დავით ზარდიაშვილი:
(წერილი მეორე: უსჯულოება, როგორც იდეოლოგიური პროექტი)
მსჯელობის გასაგრძელებლად, წინა წერილიდან ისევ უნდა გავიხსენოთ: „სჯული“ ქართული სიტყვაა და ოდითგანვე – სამართალს+ სამართლიანობას, სამართლის იდეას ერქვა. „სჯულიერებად“, ე.ი. „სჯულზე დგომად“ სამართალსა და სამართლიანობაზე დაყრდნობილი ცხოვრების მართალი წესი იწოდებოდა.
სჯულიერება, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მოქმედი სამართალი ერთხელ და სამუდამოდაა დადგენილი და დრო-ჟამის შესაბამისად არ შეიცვლება. ბუნებრივია, სამართალი, ისევე როგორ ყოველი ერი თუ ნებისმიერი საზოგადოება, წინსვლას, სრულყოფას ანდა პირიქით, დაქვეითებას განიცდის, განუწყვეტლივ იცვლება. ისტორიის მსვლელობის დიდ სურათს ეპოქათა, ჟამთა მონაცვლეობა ქმნის. ყოელი ერი თუ საზოგადოება დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების შესაფერისად ესწრაფის საუკეთესოდ ადაპტირდის იმ ცვალებად გარემოსთან, რაც ჟამთა მონაცვლეობას მოაქვს.
როგორც მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე მიხაკო წერეთელი თავის „ერსა და კაცობრიობაში“ ხაზგასმით აღნიშნავდა, ისტორია სწორედაც ერთა ასპარეზია, ერები არიან ის მთავარი შემოქმედი და სამართლის თვალსაზრისით კი – უფლებრივი სუბიექტები, ვინაც კაცობრიობის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, მთელს ისტორიასა ქმნიან და მეტიც: ისტორიის საზრისსაც მათ მიერვე მთლიანად ისტორიულ პროცესსა თუ კონკრეტულ დროს გაცნობიერებული საკუთარი ვინაობა, სუბიექტობა, ინტერესები და უფლებები, ადგილი და როლი განაპირობებს.
ამ თვალსაზრისით საქართველოს ვინაობა, ინტერესები, სუვერენული უფლებები, როლი და ადგილი, ეპოქებისა და ჟამთა ცვლის მიუხედავად, ურყევია: იგი როგორც ერი, საკუთარ ეროვნულ – ტერიტორიულ, ენობრივ და სარწმუნეობრივ იდენტობაზე დაყრდნობით სჯულიერების სადარაჯოზეა, სახელმწიფოდ ორგანიზებული კი – სჯულის შემნახავია, „ქრისტეს კვართის მცველია“; ხოლო ქართული სახელმწიფო სხვა არც არაფერია, არცა ყოფილა და არც იქნება თუ არა სჯულის – ე.ი. ყოველ ჟამს, ისევე როგორც აქ და ახლა, კონკრეტულად მოქმედი სამართლის დაცვა და აღსრულება. ეს გახლავთ ისტორიულ პროცესში, ვიდრემდეს მეორედ მოსვლამდე, საქართველოს „ჩვეულებისამებრ სვლა“, რასაც მრავალი მოწინააღმდეგე და უსჯულო მტერი ყოველთვისა ჰყოლია, ჰყავს და სამწუხაროდ, მომავალშიც ეყოლება.
ამჟამად, თანამედროვე ეპოქაში „სჯულისმიერობა“ – კონსტიტუციურობასა ნიშნავს. დღევანდელი ქართული ერი-სახელმწიფო დრო-ჟამის შესაფერისად – კონსტიტუციური დემოკრატიაა. ესაა ის სახელმწიფო წეს-წყობილება, ერის პოლიტიკური ორგანიზების ის ფორმა, რითაც დღვანდელ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეთ, ჩვენი ვინაობა, ეროვნული ინტერესები და სუვერენული უფლებები, როლი და ადგილი შევინარჩუნოთ, დავიცვათ და უკეთესისკენაც ვისწრაფოთ.
უსჯულოება, რასაც დღეს, ინდუსტრიალიზმისა თუ მით უმეტეს, პოსტ-ინდუსტრიალიზმის ჟამიანობაში, არა იმდენად მტრული რელიგიების, რამდენადაც მტრული იდეოლოგიების სახე აქვს, ცდილობს „ჩვეულებისამებრ სვლაზე“ ხელი აგვაღებინოს, საკუთარი ვინაობა დაგვავიწყოს, ინტერესები მოგვისპოს და უფლებები აგვყაროს, ხოლო უფლისგან კუთვნილი ადგილი და როლი – წაგვართვას. თავის დროზე, როცა ჩვენი სჯულიერების მთავარი ბურჯი გამოგვაცალეს და დიდი ილია წიწამურში მოჰკლეს, ეს საარაკო უსჯულოება, ეს მტრული იდეოლოგია – მარქსისტული „სოციალ-დემოკრატია“ გახლდათ, ხოლო ახლა, საჭირბოროტოდ „ლიბერალური დემოკრატია“ გაგვიხდა. ბედის ირონიაა, რომ როგორც თავის დროზე ამას „სოციალ-დემოკრატია“ სჩადიოდა, ახლაც – ეს საჭირბოროტო „ლიბერალური დემოკრატია“ პროგრესისა და „სამართლიანობის“, „ჭეშმარიტ უფლებათა“, მეტიც – კაცობრიობის „გამოხსნის“, ე.ი. ისევ ცრუ-მესიანიზმის სახელით სჩადის. ზედმეტი არ იქნება როგორც მსოფლიო, ასევე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ერთხელ კიდევ თვალი მივადევნოთ თუ როგორ, რა მზაკვრობითა და რა ბოროტების მანქანებით ახერხებენ ამას:
მსოფლიო მასშტაბით ლიბერალიზმის, რაც „ისტორიის დასრულებისკენ“ მისი განსაკუთრებული ლტოლვილს გამო, ალბათ ერთ-ერთი, თუ საერთოდაც ბოლო ჟამისა არა, ცრუ-მესიანიზმია, ძლევამოსილი სვლა მთელს პლანეტაზე ცივი ომის დასრულებას მოჰყვა;
მანამდე „ლიბერალიზმი“, როგორც იდეოლოგია, შედარებით მოკრძალებული და ზომიერი გახლდათ, მას არ გააჩნდა კაცობრიობის გამოხსნისა და ისტორიის დასრულების მსგავსი „მესიანისტური“ ამბიცია, რითაც ინდუსტრიალიზმის ორი წამყვანი იდეოლოგია – მარქსიზმი (სოციალ-დემოკრატია)და ფაშიზმი (ნაციონალ-სოციალიზმი) მკვეთრად გამოირჩეოდნენ. კომუნიზმისათვის – ისტორია კლასთა ბრძოლაა, ფაშიზმისათვის – რასებისა, ერებისა; კომუნიზმისთვის „მესია“ პროლეტარიატია, ფაშიზმისთვის – რჩეული რასა, ერი.
როცა კომუნიზმი დაეცა, ფრენსის ფუკუიამამ ახალ „მესიანიზმად“ლიბერალიზმი გამოაცხადა. დიახო, თქვა მან თავის წიგნში, ისტორია ბრძოლაა, თავისუფლების ნებასა და კეთილდღეობა-უსაფრთხოების აუცილებლობას შორის ბრძოლა, ხოლო ლიბერალიზმი ამ ბრძოლას იმითი დაასრულებს, რომ ადამიანს საკუთარი კლასობრივი, ეროვნული, რასობრივი, სარწმუნოებრივი, სექსუალაური და სხვ. და ა.შ. იდენტობების ტყვეობისგან იხსნის და უსაფრთხოება-კეთილდღეობასაც ამ გზით, ადამიანის ემანსიპაციით, უნივერსალური ადამიანის ფორმირებით, რომლისთვისაც ნებისმიერი იდენტობა განურჩეველია, სულ ერთია და უპირატესობა არსად არც ერთს არ მიენიჭება, უზრუნველყოფსო. ამით ისტორიის ორივე მიზანი – საყოველთაო თავისუფლება და „ინკლუზიური“ უსაფრთხოება-კეთილდღეობა, მიღწეული იქნება და ისტორიაც დასრულდებაო. ვინაიდან ინდუსტრიალიზმის ეს დიდი „მესიანიზმი“ – კომუნიზმი, სსრკ-ს დაშლით საბოლოოდ დაემხო, ხოლო ფაშიზმი მანამდე დასრულდა, ფუკუიამამ ისტორიის დასასრული შემდგარ ფაქტად, ხოლო ლიბერალიზმი კი გამარჯვებულად და უალტერნატივო იდეოლოგიად უკვე გამოაცხადა კიდეც. მას შემდეგ, დაწყებული 90-იანებიდან, ჩვენ მოწმენი ვიყავით ლიბერალიზმის მართლაც შეუჩერებელი ექსპანსიისა მთელს დედამიწაზე, რამაც ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს მართლაც დააკარგინა ადამიანური იდენტობა და ზოგი მშობელ ერთად ან ორად აქცია, ზოგი ქალ-კაცად, ან პირიქით, ზოგიც ქრისტიან ბუდისტად თუ ტრანსჰუმანისტად, ლიბერასტ-რევოლუციონერად, ვოუკ-შეშლილად და სხვ. და ა.შ. ხოლო აგერ, თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ურცხვად აცხადებს: მე ვარ პრეზიდენტის წარმომადგენელი, ისტორიაში პირველი (მაშადადამე – უკანასკნელიც!) , რომელიც არც თეთრი ამერიკელია, არც ქალი და არც კაცი, საბოლოო ჯამში ეს გამოუვიდა – არც ადამიანიო… „ისტორიის დასასრულის“ ლიბერალიზმი, რასაც უკვე ფარდა ბოლომდე აეხადა, სწორედაც ეს გამოდგა: ადამიანის „ხსნა“ მისი ადამიანობისგან გათავისუფლების გზით….
…აქ, საქართველოში ამ მტრული იდეოლოგიის, უსჯულო ცრუ-მესიანიზმის, ისტორიის დასასრულისკენ ამ უგუნური ლტოლვის „გათმოთარგმნა“ ჩვენში „ლიბერალური პროექტის – კორპორაცია საქართველოს“ დანერგვით მოხდა.
„ვარდების რევოლუციად“ წოდებული ამ ანტიქართული შეთქმულების იდეოლოგიური მომზადება ჯერ კიდევ 2000 წელს, თუ უფრო ადრე არა, დაიწყეს, ხოლო ამ წამოწყებას, ლიბერალური დემოკრატიის ამ იდეოლოგიურ შტურმს კონსტიტუციურობის, სამართლისა და სამართლიანობის, სამართლის იდეის, ანუ – სჯულის წინააღმდეგ იმთავითვე გააჩნდა მძლავრი საერთაშორიოს კონტექსტი – ლიბერალიზმის ძლევამოსილი სვლა მთელს მსოფლიოში. ეს ყველაფერი კი აქ ასე მოხდა:
იმ პერიოდში, როცა 11 სექტემბრამდე ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი გახლდათ, გამოქვეყნდა საქართველოში ლიბერალური იდეოლოგიის ერთ–ერთი რიგითი იმპორტიორის – ვინმე ფარიდ ზაქარიას საკმაოდ გახმაურებული სტატია: „ნეოლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება“. ამ სტატიაში ეს ავტორი პირდაპირ სვამს ერთი შეხედვით სრულიად უცნაურ და მეტიც – გამაოგნებელსაც, შეკითხვას: „იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი ქცევის და ცხოვრების კოორდინირება, რა უნდა მივიღოთ ძირითად პრინციპად – ლიბერალიზმი თუ დემოკრატია?“ ამ შეკითხვას იგი თავადვე ასე გასაოცრად პასუხობს: „საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას“ ცხადია, აქ საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტად სწორედ ლიბერალიზმის ძლევამოსილება, მისი უალტერნატივობა, ცრუ-მესიანისტური უძლეველობა იგულისხმება, ხოლო „სტაბილურ ავტოკრატიაში“ ავტორი უწინარესად ე.წ. „Laissez-faire”–ს, „თავისუფალი ბაზარის“, ხოლო ზოგადად – ლიბერალური ღირებულებების თუნდაც ძალადობით დამამკვიდრებელ რეჟიმს გულისხმობს და არა, ვთქვათ, სადამ ჰუსეინის ანტილიბერალურ ავტორიტარიზმს.
კლასიკური ლიბერალიზმისათვის სრულიად წარმოუდგენელია, თითქოსდა აბსურდულიც კია დილემა – დემოკრატია თუ ლიბერალიზმი? ასეთი შეკითხვის დასმა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ბოლო ჟამის, ე.ი. „ისტორიის დასასრულისკენ“ მიდრეკილი ლიბერალიზმი კონსტიტუციურ დემოკრატიას, ანუ თანამედროვე სჯულიერებას, თავად სამართლებრივი ერი- სახელმწიფოს იდეას – უკვე ღიად დაუპირისპირდა.
ფარიდ ზაქარიას აზრით, დასავლეთი უნდა ეცადოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თუ საჭიროა კონსტიტუციური დემოკრატიის პირდაპირი შეზღუდვის ხარჯზეც, ლიბერალიზმის გავრცელებას შეუწყოს ხელი, ე.ი. თუნდაც „ავტორიტარული ლიბერალიზმი“ გააბატონოს!
კლასიკური ლიბერალიზმის თვალსაზრისით ასეთი პარადოქსული სიტყავათწყობა –„ავტორიტარული ლიბერალიზმი“ – სრული უაზრობაა. მართლაც, ლიბერალიზმი ხომ პირველ ყოვლისა, თავისუფლების მოძღვრებაა და როგორ შეიძლება იგი ავტორიტარიზმს შეეგუოს? მაგრამ, რა სისულელეს არ გამოიგონებს ისტორიის დასასრულისა და „ბნელეთზე“ გამარჯვების მანიქეველური ჟინით შეპყრობილი, „მესიის მახვილად“ მოვლენილი, კომუნიზმის მარცხით თავრეტდასხმული ლიბერალი?!
სწორედ ეს აბსურდი, როგორიცაა „ავტორიტარული ლიბერალიზმი“, იქცა ქართველი ლიბერალების, „მოფერებით“ რომ – „ლიბერასტებს“ ვუწოდებთ, ახალ „წმინდა ბიბლიად“, მათი უსჯულოების იდეოლოგიურ სარჩულად. უარესიც – რელიგიის რანგში აყვანილი ფანატიზმის სახედ.ამ ფანატიზმის დოკუმემტირებაც მოხდა და ლიბერასტების „წმინდა წერილიც“ დაიწერა. ეს ცრუ-ბიბლია, ფარიდ ზაქარიას „სულთმოფენით“ აღფრთოვანებულ–შთაგონებულმა, ნაცების „დიადმა განმანათლებელმა“, მათმა „სწორუპოვარმა ინტელექტუალმა“ – ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა. იგი უნდა მივიჩნიოთ ლიბერასტების „პირველ წინასწარმეტყველად“, მათი ახალი „მცნების“ „კანონიკური ტექსტის“ ავტორად. ლიბერასტული „აღთქმა“, მათი „მესიის“ – რევოლუციონერი მიშას გამოცხადებამდე, ჯერ კიდევ 2000 წელს გია ნოდიას (ლიბერასტთა ერთ–ერთი მთავარი გურუ) ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულში დაბეჭდილი ჭიაბერაშვილის უსჯულო სტატიაა (იხ. „დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში“ № 6. 2000წ.). ამ სჯულის მგმობელურ სტატიას, შინაარსიდან გამომდინარე, ცინიკურად მაცდუნებელი და მკრეხელური ლოზუნგის მქონე სათაური აქვს – „წინ, ილია ჭავჭავაძისაკენ!“ აი, რამოდენიმე „წმინდა მცნება“ ქართველი ლიბერასტების ამ მკრეხელური, უსჯულო ანტი-ბიბლიიდან:
„თუ არჩევნებს მართლაც დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაატარებ, შესაძლოა ხელისუფლებაში წინა მთავრობაზე ნაკლები ლიბერალები ან სულაც ანტილიბერალები მოვიდნენ“. სწორედ ამ უსჯულო მცნების –„ლიბერალო, არა გაცდუნოს შენ სამართლიანმა არჩევნებმა!“ – გამო, ყოველი შემთხვევისთვის, თავის გადასაზღვევად, მიანდეს ზურაბ ჭიაბერაშვილს „რევოლუციით“ გამარჯვებულმა „ვარდოსნებმა“ ისედაც გარანტირებულად მოგებული არჩევნების ჩატარება და დანიშნეს იგი პოსტ-რევოლუციური ცსკო–ს პირველ თავმჯდომარედ.ზუსტად იგივე „მცნებას“ მისდევდა „სამართლიანი არჩევნებიც“, როცა აშშ-ს საგრანტო უზურნველყოფით 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები უსინდისოდ გააყალბა! როგორც აშკარადა ჩანს – ე.წ. ლიბერალურ დემოკრატიაში, განსხვავებით კონსტიტუციური დემოკრატიისგან, არჩევნების უსჯულოდ გაყალბება, შედეგების ფალსიფიცირება და ნებისმიერ ფასად „ლიბერალების“ გამარჯვება არა თუ დასაშვებია, არამედ – მთავარ წესადაც უნდა შემოიღო! ცხადია, გოგორიშვილ-მაჭავარიანის „ლიბერალური“ საარჩევნო პრაქტიკა, როგორც ქართულ სინამდვილეში გაყალბებათა ფუძემდებლებისა, სწორედ ამ „თეორიული თეზისის“ „წმინდა“ პრაქტიკაა და ლიბერასტობის (მათ შორის, გოგორიშვილის მემკვიდრეთა – იგივე „სამართლიანი არჩევნების“)„უტყუარობა- შეუმცდარობას“ მოწმობს!
მაგრამ, ესეც კი – დემოკრატიის ფალსიფიცირება ე.წ. ლიბერალობაში, კიდევ არაფერი, რადგან მთავარი ლიბერასტული „მცნება“, მართლაც სრულიად გამაოგნებელია: „იმისთვის, რომ გლობალიზაციის პროცესს ფეხი ავუწყოთ და ლიბერალური ტრადიციების მქონე დემოკრატიები ჩვენი არაპროგნოზირებადობით არ დავაფრთხოთ, განვითარების რაღაც ეტაპები ან უნდა გამოვტოვოთ ან ხელოვნურად გავიაროთ. თუ ზაქარიას ლოგიკას გავყვებით, მათ, ვინც ერი სახელმწიფოდ (Nation-State) ჩამოყალიბების ეტაპი გამოტოვა, კეთილი ინებოს და ერი კორპორაციად (Nation-Corporution) გაფორმდეს.“
მაშასადამე: ლიბერასტები არა მხოლოდ კონსტიტუციურ დემოკრატიას, არამედ ერი-სახელმწიფოსაც კატეგორიულად, რადიკალურად უპირისპირდებიან! თურმე, ჩამორჩენილი ქართველი ხალხისათვის, რომელმაც მათი მოსაწონი „ლიბერალური“ სახელმწიფოს შექმნა ვერ მოასწრო, ჭეშმარიტი ლიბერალიზმი გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში „ერი–კორპორაციის გაფორმება“ ყოფილა! ხოლო თუ ქართველი ხალხი სჯულისმიერი, ე.ი. – კონსტიტუციური ერი–სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად იზრუნებს, „არაპროგნოზირებადობით“ „ლიბერალური ტრადიციების მქონე“ დასავლელ გლობალისტებს დააფრთხობს, რითაც „პროგრესის“ მიღმა აღმოჩნდება! ანუ: ლიბერალური პროგრესის ფასი, არც მეტი, არც ნაკლები – უსჯულოება ყოფილა! „კარგად“, ე.ი. „დასავლურ-დიდკაცურად“ ცხოვრება თუ გსურს, სჯული – სამართალი და სამართლიანობა, სამართლის იდეა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწო – სწორედ ესაა ჩვენი „ლიბერალების“ ურყევი სტრატეგიაცა და შაბლონური (ე.ი. შარპულ-ეკერმანული) ტაქტიკაც არა მხოლოდ დღეს, არამედ უკვე 2000-იანი წლებიდანვე! ეს ხომ ზუსტად იგივეა, რასაც ისტორიულად საქართველოს მტრები სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის გასაუსჯულოებლად: კარგი ცხოვრება თუ გინდათ, თქვენი ცხოვრების წესი – „ქრისტეს სჯული“, ქართული სამართალი, სამართლიანობა, დაივიწყეთო და ხან არტოშანის აღიარებასა გვთხოვდნენ, ხან მაჰმადისა, ხან რა ჯანდაბისა და ხან რომელი ეშმაკისა (ფუი ეშმაკს!), ვინ მოსთვლის!
ცხადია, ლიბერასტებისთვის, როგორც უსჯულოთათვის, „გაიოლებულია“ საქმე – კორპორაციას, სჯულისმიერი ერი-სახელმწიფოსაგან განსხვავებით, არა აქვს და არცა სჭირდება კონსტიტუცია, არ არის საჭირო არც ხელისუფლებათა დანაწილება, არც მათი ბალანსის დაცვა. რაც მთავარია, კორპორაციას არა ჰყავს უფლებებით აღჭურვილი პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და არ გააჩნია არც სამოქალაქო, სჯულზე მდგარი ეროვნული ინსტიტუტები. კორპორაციას ჰყავს პატრონები და კლიენტები, ამიტომაც არ არის ზედმეტად თავი სამტვრევი არც მოქალაქის უფლებების დასაცავად. კორპორაციას, შეადგენენ მისი დამფუძნებელ-პატრონები, როგორც თავადვე უწოდებენ – „ოლიგარქიად გაერთიანებული წევრები“ (!). მათ – მხოლოდ „მოგების“ (მატერიალური თუ ე.წ. პოლიტიკური) მიღების მიზანი აქვთ და ამისთვის კი „სტაბილური ავტოკრატია“ სჭირდებათ. როგორც თავადვე ჭიაბერაშვილი „მჭერმეტყველურადა ბრძანებს“:
„სტაბილური ავტოკრატია უნდა განვიხილოთ როგორც საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის ერი–კორპორაცია და არა როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერი–სახელმწიფო.“ ასეთ კორპორაციაში მოქალაქე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ კორპორაციის კლიენტი, რომელსც კორპორაციისათვის მხოლოდ ის ფასი აქვს, რომ რაღაც მოგების მოტანა (საარცევნო ხმებით, ან თუ პატრონის ნებაა – საკუთარი ქონების ე.წ. სახელმწიფოსთვის „ჩუქებით“) შეუძლია კორპორაციის პატრონი ოლიგარქიისათვის!
მოდი და მწარედ ნუ გაგეცინება! როცა ეს, არც კი ვიცი, რა ვუწოდო, ძალიან რბილად რომ ვთქვათ – უკიდურესად მზაკვარი და უკანასკნელ მეძავზე უარესად გარყვნილი ხალხი, დღეს – „ოლიგარქიის“ წინააღმდეგ მებრძოლებად გამოდიან და სწორედ იმას, რაც თავადვე საკუთარ ძირეულ მიზნად ღიად გამოაცხადეს ჯერ კიდევ 2000 წელს, ვითომც, ჩვენს მოსაღორებლად და ისევ საცდუნებლად, ახლა ლოზუნგებით უპირისპირდებიან! საქმით კი – მათ წიაღშივე დანაშაულებრივი უსჯულოებით გამოზრდილ ოლიგარქთან – კეზერაშვილთან კორპორაციული პატრონ-კლიენტელიზმის დალაგება-აწყობას ლამობენ, სხვას – არც არაფერს! რასაკვირველია, ზუსტად იგივე უსჯულო მიზნით – კვლავაც დაამხონ ერი-სახელმწიფო, არარად აქციონ მისი სჯულიერება, მოსპონ კონსტიტუციური დემოკრატია და ისევ თავიანთი ლიბერასტული კორპორაციის, ანუ „საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის სტაბილური ავტოკრატია“ აღადგინონ!
2000 წელს თავადვე ასევე ღიად აცხადებდნენ და მერე მათი პრაქტიკაც ხომ ამ „თეორიის“ აღსრულება იყო: რა საჭიროა ზრუნვა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ანდა თუნდაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე? მთავარია კორპორაციამ ხეირი ნახოს, „მოგება“ (როგორც მაგ. აგვისტოს ომში 4, 5 მილიარდი!) მიიღოს, „გლობალიზაციის პროცესს ფეხი აუწყოს“, თავის მხრივ საერთაშორისო კორპორაციების კლიენტად იქცეს და ამ ქვეყანაში თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!
აი, სწორედ ეს გახლავთ გასაოცარი გულწრფელობით, ჯერ კიდევ 2000 წელსვე ღიად გაცხადებული მიზანი: „ლიბერასტული პროექტი – კორპორაცია „საქართველო“. ბუნებრივია, თუ ამ მიზანს ისევ განხორციელება უწერია, რაც გვინახავს იგივეს ვნახავთ – ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა ან მათ კორპორაციასთან ყოვლად უსჯულო „საპროცესო გარიგებაში“ უნდა შევიდეს, ანდაც, როგორც „ზედმეტი ადამიანები“ -ჩასარეცხად უნდა გაიწიროს! ხოლო ქართველთა სჯულისმიერი ერი-სახელმწიფო დავიწყებას მიეცეს და ისტორია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი, ქართველებისა – მართლაც დასრულდეს! სხვა არჩევანი – აღარ გვექნება და მერე, ბიძინაც კი ვეღარ გვიშველის!
…. მაგრამ: ვისაც ისტორიის დასრულება განუზრახავს, სამართლის, სამართლიანობის სამართლის იდეის – ე.ი. სჯულის ულმობელი ლოგიკა – უმალ თავადვე დაასრულებს და სამართალს ვერსად წაუვა! თუ როგორ, რა გზით – რა ფორმებით უნდა მოხდეს სჯულის გარშემო, ე.ი. კონსერვატიული კონსოლიდაცია, შემდეგ წერილში განვსჯოთ.