პოლიტიკასხვადასხვა

სი ძინპინი პუტინს: „ცვლილებების დრო დგება და ჩვენ, ერთად განვახორციელებთ მას“

0

22 მარტს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მოსკოვში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურად ხელმეორედ აირჩიეს. სის ვიზიტი არც დასავლეთში და არც მსოფლიოში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
დამშვიდობებისას ჩინეთის ლიდერმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს, ხელი ჩამოართვა და უთხრა: „ცვლილების დრო დგება, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ დამდგარა და ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას“. ამ განაცხადებას პუტინი ეთანხმება. თავის მხრივ, სიმ უპასუხა: „გთხოვ, თავს გაუფრთხილდი მეგობარო“.
გამოსამშვიდებელი სიტყვისას ხელის ჩამორთმევამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟესტი მათ მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავდა, სპეკულაციები გამოიწვია, რადგან გაურკვეველია, კონკრეტულად რა „ცვლილებებს“ გულისხმობდა სი.
ფართოდ გაგებით ეს ნიშნავს ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რუსეთი და ჩინეთი. მოსკოვი და პეკინი შეერთებული შტატების მფარველობის ქვეშ არსებულ დასავლური ლიბერალიზმის მოდელს ჩამოშორდებიან და უფრო „სამართლიან“ მრავალპოლარულ სამყაროს ჩაუყრიან საფუძველს. ორივე ქვეყნის ლიდერი იმედოვნებს, რომ ამ შემოთავაზებულ ხედვას გლობალური სამხრეთი მხარს დაუჭერს და მას სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით დაარწმუნებენ, რომ ამ წამოწყებას შეუერთდეს.
მართლაც, მოსკოვში ვიზიტამდე სიმ დაწერა სტატია, რომელშიც ამბობს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, როდესაც განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების აღიარებით არც ერთი ქვეყანა სხვა ქვეყანას არ აღემატება, არც ერთი მმართველობის მოდელი უნივერსალური არ არის და არც ერთმა ქვეყანამ (იგულისხმება აშშ) არ უნდა უკარნახოს თავისი პირობები საერთაშორისო წესრიგს. მთელი კაცობრიობის საერთო ინტერესი არის ის, რომ სამყარო იყოს ერთიანი და მშვიდობიანი და არა გაყოფილი და არასტაბილური.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა უარყოფს „სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის“ შექმნას, დასავლელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი მსგავს რამეზე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, დასავლეთში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა შეიძლება საბოლოოდ რუსეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. როგორც ჩანს, სისა და პუტინის პომპეზური შეხვედრა იმაზე მიუთითებდა, რომ მსოფლიოს ერწმუნა, რომ რუსეთ-ჩინეთის კავშირი იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
კრემლში ოთხსაათნახევრიანი პირადი საუბრის შემდეგ სიმ და პუტინმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ჩამოაყალიბეს ორი ქვეყნის სამოქმედი საზღვრები, რომელიც სრულიად ასახავს „განსაკუთრებულ ხასიათს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებისას, რომელმაც უმაღლეს დონეს მიაღწია ჩვენს ისტორიაში და რომელიც ჭეშმარიტი, ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის მოდელს გვთავაზობს“.
დიდი ყურადღება დაუთმეს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, რადგან ჩინეთი „რუსეთის წამყვანი საგარეო სავაჭრო პარტნიორია“. პუტინის თქმით, რუსეთმა, რომელსაც უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა სანქციები დაუწესა, ენერგომატარებლების ექსპორტის მიზნით სხვა პარტნიორები მონახა.
გასულ წელს, განაგრძო რუსეთის ლიდერმა, ორმხრივი ვაჭრობა 30 პროცენტით გაიზარდა (იანვრის ანგარიშში ჩინელებმა 34,3 პროცენტიანი ზრდა დააფიქსირეს) და  ახალი რეკორდი – 185 მილიარდი აშშ დოლარი – დაამყარა. პუტინის პროგნოზით, მიმდინარე წელს ვაჭრობის მოცულობამ შესაძლოა 200 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს, რაც სიმბოლური ზღვარია.
ეკონომიკური თანამშრომლობა ასევე გაღრმავდება „რვა სტრატეგიულ სფეროში, პირველ რიგში ფინანსების, სამრეწველო წარმოებისა და ტექნოლოგიების, ასევე ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში“.
მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხვედრის მთავარი თემა არ იყო, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის ომზეც იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მომქედებების დარეგულირებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. სის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის უფლებამოსილებას არც რუსეთი, არც ჩინეთი და არც აშშ არ აღიარებს, პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით“ ჩინელების „ობიექტურ“ და „მიუკერძოებულ“ პოზიციას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რადგან რუსეთმა და ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთობლივი წინააღმდეგობა „ნებისმიერი სახელმწიფოსა და მათი ბლოკების მიმართ, რომლებიც სხვა სახელმწიფოების ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება, ზიანს აყენებენ, რათა სამხედრო, პოლიტიკური და სხვა ტიპის უპირატესობები მოიპოვონ“.
რუსეთი, რომელიც ჩინეთს, როგორც შუამავალს (როლი, რომელშიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც ერთმანეთთან დაპირისპირებულ საუდის არაბეთსა და ირანს შორის შეთანხმების გაფორმებისას შუამავლობა იკისრა) ნდობას უცხადებს, მიესალმება პეკინის „კონსტრუქციულ იდეებსა და მზადყოფნას პოზიტიური როლი შეასრულოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით დარეგულირების საქმეში“, რომელიც ჩინეთის სამშვიდობო გეგმაში იყო გამოკვეთილი.
თუმცა პუტინი ეჭვობს, რომ დასავლეთი და კიევი  ამ „მზადყოფნას“ არ დათანხმდებიან. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაფუჭებული ურანით დამზადებულ ჭურვებს გადასცემს, პუტინმა დასავლეთი „ბირთვული კომპონენტით“ დამზადებული იარაღის განთავსებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი „საპასუხო ნაბიჯს გადადგამს“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გაფუჭებული ურანი „სტანდარტული კომპონენტია“, რომელსაც „არანაირი კავშირი არ აქვს ბირთვულ იარაღთან“.
გაფუჭებული ურანით დამზადებული ჭურვები ნატოს ჯარებმა ერაყსა და ბალკანეთში გამოიყენეს. შედეგად, დაბადებულ ბავშვებს დეფექტები აღენიშნებოდათ.
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „გაფუჭებული ურანი და ტოქსიკური ნივთიერებები ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებია“ და შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თირკმლის უკმარისობა და გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი.
სიმ, რომელიც უკრაინაში გაფუჭებული ურანის შესაძლო გამოყენების გამო შეშფოთებას არ მალავს, განაცხადა, რომ პეკინი მშვიდობისა და დიალოგის მომხრეა და ჩინეთი „ისტორიის სწორ მხარეს“ დგას.
როგორც მოსალოდნელი იყო პეკინის 12-პუნქტიან სამშვიდობო ინიციატივას კიევსა და ვაშინგტონში დიდი ენთუზიაზმით არც შეხვდნენ, რადგან ჩინელების გეგმა არ გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, რომელიც მოსკოვს ანექსირებული ტერიტორიების შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ რუსეთის გასვლამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება „ფაქტობრივად ხელს შეუწყობს რუსეთის დაპყრობილი ტერიტორიების რატიფიკაციას“ და მსოფლიო „არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის ტაქტიკური ნაბიჯით, რომელსაც ჩინეთი ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა უჭერს მხარს, რათა თავისი პირობების გათვალისწინებით გაყინოს ეს ომი“.
უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, სანამ რუსეთი იმ ტერიტორიებს არ დატოვებს, რომლებსაც კიევი ოკუპირებულად მიიჩნევს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ კიევმა ტერიტორიული „რეალობები“ უნდა აღიაროს, რადგან აღმოსავლეთი უკრაინის ოთხმა რეგიონმა გასულ სექტემბერს რეფერენდუმებით, რომლებსაც კოლექტიური დასავლეთი გაყალბებულად მიიჩნევს, რუსეთის ფედერაციაში შესვლას დაუჭირა მხარი.

წყარო: https://is.gd/BuAuVI