რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

სიბრძნე სიცრუისა?

0

დავით ქართველიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის სკანდალურმა განხილვამ, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, საერთაშორისო აგენტოკრატების ორკესტრირებულმა შემოტევამ საქართველოს სუვერენიტეტზე, უცხო ქვეყნების დაუფარავი ჩარევით და პოლიტიკური მოვლენების „მაიდანიზაციაში“ გადაყვანის პირდაპირმა მოწოდებებმა – გაგვახსენა ერთი ძველი ანდაზა. თუ რუსეთს თავის იმპერიალისტურ ზრახვებში ჰყავს ორად-ორი მეგობარი: „არმია და ფლოტი“ – და ჩვენ ამის უშუალო მოწმენი ვართ საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის სახით, აგენტოკრატების ორი ძირითადი მეგობარი ჩვენთან განვითარებულ მოვლენებში იყო „ფეიკი და ცილისწამება“. დღეს შეიძლება ადრეა ამ ორ დამანგრეველ მანკიერებასთან ბრძოლის ფრონტის გახსნა, ვინაიდან დიდია ალბათობა – ამასაც „რუსული“ შესაფუთი მოარგონ. მაგრამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შემთხვევაში არასაკმარისმა წინასწარ ჩატარებულმა ახსან-განმარტებითმა სამუშაომ და დაშვებულმა შეცდომებმა (რის გამოც საინფორმაციო ომის ამ კომპონენტში კანონის ინიციატორები პირნათლად დამარცხდნენ) ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან გამკვლავებაში ეს მწარე გამოცდილებაც უნდა გავითვალისწინოთ და „იჩქარონ ნელა“.
მედიასაშუალებებით დეზინფორმაციის, სიცრუის ტირაჟირების შემაკავებელი რეგულაციები ამჟამად გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „მაუწყებლობის შესახებ“, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად საჭიროებს ცვლილების შემოღებას. ამჟამად აღნიშნული კანონით ფეიკებისა და ცილისწამების გავრცელება თვითრეგულირების წესებით შემოიფარგლება, რაც არაეფექტურია და მედიასაშუალებების პოლიტიკურ გამოყენებას, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართულებით აქტიურად უწყობს ხელს. თვითრეგულირების პრინციპის ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია, ისარგებლონ დაინტერესებულმა გარე აქტორებმა და მაუწყებლობის მეშვეობით აქტიურად გაავრცელონ დეზინფორმაცია, სიცრუე, ცილისწამება და პროპაგანდა. მოქმედ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში შეიქმნება სამაუწყებლო მედიაში ფაქტების სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საგანგებო ვითარების გაშუქების სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი. ამჟამად, ომის პროპაგანდის, პორნოგრაფიის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საგანგებო ვითარების გაშუქების სტანდარტების დამრღვევი პროგრამების განთავსება არ იწვევს მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს.
თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქმედით მექანიზმებად, წინა კანონპროექტის მსგავსად, ამჯერადაც ვეცადეთ შევისწავლოთ მხოლოდ დასავლური ქვეყნების გამოცდილება. სანამ ამ მცდელობასაც არ მოარგებენ „რუსულ ტრეკოლორს“, განვიხილოთ:
1. ევროკავშირი, სადაც მისი საბჭოს (Council of the EU) გადაწყვეტილებით 2022 წლის მარტს მოხდა 6 რუსული მაუწყებლის (სპუტნიკი და RT-ს ოფისები – RT English, RT UK, RT Germany, RT France, RT Spanish) სანქცირება და აიკრძალა მათი ნებისმიერი სახით მაუწყებლობა მთელი ევროკავშრის ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 215-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ მიიღოს შემზღუდველი ღონისძიებები. გადაწყვეტილება დასაბუთდა იმ გარემოებაზე, მითითებით, რომ მედიასაშუალებების საშუალებებით რუსეთი ფაქტების მანიპულაციის გზით ამართლებდა და მხარს უჭერდა უკრაინაში აგრესიას. ევროკავშირის საბჭომ მიიჩნია, რომ ამ არხების მაუწყებლობა კვალიფიცირდებოდა, როგორც „მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე“ ევროკავშირის „საჯარო წესრიგისთვის და უსაფრთხოებისთვის“.
2. ირლანდია, სადაც 2009 წლის მაუწყებლობის აქტი ადგენს მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებას მთელ რიგ საკითხებზე:
✓ მიუკერძოებლობა და ობიექტურობა – ახალი ამბები მაუწყებლებმა უნდა გადასცენ და წარადგინონ ობიექტური და მიუკერძოებელი გზით;
✓ ახალი ამბების ტენდენციური გაშუქების აკრძალვა – ახალი ამბები მაუწყებლებმა უნდა გადასცენ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის გარეშე;
✓ სამართლიანობა – მიმდინარე მოვლენების, მათ შორის, საჯარო დისკუსიის საგნების მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს სამართლიანად და საკითხი უნდა გადაიცეს ობიექტური და მიუკერძოებელი გზით;
✓ მიმდინარე მოვლენების ტენდენციური გაშუქების აკრძალვა – მაუწყებელმა არ უნდა გამოხატოს საკუთარი შეხედულება მიმდინარე მოვლენების, საჯარო დისკუსიის და დებატების საგნების გაშუქებისას;
✓ ზიანი ან სამართალდარღვევა – არ უნდა გადაიცეს კონტენტი, რომელიც შეიძლება გონივრულად მიჩნეულ იქნეს ზიანის ან სამართალდარღვევის გამომწვევად;
✓ წაქეზება – არ უნდა გადაიცეს კონტენტი, რომელიც შეიძლება გონივრულად მიჩნეულ იქნეს დანაშაულის წახალისებად ან წაქეზებად ან სახელმწიფო ხელისუფლების ეჭვქვეშ დაყენებად;
✓ პირადი ცხოვრება – პროგრამებში და პროგრამების გასაკეთებლად არაგონივრულად არ უნდა შეიზღუდოს პირადი ცხოვრების უფლება.
ირლანდიის მაუწყებლობის აქტი ითვალისწინებს სპეციალიზებულ ორგანოს, რომელიც მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების დაცვას აკონტროლებს – ეს არის ირლანდიის მაუწყებლობის ორგანო (Broadcasting Authority of Ireland – BAI). მაუწყებლობის ორგანო აკონტროლებს მაუწყებლების საქმიანობის შესაბამისობას მაუწყებლობის ხელშეკრულების პირობებთან, მაუწყებლობის კოდექსებთან, წესებთან. შესაბამისობის კომიტეტმა მაუწყებელს წესების, მათ შორის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის დარღვევისთვის შეიძლება დააკისროს – მაუწყებლობის ხელშეკრულების (შესაბამისად მაუწყებლობის უფლების) შეჩერება ან გაუქმება, აგრეთვე ფინანსური სანქციები 250 000 ევრომდე ჯარიმის სახით.
3. ლატვია, რომლის კანონმდებლობით შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება სამაუწყებლო პროგრამები, მათ შორის, დადგენილია სიზუსტისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნები. ასევე იკრძალება ისეთი მოწოდების შემცველი პროგრამის განთავსება, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ თავდაცვას და საჯარო წესრიგს. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისთვის სანქციის სახით შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ჯარიმა, ისე – ლიცენზიის გაუქმება. 2022 წლის 6 დეკემბერს ლატვიის მარეგულირებელმა რუსულენოვან მაუწყებელ ტვ „დოჟდს“ შეუწყვიტა ლიცენზია შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის გამო. კერძოდ, ადგილობრივმა მედიის მარეგულირებელმა ლატვიის ელექტრონული მას მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიჩნია, რომ ტვ „დოჟდის“ ეთერში განთავსებული პროგრამები, რომლებშიც (ა) ისეთი რუკა გავრცელდა სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული, (ბ) რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „ჩვენს არმიად“ მოიხსენიებდნენ და ახმოვანებდნენ შესაძლო მხარდაჭერას რუსეთის არმიის მიმართ, საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ თავდაცვას და საჯარო წესრიგს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის გამო, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დაეკისროთ პირდაპირ ჯარიმა ან ლიცენზიის გაუქმებაც კი, მაშინ, როცა ქართული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა, პირველ ჯერზე აუცილებლად გაფრთხილება უნდა მიეცეს, ჯარიმა შესაძლებელია მხოლოდ მეორე ჯერზე (შემოსავლის არაუმეტეს 0.5%), ხოლო ავტორიზაციის შეჩერება მხოლოდ მესამე ჯერზე დარღვევის შემთხვევაში ანუ ჯარიმის გამოყენების შემდეგ.