ავტორი ოლღა ლიშენი, 11 აპრილი, 2023 წელი
მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინაში 13 საბჭოთა MiG-29-ის გაგზავნას უკავშირდება, არაკონსტიტუციურია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სლოვაკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, კატარინა როტ ნევედალოვამ, EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილების კანონიერება, რაც უკრაინაში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას უკავშირდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მას 2022 წლის დეკემბერში უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს და პარლამენტს თანხმობის მისაღებად შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ვერ წარუდგინა.
„პრობლემა ის არის, რომ დღესდღეობით სლოვაკეთს მთავრობა არ ჰყავს. მთავრობას, რომელსაც რჩევას აძლევენ, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, რომელსაც არც ფართო საზოგადოებამ დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც არც პოლიტიკოსებმა დაუჭირეს მხარი, არ შეესაბამებოდა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომელთა წევრებიც ვართ. ასე რომ, ეს ძალიან პრობლემური გადაწყვეტილებაა და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობაში არ მოდის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
სლოვაკეთის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას, რომელსაც უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს, საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს.
მთავრობამ ამ უფლებას გვერდი აუარა და უკრაინასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კიევს ავიაგამანადგურებლები საჩუქრად გადასცა. თუმცა კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებულია, რომ სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებისთვის თანხმობა ეროვნულმა საბჭომ უნდა მისცეს, რაც არ მომხდარა.
ამავდროულად, ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის მიერ სლოვაკეთში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, სლოვაკების დაახლოებით 18 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის თუ ვინ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ გეოპოლიტიკურად სლოვაკეთი „სადღაც“ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 62 პროცენტი რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, სლოვაკების 37 პროცენტი ამ ქვეყანას სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს.
„ჩვენ ძმები ვართ, ჩვენ სლავური ქვეყნები ვართ. ამიტომ სლოვაკებისთვის ძალიან პრობლემურია ამ კონფლიქტის შეფასება, რადგან არ გვესმის, რატომ ხდება მსგავსი რამ. გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მე არ ვამბობ თუ ვინ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში“, – განაცხადა ნევედალოვამ.
ამის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისში გაბჩიკოვოს ჰუმანიტარულ ცენტრში ვიზიტისას უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა, აღიარა, რომ სლოვაკეთი უკრაინისადმი გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მხრივ ლიდერია.
გაეროს მონაცემებით, სლოვაკეთმა 100 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ლტოლვილი ჰყავს. სლოვაკეთმა რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს თავი აარიდა, რაც ბრატისლავას საშუალებას აძლევს, რომ უკრაინაში, რომელიც ენერგეტიკულ შიმშილს განიცდის, ნავთობპროდუქტების, მათ შორის დიზელის, ექსპორტი განაგრძოს. დეკემბერში სლოვაკეთმა უკრაინას 300 გენერატორიც გაუგზავნა.
რაც შეეხება იარაღს, როგორც ჩანს, ბრატისლავა ნატოსგან სამხედრო შევსებას ელოდება, რათა იარაღის გარეშე არ დარჩეს. სლოვაკეთი უკრაინას ესაზღვრება და ძალიან სერიოზულად ეკიდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს.
„სლოვაკეთმა ჰუმანიტარული დახმარება უნდა გააგრძელოს. თუმცა უკრაინაში გასაგზავნი იარაღი არ გვაქვს. არ უნდა ვეცადოთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა სლოვაკმა პოლიტიკოსმა.
8 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასტილავ კაჩერმა, უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება დაარწმუნა, რომ სლოვაკეთი მხარს არ უჭერს რუსეთთან მოლაპარაკების იდეას და პუტინს მოლაპარაკებისას სანდო მხარედ არ მიიჩნევს.
ნევედალოვა რუსეთთან მოლაპარაკების იდეას ალმაცერად არ უყურებს. კითხვაზე, შეიძლება მოლაპარაკებებისას რუსეთის ნდობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრეზიდენტი კვლავ პუტინია, ნევედალოვამ უპასუხა: „წარსულში ვნახეთ, რომ დიქტატორებთანაც შეიძლება მოალაპარაკება, იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ დროს ხელისუფლებაში არიან. მე არ ვამბობ, რომ ეს პუტინთან ან მის გარეშეა შესაძლებელი, მაგრამ საქმე იმაში არ არის, რასაც ვხედავთ თუ რა ხდება რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ იქამდე დაელოდებით, სანამ პუტინი თანამდებობაზე აღარ იქნება, მაშინ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი“, – დასძინა სლოვაკმა ევროპარლამენტარმა.
წყარო: https://is.gd/ZgekdD