პოლიტიკასხვადასხვა

სტოლტენბერგი: ომის დროს უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება

0

26 მაისი, 2023 წ.

24 მაისს ბრიუსელში გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებულ ღონისძიებაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ იქნება მანამ, სანამ ომი გრძელდება, თუმცა საკითხავია რა მოხდება, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება.
ბრიუსელში გამართულ ფორუმზე გენერალურმა მდივანმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებზეც ისაუბრა. ივლისში ლიეტუვის დედაქალაქში შეკრებილი მოკავშირეები უკრაინის საკითხს განიხილავენ. სტოლტენბერგმა აღიარა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის უკრაინის შესაძლო გაწევრიანების თაობაზე აზრები იყოფა.
„ალიანსში ამ საკითხის შესახებ განსხვავებული შეხედულებებია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ NATO-ში გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებენ. უნგრეთი იქამდე შეეწინააღმდეგება კიევის ალიანსში გაწევრიანებას, სანამ ამ ქვეყანაში ეთნიკური უნგრელების, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, დისკრიმინაცია გრძელდება.
სტოლტენბერგმა ისიც დასძინა, რომ უახლოეს დღეებში სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავს მოკავშირეებთან იმის შესახებ თუ „როგორ უპასუხონ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს“.
„ვერავინ იტყვის ზუსტად საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვილნიუსის სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალიანსის ლიდერმა. მისი აზრით, ომი უკრაინას NATO-სთან დააახლოებს, მაგალითად, F-16-ის სამართავად  უკრაინელ მფრინავებს მოამზადებენ.
სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად უკრაინა საბჭოთა და დასავლურ სამხედრო შეიარაღებას იყენებს. იგი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები მრავალწლიან სტრატეგიას მიიღებენ, რათა კიევს NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარნონ.
გასული წლის სექტემბერში კიევმა განაცხადა, რომ ალიანსში სწრაფი გაწევრიანებისთვის მიმართვას ამზადებდა. მანამდე რუსეთმა ოთხი უკრაინული ოლქის ოკუპაცია მოახდინა. აპრილში კიევში ჩასულმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს ევროატლანტიკურ ოჯახში დამსახურებულ ადგილს იკავებს. 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდებოდა, თუმცა დრო და თარიღი არ დაუსახელებიათ.

წყარო: https://rmx.news/nato/ukraine-will-not-be-admitted-to-nato-during-war-says-nato-secretary-general/