე გენერალი მოჰამედ ჰამდან დაგალო მეთაურობს.
ორშაბათს გენერალმა დაგალომ, რომელიც ჰემედტის სახელით უფრო არის ცნობილი, აღნიშნა, რომ კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერიოს. მან გენერალ ბურჰანს „რადიკალი ისლამისტი უწოდა, რომელიც ჰაერიდან მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს“. გენერალმა ბურჰანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების დასაწყებად მზადაა.
კენია, სამხრეთი სუდანი და ჯიბუტი მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული არიან. ამ ქვეყნების პრეზიდენტები კრიზისში მედიატორის როლის შესასრულებლად სუდანში გამგზავრებას გეგმავენ, თუმცა ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან ქვეყნის აეროპორტი დაკეტილია.
შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაპირისპირებულ მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს.