ავტორი რობერტ სემენსენი, 18 აპრილი, 2023 წ.
გასულ კვირას შეერთებული შტატების მიერ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის (IIB) წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კვალდაკვალ, ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკელი კანონმდებლები დამატებით სანქციებს ამზადებენ, რომლებიც შეიძლება უნგრეთის მთავრობის რამდენიმე ყოფილ ჩინოვნიკს შეეხოს.
მოხსენებაში, რომელიც შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის დაფინანსებულმა ‘რადიო თავისუფლებამ’ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-ის კონგრესმა კორუფციაზე ფოკუსირებული კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც თუ ზედა და ქვედა პალატები მიიღებენ, შესაძლებელია, რომ რამდენიმე უნგრელი ყოფილი ჩინოვნიკი და მთავრობასთან დაახლოებული პირი იმ ადამიანთა სიაში მოხვდეს, რომლებსაც ვიზის მიღება ეკრძალებათ.
როგორც ამბობენ, ამ კანონპროექტს, რომელზეც რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა და სენატორმა გასულ წელს დაიწყო მუშაობა, აშშ-ის კონგრესს მაისში წარუდგენენ. იმ ოფიციალური პირების თქმით, რომლებიც მოსამზადებელ პროცესში კარგად არიან გარკვეული, თუ იგი კანონის სახეს მიიღებს, როგორც ჩანს, ეს იქნება ახალი კრიტიკული ნიშნული აშშ-სა და უნგრეთის ურთიერთობებში, რომელიც ამჟამად ისეთივე ცუდია, როგორც ეს იყო ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში.
იმოწმებს რა ოფიციალური პირების სიტყვებს, ზემოხსენებული საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ვაშინგტონი აფინანსებს, წერს, რომ კანონპროექტი ეყრდნობა სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებული პროგრამების 7031-ე (c) თავს, რომელშიც ნათქვამია, რომ „უცხოელ ჩინოვნიკებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული არიან საკმაოდ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში და/ან შემჩნეული არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება არ აქვთ“.
დედაქალაქ ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, American Enterprise Institute-ის, უფროსმა ანალიტიკოსმა, დალიბორ როჰაკმა, სანქციების შესახებ, რომლებიც მისი თქმთ, შემუშავების პროცესშია, პრესისთვის მიცემული ახსნა-განმარტებისას განაცხადა: „ეს ნაბიჯი დაგვიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, შეერთებულ შტატებს უფრო მკაცრად უნდა ემოქმედა, როდესაც საქმე კორუფციას ეხება, და ეს კარგი ნაბიჯია“.
„ეს ალბათ ერთადერთი ენაა, რომელიც ორბანის მთავრობას ესმის“, – დასძინა როჰაკმა.
სანქციების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 12 აპრილს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და უნგრეთში შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადეს, რომ ბუდაპეშტში დაფუძნებულ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკსა და მის სამ მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებდნენ. ესენი არიან: რუსეთის მოქალაქეები ნიკოლაი კოსოვი და გეორგი პოტაპოვი და უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი, რომელიც უწინ აზერბაიჯანში უნგრეთის ელჩად მსახურობდა.
მალევე უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ IIB-დან, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, თავის წარმომადგენლებს უკან იწვევდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ, დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით, უნგრეთს სანქციები ადრეც დაუწესა. 2014 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავრობამ ექვს უნგრელ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელს, ილდიკო ვიდას, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იმჟამად გამოიყენეს პრეზიდენტის ბრძანებულება 7750, რომელიც უფლებას იტოვებს, რომ „კორუფციაში ჩართული პირები ან მისი ბენეფიციარები ქვეყანაში დროებით არ შეუშვას“.