რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

სჯულიერება და უსჯულოება – კონსერვატიზმი და მტრული იდეოლოგიები თანამედროვე ჰიბრიდულ ომში

0

(წერილი პირველი: კონსერვატიზმი, როგორც სჯულიერება)

თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ – საქართველო გააფთრებულ „ჰიბრიდულ ომშია“. ომი, მათ შორის – იმგვარიც, რასაც დღეს „ჰიბრიდულს“ უწოდებენ, ჩვენი ქვეყნისათვის უჩვეულო სულაც არ არის. მართლაც: განა სხვა რა არის ჩვენი ისტორია, თუ არა მუდმივი ომი? ომიანობასა და ვიმესთან მტრობას არასდროს ვეძიებდით, პირიქით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომი – საქართველოს ბედისწერაა, რაც თუნდაც მისი ერთ დროს მქუხარე, დღეს თითქოსდა საუკუნეების მტვერით დაფრული საერთაშორისო ტიტულიდან – „ქართველნი, ქრისტეს კვართის მცველნი“, მკაფიოდ და ნათლად, ცალსახად იკითხება. სწორედ ამ საამაყოდ  დიდებული სახელით, კვართის მცველებად   გვიცნობდა შუა სუკუნეებში მსოფლიო და ეს ცხადჰყოფს ჩვენი მუდმივი ომის შინაარსსაც: საქართველო მარად სჯულისთვის ომობდა, ომობს და არა იმიტომ, რომ ომს ეძიებს, არამედ სჯულის დასაცავად – კვლავაც იომებს. საქართველოს ომის საგანი – სჯულია, ხოლო ამ ომის შინაარსი – თავდაცვაა, საკუთარი იდენტობისა და სჯულის დაცვაა, სხვა – არც არაფერი. სვეტიცხოველში დაფლული „ქრისტეს კვართი“ საქართველოს სჯულიერებას განასახირებს, ხოლო მისი შენახვა,ვიდრემდის მეორედ მოსვლამდე, უსჯულოთაგან დაცვა ამ ქვეყნის მარადიული მისიაა, მისი უმთავრესი, სამარადაჟამო პასუხისმგებლობაა უფლისა და  მსოფლიო ერთა წინაშე.  სჯული და სჯულიერება საქართველოს უმთავრესი სუნჯეა, ამავდროულად – ჩვენი ერი-სახელმწიფოდ არსებობის მოდუსიც არის. ამ თვალსაზრისით – საქართველო თავადაა სჯულის კიდობანი, რომელიც მისი სჯულის განმასახიერებელ ამ უდიდეს სიწმინდეს ინახავს და იცავს.

აქ უთუოდ, უწინარესად უნდა გავიხსენოთ: „სჯული“ ქართული სიტყვაა და ოდითგანვე – სამართალს+ სამართლიანობას, სამართლის იდეას ერქვა. „სჯულიერებად“, ე.ი. „სჯულზე დგომად“ სამართალსა და სამართლიანობაზე  დაყრდნობილი ცხოვრების წესი იწოდებოდა. „სჯული“ – ზეგარდმო იყო, არა მხოლოდ ადამიანთა თანხმობის, ე.წ. „საზოგადოებრივი შეთანხმების“ ნაყოფი, არა ოდენ კონვენციური, არამედ უფლის ნებით ურყევად დაგენილის შინაარსი ჰქონდა. სჯულის ამ საკრალურობის, ამ ზეგარდმო წარმოამვლობის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენდა უფლის კვართიც და მისი დაცვაც: ცხოვრების წესი, რასაც ქართველი მისდევდა, როგორც მარად ცოცხალ სამართალს, აქედან გამომდინარეობდა და ამასვე ემყარებოდა.   სიტყვა „სჯულს“„იდეოლოგიების შტურმისა და მასათა ამბოხის ეპოქაში“ – ცოცხალი შინაარსი წაართვეს, საუკეთესო შემთხვევაში – სამუზეომო ექსპონატად, ერთგვარ ეგზოტიკურ ნივთად აქციეს და ამჟამად, ეს სიტყვა სარწმუნეობრივი, ვიწრო- აღმსარებლობითი  მნიშვნელობით თუ გამოიყენება, კონკრეტული რელიგიის მიმდევრობადღა თუ ესმით; ხოლო როცა გაახსენებ – სჯული სამართალია და ცხოვრების წესი იყოო, თუ არ დაგცინებენ,  სულ ცოტა მაინც- ირონიულად ეღიმებათ. ყოველივე ეს, ცხადია – საერო, სახელმწიფო თუ სამოქალაქო ცხოვრებაში სჯულის, როგორც ასეთის –  მნიშვნელობის არსებითი დაკნინებაა; უარესიც: სხვადასხვა „იდეოლოგიების“ მიერ სჯულიერების დევნაა.

ის, რომ საქართველოში მე-4 საუკუნიდან „ქრისტეს სჯული“ ურყევადა გვქონდა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ საერო და საღმრთო სჯულს, ანუ საეკლესიო და სახელმწიფო,  დღვანდელი ტერმინოლოგიით – ადმინისტრაციულ, სისხლის თუ სამოქალაქო სამართალს ერთი მეორესგან ვერ ვარჩევდით; კონკრეტულ სახეებად, სამართლის დარგებად დიფერენცირებულიც გვქონდა,ვარჩევდით კიდეც და თან როგორ!  დიდი ივანე ჯავახიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა ქართული სამართლის, მისი ბრწყინვალე სკოლის – ჩვენი მესჯულეობის („მერჩულეობის“) უაღრესად დაწინაურებულ მდგომარეობას საქართველოს „ოქოს ხანის“ დროინდელ მსოფლიოში, რაზეც მკაფიოდ მეტყველებს დღემდე შემორჩენილი როგორც საეკლესიო, ასევე საერო – ადმინისტრაციული, სისხლის თუ სამოქალაქო სამართლის ისტორიული ძეგლები; ისინი სანიმუშო მაგალითებია არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და თუ გნებავთ, სრულიად მსოფლიოს სამართლებრივი კულტურისა. დიდად საამაყოა, რომ ქართულმა სჯულიერებამ, რისი ერთ-ერთი (და არა ერთადერთი!)  თვალსაჩინო სახეც გახლდათ სახელმწიფოს მოწყობის წესებიც, დავით აღმაშენებლის დროის საქართველოში იმგვარ   სიმაღლეს უწია, რომ ბევრი მიმართულებით 500-600 წლით გაუსწრო  ევროპულ ცივილიზაციას.  მაგალითები უხვადაა: თუნდაც ავიღოთ ის ევროპული სამოხელეო სამართლი, რაც თანამედროვე რაციონალური(კეთილგონივრული)  – საქმის ინტერესებზე, სამართლის უზენაესობაზე, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე ორიენტირებული ბიუროკრატიის შექმნასთანაა დაკავშირებული; ასეთი სამოხელეო სისტემის შესაბამის სამართალზე დაფუძნებას ევროპული „განათლებული აბსოლუტიზმი“ – ლუი მე-14-ის საფრნაგეთსა თუ ფრიდრიჰ დიდის პრუსიაში, ოდენ შუა საუკუნეების მიწურულს, მე-17-მე-18 საუკუნიდან შეუდგა;   ხოლო ჩვენში –  ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში მოხდა, როცა დიდმა დავითმა დაიწყო და ბოლომდეც მიიყვანა „ხელმწიფის კარსა შინა მყოფ“ (ცენტრალური მთავრობა და მისი სამოხელეო აპარატი) და „საქვეყნოდ გამრიგე“ (ადგილობრივი მმართველობა) მწყობრი სამოხელეო კორპუსის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ რაციონალურად, კეთილგონივრულად წარმოდგენილ საქმის ინტერესებისა და რაც ყველაზე მთავარია, სჯულის  – სამართლისა და სამართლიანობის მიმართ ერთგულებას, შესაბამის პიროვნულ უნარებს, მოხელის ცოდნა-გამოცდილებასა და არა იმდენად გვარიშვილობას, ენიჭებოდა;

გარდა სახელმწიფოს მოწყობის სანიმუშო წესისა, ე.ი. დაწინაურებული ადმინისტრაციული, მართვა-გამგებლობის სამართლისა, არსებობს არაერთი ნიშანი და უტყუარი საბუთიც, რომ მთლიანად ქართული სამართალი და მისი უწყვეტი ტრადიცია, მიუხედავად საქართველოს გაუსჯულოების არაერთგზის მცდელობისა, მიუხედავად ბედის უკუღმართობით განცდილი დაქვეითებისა, ტიპოლოგიურად ევროპულის იდენტურია; უწინარესად თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სჯული საყოველთაოდ დამავალდებულებელი გახლდათ,  საკუთარი მდგომარეობის შესაბამისად კეთილმსახურების ვალს აკისრებდა დიდსა თუ პატარას, პატრონსა თუ ყმას, ჩინიანსა თუ უჩინოს, დიდებულსა თუ უბრალოს, ხოლო ამ ვალდებულებებისგან არც არავინ გახლდათ თავისუფალი; სჯულიერება, სჯულის ერთგულება – ცხოვრების მთავარი წესი, წესთა-წესი გახლდათ და იგი თვით ხელმწიფეს პირველ ყოვლისა ავალდებულებდა.  და ხელმწიფეც იძლეოდა ასეთი მტკიცე ერთგულებისა და კეთილმსახურების სანიმუშო მაგალითს; ხოლო თუ ჩვენი სჯულის კონკრეტულ გამოხატულებებზე და ნორმებზე გადავალთ, მაგ. სამოქალაქო ურთიერთობების სფეროში, „ევროპულობის საუკეთესო პრაქტიკას“ (როგორც დღეს იტყვიან ხოლმე) წარმოადგენდა მაგ. ჩვენი მიწის სამართალი, რომლითაც იმ დროის შესაფერისად ზედმიწევნით და შესაძლოა, ყველაზე უკეთაც, წესრიგდებოდა მიწათმფობელობაცა და მიწათსარგებლობაც; აქ ხაზგასასმელია, რომ მიწაზე როგორც კერძო, ასევე სათემო საკუთრებაც მყარად დაცული გახლდათ, მაგარამ ამავდროულად, ეს  საკუთრება ავალდებულებდა, რადგან  მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა ყოველი კერძო მიწათმფლობელისა, თემისა თუ მიწის მუშაკის უწინარესი პასუხისმგებლობა იყო ხელმწიფის, ასევე, საკუთარი თემისა თუ საკუთარი ოჯახის წინაშე;

ასევე საამაყოდ სანიმუშოა ჩვენი სჯულის შემწყნარებლობა, გამორჩეული ტოლერანტიზმი;   ამისი მკაფიო დასტური გახლავთ არა მხოლოდ უცხოტომელთა თუ სხვა სარწმუნეოების პირთა მყარი სამართლებრივი მდგომარეობა, არამედ თუნდაც სისხლის სამართლის სფეროში სიკვდილით დასჯის გაუქმება თამარ მეფის დროს; კაცთმოყვარეობის ამგვარ სიმყარეს, ცხადია, ქრისტიანობა, ხოლო  კონკრეტულად, მისი ქართული სახე – არეოპაგული ცნობიერება განაპიროებდა. „ბოროტებაი სიკეთის ნაკლუვანებაი არს“ – არა მხოლოდ პეტრე იბერის არეოპაგული კორპუსის, არამედ ჩვენი სჯულის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური კრედო გახლდათ;    ხოლო სანიმუშო სჯულიერების  ამგვარი, არეოპაგული პრინციპების მტკიცედ დამკვიდრება  ჯერ კიდევ მე-10 საუკუნიდან, „ქართველთა სინაის“ – ხანძთის სამონასტრო კომპლექსიდან უკვე სისტემურად წარმოებდა საქართველში; მეტიც: სწორედ ამან – სჯულის გარშემო შეკრა და გააერთიანა საქართველო; სჯულიერებით გაერთიანების ეს პროცესი შესანიშნავად აქვს აღწერილი გიორგი მერჩულეს თავის ბრწყინვალე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“; შემთხვევითი არც ისაა, რომ გიორგი მერჩულეს, ქართული სჯულის ამ ზედმიწევნით მცოდნეს, ეკუთვნის ქართველთა ეროვნული იდენტობის დამდგენი უკვდავი სჯულისმიერი  ფორმულა: „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების…“, რაც დიდმა ილიამ სამი სიტყვად: „მამული, ენა , სარწმუნოება“ ამოტვიფრა ყოველი ქართველის გულის ფიცარზე…

…ამ და სხვა, არაერთი ისტორიული მაგალითიდან გამომდინარე დასკვნა ერთმნიშვნელოვანია:  საქართველო სჯულისმიერი ერი-სახელმწიფოა, ქართველთა ეროვნულ იდენტობას ურყევი ტერიტორიული, ენობრივი და სარწმუნოებრივი საყრდენები გააჩნია, ხოლო როგორც ერი-სახელმწიფოს – საქართველოს მისი სჯული,  ე.ი. სამართალი+სამართლიანობა, სამართლის იდეა აერთიანებს.  ეს – სამარადჟამო სჯულიერება მამა-პაპათა ანდერძად მოდის, ქართველთა ყოველი თაობის გამაერთიანებელია და წასულთა, თანამედროვეთა თუ მომავალთა მარადის მაცოცხლებელი.

რასაკვირველია, სჯულიერება და სჯულის ურყევობა სამართლის გაქვავებულ მდგომარეობას არ ნიშნავს, არამედ პირიქით: იგი ვითარდება, დრო-ჟამისა და ერში თუ საერთაშორისოდ დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების შესაფერისად უწყვეტად იცვლება; მაგრამ ყოველი ასეთი ცვლილება  მხოლოდ და ოდენ „სჯულის კაცების“ სამართლიანი განსჯით, სინდისსა და კეთილგონივრულობაზე დაყრდნობით  და მაშასადამე, თავად სამართლის იდეის, სჯულიერების უღალატოდ, მისი მტკიცედა და ურყევად დაცვა-შენარჩუნებით თუ მოხდება;

…თუ ისტორიული სჯულიერებიდან თანამედროვეობაში გადმოვინაცვლებთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: თანამედროვე სჯულისმიერი საქართველო – დღეს კონსტიტუციური დემოკრატიაა;  დრო-ჟამის შესაბამისად დღეს სჯულისმიერობა – კონსტიტუციურობასა და სამართლებრივ სახელმწიფოსა ნიშნავს; „კონსტიტუციო“ ლათინური სიტყვაა და ქართულად  ნიშნავს – „ვადგენ“; ანუ კონსტიტუციას დღეს – სამართლისათვის დამდგენი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ანალოგიაც მოვიხმოთ: რაც სჯულიერების ისტორიულ ტრადიციაში მიმართება არსებობდა დამდგენ სჯულსა და სჯულით დადგენილ მოქმედ კონკრეტულ სამართალს, მის კონკრეტულ ნორმათა შორის, იდენტური მიმართება გვაქვს დღეს და ამდენად, „კონსტიტუციურობა“ და „სჯულისმიერობა“ თითქმის სინონიმებად შეიძლება აღვიქვათ. მაგრამ აუცილებლად ესეც უნდა შევნიშნოთ: ჩვენივე უახლესი გამოცდილება ადასტურებს, რომ უსჯულო დამოკიდებულება თვით კონსტიტუციის მიმართაც კი თურმე გამორიცხული არ არის; ცხადია, ასეთი უმსგავსოების მაგალითად სააკაშვილის რეჟიმის დამოკიდებულება უნდა მოვიყვანოთ, როცა ქვეყნის კონსტიტუცია საჯიჯგნად და საჯღაბნად იქნა გამეტებული და მასში 25(!) ისეთი ცვლილება შეიტანეს, რომ სჯულიერების ნაცვლად იგი უსჯულოების, უსამართლობისა და ძალმომრეობის დამდგენად იქცა! მხოლოდ 2017 წელს, დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად ირაკლი კობახიძის დამსახურებით, ეს გადაჯღაბნილი და დაჯიჯგნილი კონსტიტუცია განიწმინდა, აღდგა და ქვეყანა სჯულიერებას დაუბრუნდა.

თუ რა იყო, რა „იდეოლოგიურ-პოლიტიკური სარჩული“ დაუდეს სჯულერების, ანუ – კონსტიტუციურობის დევნას თანამედროვე უსჯულებმა, ნაცებმა თუ ზოგადად, დღევანდელმა ვაი-ლიბერალებმა, ეს მომავალ წერილში განვსაჯოთ და დასკვნებიც გამოვიტანოთ.

მაგრამ, რაც ზემოთ მოყვანილი განსჯიდან ნათელია, ამჟამად ეს უნდა ვთქვათ: ამ „ჰიბრიდულ ომში“ უსჯულოებასთან, ე.ი. იდეოლოგიურ-პოლიტიკური შტურმის მოგერიების მდგომარებასთან, რაშიც ვიმყოფებით, გასამკლავებლად – კონსერვატიული კონსოლიდაცია ყოვლად აუცილებელია!

ეს  აუცილებელია, რადგანაც კონსერვატიზმი – „იდეოლოგია“ არ გახლავთ, იგი ცხოვრების ჯანსაღი წესია, სჯულიერებაა.   კონსერვატიზმი, როგორც საღი განსჯა და მასზე დაფუძნებული ფუნდამენტური პოლიტიკური  მიმართულება  ჯანსაღი ორგანიზმის რეაქციაა სწორედ იმ „იდეოლოგიურ ვირუსებზე“, რაც, როგორც წესი, სჯულის წინააღმდეგ შტურმს და ხშირად, „მასათა ამბოხის“ სახით, განაპირობებდა. კონსერვატიზმის დასავლური ისტორია და ტრადიცია ამას მკაფიოდ ადასტურებს – იგი ის იმუნიტეტია, ჯანსაღი ორგანიზმის უნარია, რომ სასიცოცხლო ძალები მოიკრიბოს, განამტკიცოს, გააძლიეროს  და  წინააღმდეგობა გაუწიოს  გარეშე თუ შიდა დესტრუქციას, რაც ამ ამ ცოცხალ ორგანიზმს მტრული, უცხო „იდეოლოგიებით“ დააავადებსა და საბოლოოდ – დაანგრევს.  დასავლური კონსერვტიზმის მამა – დიდი ედმუნდ ბერკი ყოველთვის ამას უსვამდა ხაზს და მისი შეხედულებები გახლდათ სწორედაც საღი აზრი, ჯანსაღი განსჯა, რომელიც იმ არეულ ჟამს ცდილობდა წინ აღდგომოდა, არ დაეშვა მეზობელ საფრანგეთში სჯულის წინააღმდეგ მიმდინარე დიდი აბოხის, ამ მომაკვდინებელი დესტრუქციის ბრიტანეთში იმპორტი.

ამიტომაც, კონსერვატიზმი – ოდენ „სჯულიერებად“ შეიძლება მივიღოთ, კონსერვატიული კონსოლიდაცია კი სჯულის გარეშემო „იმუნურ“ კონსოლიდაციად. და არა სხვაგვარად;  არავითარ შემთხვევაში  – „იდეოლოგიების“ ალტერნატიულ „იდეოლოგიად“, მაგალითად, რაღაც „მეოთხე იდეოლოგიად“, როგორც ამას რუსი დუგინი ქადაგებს;  ეს რასაკვირველია, უდიდესი დაბნეულობა და უდიდესი შეცდომაა, თუ არა – საერთოდაც სიშლეგე…

….რას ნიშნავს კონსერვატიული კონსოლიდაცია, როგორი მტრული და საშიში „იდეოლოგიური ვირუსის“ წინააღმდეგ გვჭირდება ეს იმუნიტეტი, ეს – შემდგომ წერილებში განვსაჯოთ.