რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

სოხუმი და ცხინვალი – მშვიდობას ალტერნეტივა არა აქვს

0

დავით ქართველიშვილი:

„ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთის რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო შეიძლება ასე ითქვას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. დღეს სწორედ იმ სამშვიდობო ინიციატივებზე მინდა შეგახსენოთ, რომელთა დაუძინებელი მტერია საქართველოს „ლოკალური ომის პარტია“ და რომელიც პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე, საქილიკოდ გახადა ეს თემაც.

„საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ვერ გაერთიანდებიან ამ იდეის გარშემო ჩვენი ოპონენტები, ბატონო პრემიერო, რამეთუ ამ იდეის ხორცშესხმა ერის ეროვნულ აღორძინებას ნიშნავს, ქართველობის ზეიმს – სადაც მათ არაფერი არ ესაქმებათ. კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და ერთიან სამართლებრივ სივრცეში თანაცხოვრებისაკენ გაწეულ უზარმაზარ წარმატებულ ღვაწლსა და ძალისხმევას „ლოკალური ომის პარტიის“ ბელადმა პირველი დარტყმა მიაყენა 2004 წლის 31 მაისს, როდესაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ირაკლი ოქრუაშვილმა უაზრო, გაუმართლებელი და სავალალო სამხედრო იერიში განახორციელა ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებზე. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც გორიდან ცხინვალის გავლით ვლადიკავკაზის მიმართულებით დღეში ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი გადიოდა, როდესაც ცხინვალის ავტოსადგურიდან ლილოს ბაზრობაზე დადიოდა მოსახლეობა, ხოლო თბილისიდან რაჭაში სამაჩაბლოს გავლით მოხვედრა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

2004 წლის ზაფხულის დანაშაულებრივი ბლიც-კრიგის შედეგად მიწასთან იქნა გასწორებული სახალხო დიპლომატიის ურთულესი პროცესებით მიღწეული შედეგი – ქართველებსა და ოსებს შორის ნდობისა და მეგობრობის აღდგენა. სამთვიანი წარუმატებელი სამხედრო კამპანიის შედეგად, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, ემსხვერპლა ათობით ქართველი სამხედრო მოსამსახურეც – „სარდალ“ ოქრუაშვილის ხელმღძვანელობით ჩვენი საჯარისო დანაყოფები დაბრუნდნენ გორში, თავისი დისლოკაციის ადგილებში, ქართველი პოლიციელები კი მუხლმოდრეკილები საქვეყნოდ დააჩოქეს ცხინვალის ცენტრში. 2004 წლის 11 ივლისს სააკაშვილის მოწვევით, თბილისს ეწვია ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო – რომელსაც პატაკი ჩააბარეს და მოახსენეს „წარმატებეული“ ოპერაციის შედეგები. თუმცა „წარმატებულის“ სტატუსამდე კიდევ ერთი სამარცხვინო დანაშაული უნდა დაფიქსირებულიყო: სააკაშვილის რეჟიმმა „სამხრეთ ოსეთი“ მხარედ ეღიარა, ხოლო ედუარდ კოკოითი – მის კანონიერ პრეზიდენტად. 2004 წლის 5 ნოემბერს, სოჭაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, მიხეილ ლოშინინის მედიაციითა და კარნახით, ხელი მოეწერა „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმებას“ (საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, „სამხრეთ ოსეთის“ მხრიდან – მისმა „პრეზიდენტმა“, ედუარდ კოკოითმა). 2004 წლის ზაფხულისთვის საქართველოს იურისდიქციაში პირველი ნაბიჯების წყალობით, დე-ფაქტო შემობრუნებულმა სამაჩაბლოს შემდგომი რეინტეგრაციის პერსპექტივებმა „ჩაილურის წყალი დალია“.

სააკაშვილის უკვე აშკარად გამოვლენილი ანტიქართული პოლიტიკის მიუხედავად, არ ჩერდებოდა საქართველოს საერთაშორისო მეგობრების და პრაგმატული პოლიტიკის მიმდევრების სამშვიდობო დადებითი ძალისხმევა არც აფხაზეთთან მიმართებაში. 2007 წელს აშშ-ს იმდროინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, ხოლო 2008 წლის აპრილში, სოხუმიდან თბილისში ახალი დაბრუნებული აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა – ერთხმად არწმუნებდნენ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო “პრეზიდენტი” სერგეი ბაღაფში მზად არის თბილისთან დიალოგს მოუბრუნდეს. რა სისულელეა – იყო ქართველ ხელისუფალთა პასუხი – „ეგო ლოთიაო და მოსკოვის გარეშე ნაბიჯს არა დგამსო“. სააკაშვილის ჰაბიტუსის ფროიდისეულ მოტივაციებში და მისი რეჟიმის დანაშაულებრივ ბუნებაში კარგად გათვითცნობიერებული ევროპელი პოლიტიკოსები, დამოუკიდებლად აგრძელებდნენ პოზიტიური საქმის კეთებას და ფარხმალს არ ყრიდნენ. სწორებ ამ მიზნით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე სამი კვირით ადრე (!) საქართველოს ეწვია ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, გერმანიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი – ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც ჩამოიტანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების სამეტაპობრივი გეგმა, რომლის მიხედვით – პირველ ეტაპზე (2-3 წელიწადზე იყო გაწერილი) ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის ასაღდგენად გათვლილი კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო, კონფლიქტის მხარეებს შორის „თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავის საცხოვრებელ ადგილებზე ეტაპობრივი დაბრუნება იყო გათვალისწინებული. ამ გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა აფხაზეთში ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, ამ მიზნით გერმენიის მიერ თავის მეგობარი დონორ-სახელმწიფოების დახმარებით მობილიზებული თანხებით. და მესამე, დამაგვირგვინებელი ეტაპი, ითვალისწინებდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.

ახლა ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა რეალური შეფასება მისცა ამ ინიციატივას აწ გარდაცვლილმა სერგეი ბაღაფშმა, რომელსაც იმ სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გალის რაიონის ტერიტორიაზე შეხვდა ვალტერ შტაინმაიერი. დადასტურებით მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას – სამ კვირაში ამ ინიციატივებსაც „საკონტროლო გასროლა“ ერგო. ამჯერად, „ჩაილურის წყლის დალევა“ საქართველოს აფხაზეთის მიმართულებითაც მოუწია. გარდა ამისა, ქვეყანამ დაკარგა თავისი ტერიტორიების დამატებითი ფართი, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვს ათობით ათასობით ახალი საქართველოს მოქალაქე მიემატა, გაღებული იქნა ასობით ახალი მსხვერპლი – შედეგად, აქამდე „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მთლად გაურკვეველი სტატუსი, ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. ისინი „ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოთა“ რიგებს შეუერთნენ. დღეს ამ სამწუხარო რეალობის თანამონაწილენი, ნებსითი თუ უნებლიე თანაავტორები და ოკუპანტის „სასარგებლო იდიოტები“ პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივებს კვლავ დასცინიან. აქილიკებენ იმ „დაუსჯელობის პრეზუმპციის“ პოზიციებიდან – რაშიც არც ერთ მათგანს არ ერგო მათივე გაუქმებული „სახელმწოფო ღალატის“ მუხლით საბრალდებო სკამზე მოხვედრა. თუმცა ზეციური სამართლიანობის პრინციპი საქართველოში აუცილებლად აღსრულდება როგორც სიკეთის, ასევე ბოროტების მიმართულებით.