ამერიკის რევოლუციის აღმავლობამ ბერკს, როგორც პარლამენტის წევრს ბრისტოლიდან, გადააწყვეტინა საჯაროდ მიემართა თავისი ამომრჩევლებისათვის და გამოაქვეყნა “წერილი ბრისტოლის შერიფებს”, სადაც განიხილავს ჭეშმარიტი სამოქალაქო თავისუფლების ნამდვილ ხასიათს. ამ წერილში აღსანიშნავია კონსერვატული უკმაყოფილება რადიკალიზმის გამო.
დამიჯერეთ ჯენტლმენებო, გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი დაგრჩათ, დახლართულია, ბნელი და აღსავსე თავსატეხი და მუხთალი ლაბირინთებით. ვინც ფიქრობს, რომ გასაღები ხელთ აქვს, შეუძლია ლაბირინთიდან გაგვიძღვეს. იმდენად შეგვიძლია ვენდოთ, რამდენადაც მიზანშეწონილად ჩავთვლით. მაგრამ თუკი თავიანთთვის სასარგებლო მიზნები ამოძრავებთ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ სწორი იქნება თუ მათ საქმიანობას მათივე ვნებების გამოღვიძებით შევუშლით ხელს? ეგებ არ შემიძლია ხელი შევაშველო მათ ვინც წარმართავს სახელმწიფოს, მაგრამ უნდა შემრცხვეს თუკი ერთი იმათთაგანი გავხდები, ვინც მყვირალა ბრბოდან ესალმება და აქეზებს საეჭვო და სახიფათო გზაზე დასადგომად. კეთილგონიერი ადამიანი ფრთხილობს, როცა სისხლისღვრასთან აქვს საქმე. იგი შიშობს, დიადმა მოწოდებამ მეტსიმეტად ღრმად არ შემიტყუოს თამაშში, რომლისაც არაფერი გამეგებაო. უპატიებელია, რომ თავდაჯერებული უცოდინრობა თავზეხელაღებულმა ვნებებმა წარმართოს. უბეჩავესი არსებაც კი, მიწაზე რომ დახოხავს და იხვეწება უსამართლობისა და ჩაგვრისაგან მიხსენითო, პატივისცემას იმსახურებს ღვთისა და კაცის თვალში. მაგრამ ვერ წარმომოდგენია რაიმეგვარი არსებობა ქვეშე ზეცისა (რაც თვისი უღრმესი სიბრძნით შეიწყალებს ყველა არსებას) მართლაც იმაზე უფრო ახირებული და საძაგელი, ვიდრე ის უძლური და უნუგეშო ქმნილებაა, ვისაც არც სამოქალაქო სიბრძნე გააჩნია, არც სამხედრო უნარჩვევები, არც ცნობიერება თუ რაიმე სხვა სახის კვალიფიკაცია ძალაუფლებისათვის, გარდა მისდამი მონობისა და მაინც გულზედ მოსული ამპარტავნებით ისეთი შეტაკებისაკენ იწევს, სადაც ბრძოლა არ ძალუძს, ესწრაფის მბრძანებლობას, რასაც ვერ შეძლებს და დაუბრუნდება თავის მდაბალსა და საცოდავ ყოფას, სხვებს კი დამცირებასა და უბედურებას მოუტანს.
თუკი მე და თქვენ ჩვენი ნიჭიერება დიადი და წარმმართველი არ გვგონია, ჩვენი ქცევა მაინც შეესაბამება ჩვენს ნიჭიერებას. არავის სიცოცხლეს არ შევაგდებთ სასწორზე ჩვენი დაუფიქრებლობის გამო. არც ერთი უპატრონო ქვრივი არ იტირებს სისხლის ცრემლებით, ჩვენი სიბრიყვის გამო. ყურადღებიანნი, ფხიზელნი და ეჭვით ღრმად ჩამხედავნი საკუთარ თავში მშვიდობისა და უსაფრთხოების ნავსაყუდელში შევეფარებით; და, ალბათ, როცა სხვებს იგივე თვითდაეჭვებას გავუზიარებთ, თავი უნდა წარმოვაჩინოთ, რომ მზად ვართ შევეწიოთ მათ კეთილდღეობას და არ დავანგრევთ მათ შესაძლებლობებს. . .
ყველაზე უფრო აშკარა ფაქტი მსოფლიოში გახლავთ ის რომ, “ამერიკელი ხალხის განწყობილება ყველაფერზე უარს ამბობს გარდა თავისუფალი მთავრობისა;” და ეს მინიშნება საკმარისია ყოველი პატიოსანი სახელმწიფო მოღვაწისათვის, თუ როგორ უნდა შეუხამოს მის ხელში ჩავარდნილი რანაირი ხელისუფლებაც უნდა იყოს მათსავე საქმეს. თუ ვინმე მკითხავს თავისუფალი მთავრობა რა არისო, ვუპასუხებდი, რომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ის არის, რაც ხალხს სურს; რადგან ხალხია და არა მე ბუნებრივი, კანონიერი და კომპეტენტური მოსამართლე ამ საქმეში. თუ ხალხი რეალურად მომანიჭებს იმაზე დიდ ძალაუფლებას თავის თავზე, ვიდრე თავისუფლების სწორი იდეისათვისაა შესაფერისი, მადლობა უნდა გადავუხადო ამ დიდი ნდობისათვის და არ უნდა შევეცადო და დავუმტკიცო, რომ უგუნურად განსაჯა, დაშორდა სწორ გზას და ვერაფერს მიაღწია იმის გარდა გამახარა და მასიამოვნა.
სხვა რომ გვენახა ამის ჩამდენი, დავასკვნიდით ნამდვილად გაგიჟებულაო. სამწუხაროც არის და სასაცილოც იმგვარი განსჯის მოსმენა, რითაც ჩვენი საზოგადოება ერთობა და ცდილობს ჩვენი შეხედულებები ამერიკული პოლიტიკის შესახებ საღი აზრისაგან დააშოროს. არიან ადამიანები, ვინც თავისუფალი Mმთავრობის დოქტრინა გაჭრეს და ანატომიურად შეისწავლეს, თითქოს აბსტრაქტული საკითხი იყოს, მეტაფიზიკური თავისუფლებისა და აუცილებლობის შესახებ და არა საკითხი ზნეობრივი კეთილგონიერებისა და ბუნებრივი გრძნობისა. მსჯელობენ, თავისუფლების იდეა ნეგატიურია თუ პოზიტიურიო, რისგან შედგება თავისუფლება, როცა კანონით არის მართულიო და არ უფიქრდებიან თუ რა არის კანონი ან ვინ შემოიღებს მას; აქვს თუ არა ადამიანს ბუნებისაგან მინიჭებული უფლებანი და მთელი მის მფლობელობაში არსებული საკუთრება მთავობისაგან ნაბოძებია თუ არა და თვით მისი სიცოცხლეც მთავრობის ჯილდო და წყალობა ხომ არ არის. სხვები, ვინც რელიგია შერყვნეს, ისე, როგორც მათ გადააგვარეს ფილოსოფია, ამტკიცებენ, ქრისტიანები ტყვედ არიან გაყიდულნი და კაცობრიობის მხსნელის სისხლი იმისათვის დაიღვარა, რომ ქრისტიანები მცირეოდენი ამბიციური და თავხედური ცვლილებიბის მონებად ქცეულიყვნენო. ეს გამაოგნებელი უკიდურესობანი, სხვა უკიდურესობას წარმოშობს; ვრცელდება სპეკულაციები დამანგრეველი ყველანაირი ავტორიტეტისა, დამანგრეველი ყველანაირი თავისუფლებისა; ყველა მთავრობას უწოდებენ ტირანიასა და უზურპაციას თუ ამ სპეკულაციების შემოქმედთ არ მოეწონებათ. ამგვარ მტკიცებულებათა გამღვივებელნი არ კმაყოფილდებიან ჩვენი გონების არევ-დარევით და სისხლითა და მკვლელობების ჩაგონებით ჩვენს წარმოსახვასაც რყვნიან; ცდილობენ, პრაქტიკულ თავისუფლებასთან ერთად, დაარღვიონ ადამიანური საზოგადოების საფუძვლებიც: სამართლიანობა და სამართალი, რელიგია და წესრიგი.
ჯენტლმენებო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნი ცდილობენ დაგვარწმუნონ, სამოქალაქო თავისუფლება არ გახლავთ მეცნიერების ჩაუწვდომელ სიღრმეში ჩამალული საგანი. სამოქალაქო თავისუფლება მადლია, ჯილდოა და არა აბსტრაქტული განაზრებანი; და სწორი განმარტება სამოქალაქო თავისუფლებისა ისეთი სადა ტექსტისაგან შედგება, რომ მშვენივრად ერგება იმათ უნარ-ჩვევებს, ვინც უნდა დაიცვას და კმაყოფილება მოჰგვაროს. სრულიად განსხვავდება გეომეტრიისა და მეტაფიზიკის საკითხებისაგან, რაც არ აღიარებს არავითარ მედიუმს და სწორია თუ მცდარი მთელი სიგრძე-სიგანით; სოციალური და სამოქალაქო თავისუფლება ყველა სხვა ცხოვრებისეული მოვლენების მსგავსად, მრავლნაირად ჩაწნული და სახეცვალებული, ძალზე განსხვავებულ დონეებზე დაფასებული, და უსაზღვროდ მრავალფეროვანი ფორმებით გამორჩეული გახლავთ, ყოველი თემის ხასიათისა და ვითარების შესაბამისად. უკიდურესი თავისუფლება (რაც თავისუფლების აბსტრაქტული სრულყოფილება გახლავთ და მისი ნამდვილი ნაკლი) ვერსად ხერხდება და არც უნდა მოხერხდეს სადმე; რადგან, როგორც საყოველთაოდაა ცნობილია, ყოველ წვრილმანში გამოვლენილი უკიდურესობა, რაც ან ჩვენ მოვალეობას, ან ცხოვრებით ტკბობას უკავშირდება, ანგრევს სიქველესაც და სიამოვნებასაც. თავისუფლებაც უნდა შეიზღუდოს, იმისათვის რომ დაეუფლო. და ყოველთვის შეუძლებელია ზუსტად დადგენა შეკავების დონისა; მაგრამ ყოველი ბრძენი სახალხო საბჭოს მოვალეობა უნდა იყოს ფრთხილი ექსპერიმენტებისა და რაციონალური, ფხიზელი მცდელობით მიაკვლიო არა თუ რამდენად დიდი, არამედ რამდენად მცირე შეზღუდვებით შეიძლება იცხოვროს თემმა; რადგან თავისუფლება სიკეთეა, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს და არა ბოროტება, რომელიც უნდა შემცირდეს. ეს არა მხოლოდ კერძო დალოცვაა პირველი წესრიგისა, არამედ სიცოცხლის წყარო და ენერგია თვით სახელმწიფოსი, რომალსაც სიცოცხლის იმდენი უნარი და ძალა გააჩნია, რამდენიც თავისუფლებაა მასში. მაგრამ იმისდა მიუხედავად ცუდია თუ კარგი თავისუფლება ( რადგან ვიცი, რომ მოდაშია მისი პრინციპების დეკლარირება), იმას მაინც არავინ გახდის სადავოდ, რომ მშვიდობა ღვთის წყალობაა; და მშვიდობას ხშირად მივყავართ ადამიანური ურთიერთობების გზებით, შენდობის და მოთმინების მეოხებით, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლებასთან. და რადგან შაბათი (მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი ინსტიტუტია) შეიქმნა კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის, მთავრობა, რომელსაც უფრო მაღალი წარმოშობისა თუ უფლებების დაქადნება არ შეუძლია, თავის საქმიანობაში, უნდა დაემორჩილოს დროის მოთხოვნებს, ხალხის ტემპერამენტსა და ხასიათს, რომელსაც ის ემსახურება; ამასთან გამუდმებით არ უნდა ცდილობდეს მძლავრობით მოდრიკოს ხალხი, თავისი თეორიებით დათრგუნოს. კაცობრიობის უმეტეს ნაწილს დიდად არ აინტერესებს რაგინდარა თეორიები, როცა ბედნიერები ერიან; და სახელმწიფოს ცუდად წარმართვის ერთი უეჭველ ნიშანთაგანია ის, რომ ხალხში ჩნდება მიდრეკილება თეორიებისაკენ მიდრეკილებისა.