პოლიტიკასხვადასხვა

სტოლტენბერგი: უკრაინა უფრო მეტ საბრძოლო მასალას მოიხმარს, ვიდრე საერთო ჯამში NATO აწარმოებს

0

ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ ალიანსმა საბრძოლო მასალების „წარმოება უნდა გაზრდოს“, რადგან უკრაინა იმაზე მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებენ. ეს კი, თავის მხრივ, მარაგების გამოლევას უწყობს ხელს.
„უკრაინელები უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალას მოიხმარენ, რაც მოკავშირეთა მარაგების გამოლევას უწყობს ხელს“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ „უკრაინის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალების ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრად აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს. ეს კი ჩვენს თავდაცვის მრეწველობას ტვირთად აწვება“.
სტოლტენბერგმა აღიარა, რომ ალიანსი „პრობლემის“ წინაშე აღმოჩნდა, რადგან მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალის მოლოდინის დრო 12 თვიდან 28 თვემდე გაიზარდა.
სტოლტენბერგის მტკიცებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ აქამდე გადადგმული ნაბიჯები იმას ნიშნავდა, რომ ნატოს წევრები „დაადგნენ იმ გზას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ჩვენი მარაგების ხელახლა შევსების შესაძლებლობას მოგვცემს“.
უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები კიევის მოთხოვნის განსახილველად, რაც იარაღის მიწოდებას უკავშირდება, სამშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რადგან სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ახალი შეტევისთვის ემზადება“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის უკრაინის მოთხოვნებთან დაკავშირებით დისკუსია დღემდე გრძელდება. კიევი  თანამედროვე გამანადგურებლებს (საბრძოლო თვითმფრინავები) ითხოვს.
„ცხადია, ჩვენ ლოჯისტიკურ რბოლაში ვართ. უკრაინას უნდა მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, საწვავი და სათადარიგო ნაწილები, სანამ ბრძოლის ველზე ინიციატივას რუსეთი ჩაიგდებს ხელში. სიჩქარე მრავალი ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენის საწინდარია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა, ჯულიან სმიტმა, განაცხადა, რომ რაოდენობის გასაზრდელად და წარმოების დროის შესამცირებლად ალიანსი ცდილობდა, რომ სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიასთან „მჭიდროდ ეთანამშრომლა“.
„ეს აბსოლუტურად საჭიროა იმისთვის, რათა შევძლოთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამავე დროს უზრუნველყოთ, რომ ერთიანი ძალებით დავიცვათ მოკავშირის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – განაცხადა სმიტმა.

გამანადგურებლების თხოვანა
გასულ კვირას ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში სტუმრობისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნატოს წევრ სახელმწიფოებს კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის თხოვნით მიმართა.
ზელენსკიმ მიაღწია იმას, რომ ბრიტანეთი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს, თუმცა არ მიუღია მტკიცე დაპირებები, რომ მას დასავლეთის წარმოებულ თვითმფრინავებს გადასცემენ.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკრაინას დღემდე დიდი რაოდენობით იარაღს უგზავნის, შეიძლება კიევისთვის ამერიკული F-16-ის გადაცემას მწვანე შუქი აუნთოს.
„შეერთებული შტატები დღემდე ემხრობა, რომ უკრაინას გადასცენ ის, რაც მათ სჭირდებათ. საშუალებას ვუტოვებთ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, რომ თავად განისაზღვროს თუ როგორ დაეხმარება უკრაინას“, – განაცხადა ქ-ნმა სმიტმა.

წყარო: https://is.gd/dsd3fV