რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

სჯულიერება და უსჯულოება – კონსერვატიზმი და მტრული იდეოლოგიები თანამედროვე ჰიბრიდულ ომში

0

დავით ზარდიაშვილი:

(წერილი მესამე: სჯულისმიერი ანუ კონსერვატიული კონსოლიდაცია – ეროვნული სტრატეგია ჰიბრიდულ ომში)

წინა წერილებიდან უკვე გავარკვიეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თანამედროვე ჰიბრიდული ომი იგივე მტრული მიზნით – ქვეყნის გასაუსჯულოებლად, როგორც ეს ისტორიულად ათასწლეულების განმავლობაში ხდებოდა, წარმოებს. ეს არ გახლავთ არც მეტაფორა და არც ჰიპერბოლა. არამედ ყოველდღიური ობიექტური რეალობაა – არა სუბიექტური ანდა „ინტერ-სუბიექტური“ აღქმა, არამედ ჯიუტი ფაქტი.

ცხადია, ეს ყოველდღიური ობიექტური რეალობა – საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული 30 წლიანი ჰიბრიდული ომი, მისი არსი, სხვა, თანამედროვე დემოკრატიისათვის ჩვეული უცხოური ტერმინებითაც შეიძლება დახასიათდეს და არა მხოლოდ ისეთი, როგორიც ბევრს მოეჩვენება – ყურისმომჭრელი არქაული სიტყვით, როგორიცაა „სჯული“ და „სჯულიერება“. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სწორედ ეს სიტყვები აღწერენ ყველაზე უკეთ და ტევადად, თუ რა ხდება. „სჯული“ – უკვე წინა წერილებიდანაც მოგეხსენებათ, რომ სამათალს+სამართლიანობას, სამართლის იდეას ერქვა ოდითგანვე ქართულად; „სჯულიერაბა“, ე.ი. „სჯულზე დგომა“ – სამართალსა და სამართლიანობაზე დაყრდნობილ ცხოვრების მართალ წესს; თანამედროვე დრო-ჟამის შესაფერისად, დღევანდელი „სჯული“ – კონსტიტუციური ერი-სახელმწიფოს სამართალია; ხოლო „სჯულიერება“ – კონსტიტუციურობაა; მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ სჯულსა და სჯულიერებას, როგორც ერი-სახელმწიფოსთვის დამდგენ ცნებებს და პრინციპებს ყავლი გაუვიდათ და ისინი უნდა დავივიწყოთ, ანდა მუზეუმებს მივაბაროთ, როგორც ეგზოტიკური სიძველენი. მათ იგივე დატვირთვა უნდა ჰქონდეთ, როგორც ძირითად ცნებებს და მარად უნდა იცოცხლონ; „არქაული“ შინაარსი მათ არ შეიძლება გააჩნდეთ, რადგან არა მხოლოდ წარსულს აღწერენ, არამედ თანამედროვეობასაც და მომავალსაც განსაზღვრავენ.

არსებული ჰიბრიდული ომის მდგომარეობის არსის დასანახად კი ხაზი უნდა გაესვას სწორედაც დროთა კავშირს და ეს არსიც გამჟღავნდება; უმალ დავინახავთ, რომ ახალი ანდა განსაკუთრებული არაფერი ხდება: საქართველო ისევ ომშია უსჯულოებასთან და საკუთარი ცხოვრების მართალი წესის, სამართლისა და სამართლიანობის, სამართლის იდეის, ანუ „სჯულისა“ და ‘სჯულიერების“ დაცვას ესწრაფის. აქ კი უმიშვნელოვანესი ესაა: „სჟული“ არა მხოლოდ კონვენციურია (ე.ი. ე.წ. საზოგადოებრივი შეთანხმების“ , ანდა „საერთაშორისო ხელშეკრულებების“ გამოისობით და ძალით, კაცთა ნებაა, ამდენად არასაკმარისად მყარი და წარმავალი), არამედ ზეგარდმოც გახლავთ (ღმერთის ნებაა, ხოლო სამართლის იდეა უცვალებელია და უღვთოდ არ არსებობს). სიმბოლურად და ცხადია, არა მხოლოდ სიმბოლურად, მატერიალურადაც, ეს შუა საუკუნეებიდან მომდინარე ქართველთა საერთაშორისო ტიტულატურიდან: „ქართველნი, უფლის კვართის მცველნი“ მკაფიოდ იკითხება. დღესაც, ამ ჟამსაც, აქ და ახლა, მადლობა უფალს – იგივე ურყევი შინაარსი უბრუნდება ქართველთა ყოფიერებას; ოღონდ ეგ არის – ფორმა სრულიად იცვლება, თუნდაც იმიტომაც, რომ თანამედროვე ომი „ჰიბრიდულია“.

ყველანი ვხედავთ და საკუთარი გამოცდილებით უშუალოდა ვგრძნობთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უპირატესად „იდეოლოგიურ-პოლიტიკური“ , საინფორმაციო დივერსიების მეთოდებით წარმოებს; ჰიბრიდული ომისას მტერი თითქოს ფიზიკურად მოუხელეთებელია, ხშირად უხილავია ანდა შესაძლოა, აშკარად ხილულიც იყოს, მაგრამ როგორც ლელთ ღუნია იტყოდა – „ფარ-ხრმალით ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ“; ამიტომაც იგი უარესად მზაკვარია, თანაც არანაკლებ სასტიკი და დაუნდობელი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თითქოსდა „უსისხლოდ“ მაგალითად – „ვარდების რევოლუციებით“ გვებრძვის.

ომი ომია, თუნდაც უსისხლო და ჰიბრიდული იყოს. თანაც არც თუ „უსისხლოცაა“, როგორც სურთ შემოგვასაღონ. 30 წლიანი გამოცდილებით უკვე კარგადაც ვიცით, საკუთარ ტყავზე მწარედაც ვიწვნიეთ, რომ მსხვერპლი ჰიბრიდულ ომიანობასაც, რაც უმეტესწილად მშვიდობიანობისგან ვერც განირჩევა, არანაკლები მოსდევს. ომად იმიტომ იწოდება, რომ ნებისმიერი ომის მიზანი – მოწინააღმდეგის ძალით დამორჩილებაა, მისი თავისუფალი ნების გატეხვა და საკუთარის თავს მოხვევაა; „კლასიკური“ ომისას ეს სამხედრო საშუალებებით მიიღწეოდა. კლაუზევიციც „კლასიკურად“ მსჯელობდა და ასკვნიდა, რომ „ომი პოლიტიკის სხვა საშუალებით გაგრძელებაა“; მართლაც – პოლიტიკაც ხომ სხვა არც არაფერია, თუ არა განსხვავებულ ნებათა ჭიდილი; ხოლო კლასიკურად ომის მდგომარეობას ის განასხვავებს მშვიდობიანობისგან, რომ ეს ნებათა ჭიდილი სამხედრო, ძალისმიერი საშუალებებით, ფიზიკური ძალადობით – კაცის კვლით, ნგრევით მოწინააღმდეგის მოსპობა-განადგურებით წარმოებს; ჰიბრიდულ ომში ყველაფერი თავდაყირა დადგა: ამჟამად, პირიქითაა – ასეთი პოლიტკა, როგორსაც შინ თუ გარეთ აშკარადა ვხედავთ, თავადვე გახდა ჰიბრიდული (ანუ როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო გზებით) ომის წარმოების საშუალება; პოლიტიკის მიზანი და ასევე, მისი წარმოების წესი აღარ არის სამართალსა და სამართლიანობაზე დაყრდნობით, კანონიერი, ლეგალური და ლეგიტიმური საშუალებებით, განსხვავებულ, თუნდაც ურთიერთ საპირისპირო ინტერესებსა და ნებათა შორის შეხების წერტილებისა და კომპრომისების გამონახვა, კონფლიქტის შემთხვევაში მისი სამართლითა და სამართლიანად გადაწყევტა, ე.ი. სამართლის აღსრულებით მშვიდობისა და წესრიგის, სამართლიანი თანხმობის შენარჩუნება, არამედ უკუღმართულად: თუკი „კლასიკურად“ პოლიტიკა კომპრომისის, თანხმობის გამომუშავების ხელოვნება გახლდათ, ახლა უკვე მთლიანად „ომის“ ხელოვნება, უფრო სწორედ – ტექნიკაა, ანუ – ოსტატობა მოწინააღმდეგის ნების მოსპობისა, მისი დათრგუნვისა, არარად ქცევისა და მასზე, როგორც ნივთზე, არა სუბიექტზე, არამედ ობიექტზე ბატონობის მოპოვებისა; ბუნებრივია, ასეთ დროს გარდაუვალია სამართლისა და სამართლიანობის, სამართლის იდეის მუდმივად დევალვაცია, ბოლოს – „სჯულის“, როგორც ასეთის, სულაც „ჩამოწერა“, მისი „არქივიზება“ და ეგზოტიკურ ექსპონატად მუზეუმში შენახვა; რადგან ჰიბრიდული ომისას, სადაც პოლიტიკა ომის ტექნიკაა, „სჯული ჩამოწერილია“, ხოლო კონვენციურ სამართალს, მის ფორმალურ ნორმებსა და წესებს ოდენ სარგებელის მისაღებად, მოგების უზრუნველსაყოფად ინსტრუმენტის როლი თუ აქვთ. ამგვარი ომის წარმოებისას როგორც ლეგალური, ასევე ნახევრად ლეგალური, სულაც უკანონო ხერხების გამოყენება, თუკი გაგივა, ერთნაირად დასაშვები, ტოლმნიშვნელოვანი ხდება; ამ დროს უსჯულოთა ხელში „კანონიერებაც“ სწორედაც უკანონობის „გაპრავებაა“; უარესიც: სამართლისა და კანონების წაკითხვა ისე ხდება, რომ მათი მიზანი სამართლიანობის მიღწევა, სამართლის იდეა კი არა, არამედ პირიქით: ძალმომრეობის, უსინდისობის, უსჯულოების „გაპრავებაა“, ომის მოგებაა – უსჯულოთა მიერ ჩვენი კანონიერი ინტერესებისა თუ თავისუფალი ნების დათრგუნვის, არარად ქცევის საშუალებაა და სამხედროზე მეტად ეფექტიანი ინსტრუმენტი; ამ თვალსაზრისით ნათელი ხდება, რომ თავისთავადაც ჰიბრიდული ომების ეპოქა, სადაც ზღვარი იშლება მშვიდობიანობასა და ომიანობას შორის, სადაც მშვიდობაც კი ომია, უსჯულოების, შესაძლოა, ბოლო ჟამიცაა.

ყველაზე ამაზრზენი კი ის გახლავთ, რომ ეს უსჯულოება „გათავისუფლებისა“ და „გამოხსნის“, ცრუ-მესიანიზმის „ნეოლიბერალური“ დროშებით (მათ შორის – ფერადი დროშებითაც) გვიტევს. წინა წერილში აღვწერეთ, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციის არსი ერი-სახელმწიფოსგან, მისი კონსტიტუციურობისგან, ანუ -სჯულისა და სჯულიერებისგან გათავისუფლება გახლდათ, რათა, როგორც თავადვე უწოდებენ – „ლიბერალური კორპორაცია“ გაბატონებულიყო; ხოლო ასეთი „კორპორაცია“, მათივე, „ვარდოსნების“ განმარტებით – „საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის სტაბილურ ავტოკრატიას“ (!) საჭიროებდა. სწორედ ეს გახლდათ ერი-სახელმწიფოს დამხობისა და სააკაშვილის 9 წლიანი უსჯულო რეჟიმის არსიც;

იგივე, „ნეგატიური თავისუფლების“, მაგრამ იმჯერად სრულიად აშკარა, შეუნიღბავად ავაზაკურ-მეკობრეული დროშით განხორციელდა 1991 წლის დეკემბრის სამხედრო, სისხლიანი პუტჩიც. მას, როგორც გარდაუვალი შედეგი, მოჰყვა გარეშე მტრის ინსპირირებით სისხლიანი ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ხოლო ყოველივე ამ უსჯულოების „იდეოლოგიური სარჩული“ მაშინაც, მართალია, ნაკლებად დახვეწილი, უფრო ველური, თუმცა არსებითად იგივე – „ლიბერალური დემოკრატიის“ კონსოლიდაცია (შეუცევადობის უზრუნვეყოფა) გახლდათ: კარგად მახსოვს, სამხედრო პუტჩის გამარჯვების პირველსვე დღეს, როგორც კი ტელემაუწყებლობა აღდგა, საბჭოთა დროიდან მემკვიდრეობით გამოყოლილი გენერალური პროკურორი(!) – ვახტანგ რაზმაძე, როგორ „აპრავებდა“ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ამბოხის გზით დამხობას; იგი უცებ საბჭოთა პროკურორიდან რადიკალ ლიბერალად მოგვევლინა და ასე გვმოძღვრავდა: „დემოკრატია ხალხის უზენაესობაა და სწორედ ის არის, როცა ხალხს აქვს ყველაფრის, მათ შორის – აჯანყების უფლებაცაო!“ აი, სწორედ იქ, როცა აჯანყების „უზენაესი უფლებით“ დემოკრატიული ლეგიტიმურობა და „კანონიერება“ დასაბუთდა ე.წ. გენერალური პროკურორის მიერ, იმთავითვე გაივლო მკვეთრი საზღვარი სჯულსა და უსჯულოებას, თუ გნევბათ – კონსტიტუციურ და „ნეოლიბერალურ“ დემოკრატიებს შორის; ხოლო მოგვიანებით, უკვე 2000-იანებში – „ნეოლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება“ (ფარიდ ზაქარიას ცნობილი დოქტრინალური წერილის სათაურია) პრაქტიკულად ასევე „ნეგატიური თავისუფლების“ ნიჰილისტური იდეის გარშემო „ლიბერალური დემოკრატიის“ კონსოლიდაციას და „აჯანყების უფლების უზენაესობას“ დაეყრდნო;

აქ ხაზგასასმელია: ვერც მაშინ, ე.ი. სამხედრო პუტჩის დროს და ვერც ე.წ. ვარდების რევოლუციისას, ანუ სჯულიერების წინააღმდეგ როგორც სისხლიანი, ისე უსისხლო ამბოხისას, ქართველებმა ვერ შევძელით ერი-სახელმწიფოს, კონსტიტუციურობის, სჯულისმიერობის დაცვა და სამართლისა და სამართლიანობის, სამართლის იდეის, სულაც – საღი აზრის გარშემო, ე.ი. სწორედაც – კონსერვატიული კონსოლიდაცია; ვერ შევძელით იმიტომ, რომ „იდეოლოგიურად“ გადაგვამუშავეს, დაგვაბნიეს, როგორც გამოჩენილი ქართველი მწერალი ცხონებული ოთარ ჩხეიძე იტყოდა – დაბნეული ხალხი ბრბოდ გადაგვაქციეს, რადგან თავისუფლების დიადი იდეის ნაცვლად პოზიტიური შინაარსისგან სრულიად დაცლილი, დამახინჯებულ-დეფორმირებული, სუროგატული, ნეგატიურ-ნიჰილისტური, უარისმყოფელური, „ლიბერალური დემოკრატიის“ რადიკალური ვერსია საწამლავად შემოგვაჩეჩეს გარეშე თუ შინაურმა უსჯულოებმა.

მას შემდეგაა საქართველოში შეურიგებელი პოლარიზაცია – დღემდე დაუსრულებელი ჰიბრიდული ომი, რომლის ფრონტის ხაზი პოტენციურად ნებისმიერ ქართველ ამომრჩეველზე გადის; ამ ჰიბრიდული ომის არსი უცვლელია და ის 30 წელია გრძელდება. საუბედუროდ, ორი გენერალური ბრძოლა წავაგეთ – 1992 წლის 6 იანვარსა და 2003 წლის 23 ნოემბერს, მაგრამ, მადლობა ღმერთს – ომი არ წაგვიგია, მეტიც – ამჟამად მტკიცე, როგორც არასდროს ამ 30 წლიან ომში, პოზიციები გვიკავია:

სჯულერების გარშემო ეროვნული კონსოლიდაციის, ე.ი. კონსერვატიული კონსოლიდაციის, „კრიტიკული მასა“, რომელიც 2003-12 წწ-ების „ნეოლიბერალური დემოკრატიის“ რესტავრაციას აღარასდროს დაუშვებს და მიმდინარე ჰიბრიდულ ომში საქართველოს ეროვნული პოზიციების სტრატეგიულ სიმტკიცეს გამოხატავს, ქვეყანაში უკვე არსებობს!

ეს „კრიტიკული მასა“ შეიკრა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ასეც ითქვას – მიმდინარე ჰიბრიდულ ომში „სტრატეგიული სიმაღლის“ აღებით: პირველი, ცხადია, გახლდათ 2012 წლის 1 ოქტომბერი, როცა სწორედაც სამართალსა და სამართლიანობაზე, სამართლის იდეაზე – ანუ სჯულსა და სჯულიერებაზე დაყრდნობით, დემოკრატიული არჩევნებით, თავიდან ბოლომდე და სრულად, ზედმიწევნით კონსტიტუციური, ხაზგასმულად კანონიერი და არა რაიმე სხვა, მშვიდობიანი თუ არამშვიდობიანი ამბოხის გზით, მოხდა ამ ქვეყანაში მთავარი: „საკუთარ მოგებაზე ორინტირებული ოლიგარქიის კორპორაციის სტაბილური ავტოკრატიის“ დამარცხება; საქართველოში ამ უსჯულო კორპორაციის მაგივრად, ერთხელ და სამუდამოდ, შეუქცევადად გაბატონდა სჯულისმიერი, კონსტიტუციური ერი-სახელმწიფო. ამ „სტრატეგიული სიმაღლის“ აღების, ეროვნული კონსოლიდაციის პირველი და მთავარი ეტაპის, რამაც „კრიტიკული მასა“ უკვე შეკრა, სულისჩამდგმელი – უდავოდ, უეჭველად ბიძინა ივანიშვილია, რომლის უდიდესი დამსახურება ქვეყნის წინაშე ისტორიას მარად გაჰყვება! მეორე „სტრატეგიული სიმაღლე“, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია – 2017 წელს წარმატებით დაგვირგვინებული საკონსტიტუციო რეფორმაა (მისი სულისჩამდგმელი „ქართული ოცნების“ დღევანდელი თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძეა) , რომლის შედეგადაც კონსტიტუციურ დემოკრატიას – სამართლებრივ, დემოკრატიულ და სოციალურ ქართულ სახელმწიფოს ურყევი და მტკიცე სამართლებრივი საძირკველი აქვს.

მიუხედავად ამ გამარჯვებებისა, ამ „სტრატეგიული სიმაღლეების“ აღებისა, რამაც კონსერვატიული კონსოლიდაციის „კრიტიკული მასა“ უდავოდ შეკრა, ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ არ დასრულებულა. ისევე, როგორც მთავარი ეროვნული სტრატეგია ამ ჰიბრიდული ომის მოსაგებად – კონსერვატიული, ე.ი. სჯულისმიერი კონსოლიდაციის პროცესი ისევ გრძელდება.

უსჯულოება ორივე ამ „სტრატეგიულ სიმაღლეს“ გააფთრებით უტევს: ცდილობენ არა კონსტიტუციური, არამედ უკანანო, „ეკერმანული“ ამბოხის გზით კონსტიტუციური დემოკრატიის ნაცვლად კვლავაც „ნეოლიბერალური დემოკრატიის“ ე.ი. თავიანთი უსჯულო კორპორაციის ბატონობის რესტავრაციას; სახელმწიფო და ხალხი თავდაცვის რეჟიმშია. მტკიცედ ვდგევართ, მაგრამ დროა, შეტევაზეც გადავიდეთ.

„შეტევაზე გადასვლა“ ჰიბრიდულ ომში სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებასა ნიშნავს. სტრატეიული ინიციატივა აქ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს კონსტიტუციური ერი-სახელმწიფო აქტიურ შე-მოქმედებაში. სჯულიემიერი, კონსტიტუციური ერი სახელმწიფო და მისი შე-მოქმედება სხვა არც არაფერია, თუ არა სამართლისა და სამართლისნობის, სამართლის იდეის დაცვა და მუდამდღე, უწყვეტად აღსრულება; სწორედ ეს გახლავთ ეროვნული სუვერენიტეტის, როგორც „პოზიტიური თავისუფლების“ პრაქტიკული რეალიზაცია; შეგახსენებთ, „პოზიტიური თავისუფლება“ პასუხობს არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებისას დასმულ შეკითხვას – „თავისუფლება ვისგან არ რისგან?“, არამედ ამ შეკითხვას პასუხობს სწორედ იმით, რომ სიტყვითა თუ საქმით ცდილობს ამ მუდმივ გამოწვევას – „თავისუფლება რისთვის?“ გაუმკლავდეს. ეს პასუხი უნდა იყოს მტკიცე და ურყევი, უყოყმანო, როგორც ეს ქართველებსჩვენი სჯულითა გვჩვევია: „თავისუფლება, რათა სათნო ექმნე ღმერთსა!“

ყოველივე ეს კი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას გულისხმობს და არა მხოლოდ უსჯულოების ნეგატიურ დღის წესრიგთან, რასაც მუდმივად თავს გვახვევენ, წინაღდგომას. ეს პოზიტიური დღის წერიგი უნდა გახდეს ჰიბრიდულ ომში ქართველთა მთავარი სტრატეგიის – სჯულისმიერი, ანუ კონსერვატიული კონსოლიდაციის საფუძველი. თუ რა და როგორი შეიძლება იყოს ეს პოზიტიური კონსერვატიული დღის წესრიგი საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში, ვცადოთ და მომავალ წერილებში ვუპასუხოთ.