პოლიტიკასხვადასხვა

სილვიო ბერლუსკონი უკრაინის ომის დაწყებაში ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს

0

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც პარტია ‘ფორცა იტალიას’ (Forza Italia) ხელმძღვანელობს, მთელი მსოფლიო გააკვირვა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა. ‘ფორცა იტალია’ მელონის სამპარტიული მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის უმცროსი პარტნიორია.
13 თებერვალს გაკეთებულ განცხადებებში ბერლუსკონიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის საუბარს „არასათანადო“ უწოდა და, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ ომი არ დაიწყებოდა ზელენსკის რომ „დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმები“ შეეწყვიტა, იტყობინება ყოველდღიური იტალიური გაზეთი ‘კორიერე დელა სერა’ (Corriere Della Sera).
„პრემიერ-მინისტრი რომ ვყოფილიყავი, ზელენსკის არასოდეს შევხვდებოდი, რადგან ჩვენ თვალწინ ნადგურდება მისი ქვეყანა, იხოცებიან მისი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მას რომ დონბასის ავტონომიური რესპუბლიკების დაბომბვა შეეწყვიტა, არც ქვეყანა დაინგრეოდა და არც ხალხი დაიხოცებოდა. ამ ბატონის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ“.
ბერლუსკონის თქმით, ომი რომ დასრულდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ზელენსკი უნდა დაიბაროს და უთხრას: „ომის დასრულების შემდეგ თქვენს განკარგულებაში იქნება ‘მარშალის გეგმა’, რათა ექვსი-შვიდი ან რვა-ცხრა ტრილიონი აშშ დოლარით აღადგინოთ უკრაინა, თუმცა ერთი პირობით – ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება უნდა გასცეთ, რადგან ხვალიდან აღარც დოლარებს მოგცემთ და აღარც იარაღს“.
„მხოლოდ ამის მსგავსი შეთავაზება თუ დაარწმუნებს ამ ბატონს შეწყვიტოს ცეცხლი“, – დაასკვნა Forza Italia-ს ხელმძღვანელმა.
ბერლუსკონის კომენტარები წინააღმდეგობაში მოდის იმავე საღამოს მელონის ოფისის გავრცელებულ განცხადებებთან, როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი მთავრობის მხარდაჭერა უკრაინას და დაწერა:
„იტალიის მთავრობა უკრაინას მტკიცედ და დაბეჯითებით უჭერს მხარს, რაც გარკვევით არის ნათქვამი პროგრამაში და, რაც დაადასტურეს უმრავლესმა კანონმდებლებმა, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას უჭერენ მხარს“.
იტალიის ყოფილი პრემიერის განცხადებებს მოსკოვშიც გამოეხმაურნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა:
„ბერლუსკონი მე არ უნდა განვსაჯო. ეს იტალიელების საქმეა. მე უბრალოდ ფაქტებს ვეყრდნობი. ისინი კი ამბობენ, რომ რვა წლის განმავლობაში, 2014 წლიდან, რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა მინსკის შეთანხმებების შესრულებას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ. მაგრამ ეს დასავლეთის გეგმებში არ შედიოდა“.
ამ საკითხის განხილვაში იტალიის მთავარი მემარცხენე ოპოზიციური პარტია ‘დემოკრატიული პარტიაც’ (Partito Democratico (PD) ჩაერია და შეეცადა ნათელი მოეფინა ქვეყნის მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში არსებულ იდეოლოგიურ შეუთავსებლობაზე.
გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ბერლუსკონის საკამათო განცხადებები იტალიის მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის ერთიანობაზე.

წყარო: https://is.gd/BtjFNP