პარასკევს რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტი ბაიდენი სირიაში ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიკვდილთან დაკავშირებული რეაქციის გამო გააკრიტიკეს. მათი თქმით, პრეზიდენტი სისუსტეს ავლენს და ამერიკის მოწინააღმდეგეებს ვერ აკავებს.
კრიტიკა მას შემდეგ გაისმა, რაც ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს სირიაში საპასუხო საჰაერო იერიშების მიტანა უბრძანა, მანამდე ირანელებმა უპილოტო საფრენი აპარატით ერთი ამერიკელი სამხედრო მოკლეს და ექვსი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელთა გაშვებულ რაკეტებს რვა ირანელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პარასკევს ირანის მხარდაჭერილმა მარიონეტულმა ძალებმა საპასუხო დარტყმები განახორციელეს, მათ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს. პირველი შეფასებით, მათ გასროლილ რაკეტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც ბაზა დაზიანებულა.
რესპუბლიკელი კონგრესმენების განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის აშკარა დაპირისპირება ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტის ნიშანია.
„პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამერიკას საფრთხეს უქმნიან“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთი კაროლინიდან ლინდსი გრემმა. „ვშიშობ, რომ გენერალი მილი და თავდაცვის მდივანი ოსტინი ვერ უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობას, რომ უზრუნველყონ შეკავება, რაც ამერიკის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მიმართულებით წარუმატებლობაზე, რომელშიც აღმოვჩნდით, საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ბაიდენს ეკისრება“.
„თავდასხმის შემთხვევაში ამერიკას მხოლოდ ერთი გზა რჩება – სწრაფად და ენერგიულად უპასუხოს დიდი სადამსჯელო ძალით, რათა მომავალში მტერი მეტად გაფრთხილდეს, სანამ შეერთებულ შტატებთან ბრძოლას გადაწყვეტს. იყო ძლიერი – ეს არის საუკეთესო საშუალება, რათა თავიდან აიცილო მომავალი თავდასხმები“, – დასძინა გრემმა.
ბაიდენი სხვა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმაც გააკრიტიკეს. „უპატიებელია, რომ ამერიკელები იღუპებიან, ჯო ბაიდენის უმოქმედობის გამო“, წერს რესპუბლიკელი სენატორი არკანზასის შტატიდან ტომ კოტონი. „მას რომ ირანის მიერ განხორციელებულ გახშირებულ თავდასხმებზე დროულად და ძლიერად ეპასუხა, ამ ტრაგედიას ავიცილებდით. ოსტინმა უნდა განმარტოს რატომ არ აკეთებს უფრო მეტს ირანის შესაჩერებლად“.
რესპუბლიკელმა მაიკლ უოლტცმა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ფლორიდის შტატის მეექვსე საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, გამოაქვეყნა დიაგრამა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ირანის მხარდაჭერილი თავდასხმები გაიზარდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი „დაშოშმინების“ პოლიტიკას ატარებს და არა შეკავების.
„ტვიტერში“ თავისი პოზიცია რესპუბლიკელმა სკოტ პერიმაც დააფიქსირა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პენსილვანიის შტატს წარმოადგენს. მისი თქმით, ბაიდენი ირანს „ანებივრებს“.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ წინ უნდა აღუდგეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და ირანის ტერორიზმის, რომელსაც, როგორ ჩანს, სირიასა და მთელ რეგიონში ჯერ კიდევ აქვს დასაყრდენი. ირანის რეჟიმი რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას საფრთხეს უქმნის“, – დაწერა „ტვიტერში“ სენატორმა ოკლაჰომას შტატიდან ჯეიმს ლენკფორდმა.
პენტაგონში კი განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ესკალაციის რისკის შეზღუდვის მიზნით „პროპორციული და გააზრებული ქმედება“ განახორციელა, როდესაც სამიზნეებზე საპასუხო იერიშები მიიტანა.
კონგრესმენების გარდა შეშფოთება არაერთმა დამკვირვებელმა, მათ შორის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ანალიტიკოსებმაც გამოხატეს. მათი თქმით, ასეთი მიდგომა წაახალისებს ირანს, რომელიც ამერიკულ სამიზნეებზე იერიშებს გააგრძელებს.
თეთრმა სახლმა არ უპასუხა Fox News Digital-ის მოთხოვნას, რომ რესპუბლიკელების კრიტიკასთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა.
წყარო: https://is.gd/NrE8aA