მთავარი ამბავი

სკანდალი ევროკავშირში: კავშირები მაროკოსთან

0

2014 წლის ივლისის მიწურულს ფართო ჟოლოსფერ ქოლგას თავშეფარებულმა მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ, სამეფოს წინაშე დამსახურების გამო, რამდენიმე ადამიანი სამეფო ორდენებით დააჯილდოვა.
ვინც ბრიუსელში დაწყებულ სწრაფად მზარდ კორუფციულ სკანდალს ადევნებს თვალყურს, მიმღებთა ნუსხიდან ორ გვარსახელს გამოყოფდა: პირველი – ევროპარლამენტის ყოფილი იტალიელი წევრი პიერ ანტონიო პანცერი, რომელიც არაბული მაღრიბის კავშირსა და მაღრიბის ქვეყნებთან დაკავშირებულ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა; მეორე – აბდურაჰიმ ათმენი, ევროკავშირისა და მაროკოს ერთობლივი საპარლამენტო კომიტეტის თანაპრეზიდენტი.
ათმენმა, რომელიც ამჟამად პოლონეთში მაროკოს ელჩის თანამდებობას იკავებს, თავის საჯარო ფეისბუქგვერდზე დაჯილდოების ცერემონიისას მეფესა და სხვადასხვა დროს იტალიელ პოლიტიკოსთან გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ მას პანცერთან, რომელსაც საჯაროდ თავის „მეგობარს“ უწოდებს, 2011 წლიდან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. გვიანდელ სურათებში დროდადრო ფიგურირებს წითელთმიანი ახალგაზრდა ფრანჩესკო ჯორჯი, რომელიც ევროპარლამენტში მრჩევლად მუშაობდა. ერთ-ერთ სურათზე ისინი სხდომათა დარბაზში მაგიდის გარშემო სხედან, რომელსაც ზღვის პეიზაჟის ამსახველი სურათი ამშვენებს, მათ წინ კი ‘სიდი ალის’ – მინერალური წყლის – ბოთლები აწყვია.
დავუბრუნდეთ 2022 წელს. სამი ადამიანი იმ უმსხვილესი კორუფციული გარიგების ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელმაც ევროკავშირი შეარყია. ბელგია ევროპარლამეტში კატარისა და მაროკოს მიერ ნაყიდ გავლენასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. პანცერი, ჯორჯი და მისი პარტნიორი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი, კორუფციის ბრალდებით ციხეში სხედან. ბელგიის მიერ პანცერის მეუღლისა და ქალიშვილის სახელზე გამოცემულ ექსტრადაციის ორდერში, რომელიც გავლენის ყიდვას უკავშირდება, განსაკუთრებით ფიგურირებს ათმენის, როგორც „საჩუქრების“ გადამცემის, გვარი.
2011 წლით დათარიღებულ მაროკოს მთავრობის შიდა წერილში, რომელიც გამოცემა ‘პოლიტიკოს’ ჩაუვარდა ხელში, იტალიელი პოლიტიკოსი პოტენციურ „წონიან მოკავშირედ“ ან საშინელ მოწინააღმდეგედ“ არის მოხსენიებული.
ეჭვმიტანილთა ადვოკატებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, ხოლო ვარშავასა და ბრიუსელში მდებარე მაროკოს საელჩოებში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. პანცერის მეუღლე და ქალიშვილი ყველა დანაშაულს უარყოფენ.
ბელგიის იუსტიციის მინისტრმა, უინსენტ ვან ქუქენბორნმა, ხუთშაბათს ქვეყნის პარლამენტს  მიანიშნა, რომ გამოძიებაში მაროკოც ფიგურირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ „ქვეყანა ახსენა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში უკვე იყო ნახსენები, როდესაც  საუბარი ჩარევას ეხებოდა“. ყველა მიხვდა, რომ მინისტრი მაროკოს გულისხმობდა, რადგან რაბატის უსაფრთხოების სამსახური ბელგიაში მოქმედ დიდ დიასპორას წლების განმავლობაში განუწყვეტლივ აკონტროლებს.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვან ქუქენბორნმა აღნიშნა, რომ გამოძიება მუშაობს მთელ რიგ თემებზე, მათ შორის „თევზაობის უფლებებზე“.
თევზჭერა ძალიან მგრძნობიარე თემაა საფრანგეთისთვის, ესპანეთისა და იტალიისთვის, თუმცა მაროკოსთვის ძალიან სტრატეგიული საკითხია, რადგან დასავლეთ საჰარასთან სადავო ტერიტორია აქვს, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც რაბატი, ასევე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაცია, რომელსაც „პოლისარიო“ წარმოადგენს. რაბატი დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვს, რომ დასავლეთ საჰარაში დაჭერილი თევზის საკითხი მაროკოს მიერ ევროკავშირთან დადებული სავაჭრო შეთანხმებებით დარეგულირდეს, რაც, თავის მხრივ, მის ტერიტორიულ პრეტენზიებს გააძლიერებს.
ბელგიის ხელისუფლებას სხვა გამოძიებულ თემებზე არაფერი უთქვამს, თუმცა ევროპელ ჩინოვნიკებს ხშირად უწევთ ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა სასუქების საწარმოებლად მაროკოს ფოსფატებზე ხელმისაწვდომობა, მიგრაცია, ვიზები და ადამიანის უფლებები.
ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალისას თავდაპირველად ყურადღება მდიდარ კატარელზე, მოჰამედ სიდათიზე, გაამახვილეს, თუმცა საფრანგეთში ‘პოლისარიოს’ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყურადღება რაბატზე უნდა მიეპყროთ. „ადამიანები საუბრობენ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებზე, ადამიანები კატარზე საუბრობენ, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. პანცერიმ მაროკოსთან დაიწყო თანამშრომლობა და არა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან“, – განაცხადა ‘პოლისარიოს’ წარმომადგენელმა.
Western Sahara Resource Watch-ის კოორდინატორის, სარა აიკმენსის, განცხადებით, იგი რამდენჯერმე შეხვდა პანცერის ადამიანის უფლებებისა და მომავალში დასავლეთ საჰარაში თევზჭერის საკითხის განსახილველად, თუმცა, როგორც ამბობს, მას რეაგირება არ მოუხდენია. „და, იცით, როგორც უნდა გეცადათ – სავსებით ცხადი იქნებოდა, რომ ამასთან დაკავშირებით იგი არაფერს გააკეთებდა“, – განაცხადა აიკმენსმა.

მომზადებული http://www.geo-first.com-ის მიერ
წყარო – https://www.politico.eu/article/qatargate-antonio-panzeri-francesco-giogrio-eu-parliament-scandal-the-morocco-connection/?fbclid=IwAR1imz7I3iwdOblbMovIqR4i6nBW0dcSvfN4erD9XgJ3mRXknfLS7nB2URU