ამერიკელთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა კიევს მშვიდობის დამყარებისკენ უნდა მოუწოდოს.
ნოემბრის მიწურულს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ეს თანხა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. ომის დაწყებიდან ათი თვე გავიდა.
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩიკაგოს საბჭოს შეხვედრა. შეერთებული შტატები უკრაინას როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო კუთხით დაეხმარება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთარში მიმდინარეობს, ამერიკაში საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო – უნდა დაეხმაროს თუ არა ვაშინგტონი კიევს ომის გაგრძელებაში თუ ისინი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაში უნდა დაარწმუნოს.
ძირითადი შედეგები
• ამერიკელთა 26% მიიჩნევს, რომ კონფლიქტში უპირატესობა რუსეთის მხარესაა, ამდენივე პროცენტი მიიჩნევს, რომ უპირატესი მდგომარეობა უკრაინას აქვს. თუმცა 46 %-ის აზრით, უპირატესობა არცერთი ქვეყნის მხარეს არ არის.
• ამერიკელთა 65% ფიქრობს, რომ უკრაინას შეიარაღებით უნდა დაეხმარონ, 66% კი უპირატესობას ეკონომიკურ დახმარებას ანიჭებს, უკრაინელი ლტოლვილების მიღებას 73% უჭერს მხარს, 75% კი რუსეთისთვის სანქციებს დაწესების მომხრეა.
• ამერიკელთა 40% თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა განუსაზღვრელი დროით უნდა გააგრძელოს. ათიდან თითქმის სამი ამბობს, რომ შეერთებული შტატები სამხედრო კონფლიქტში უნდა ჩაერთოს, რათა უპირატესობა უკრაინამ მოიპოვოს. ომის რაც შეძლება მალე დასრულებას 27% უჭერს მხარს, 29%-ს კი მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თანდათანობით უნდა შეუწყვიტოს დახმარება.
• 48% ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა კიევს „იმდენი ხანი უნდა დაუჭიროს მხარი, რამდენსაც ამის საჭიროება მოითხოვს“ (2022 წლის ივლისში 58% ფიქრობდა ასე), 47%-ის აზრით კი, ვაშინგტონმა უკრაინას, რაც შეიძლება მალე, მშვიდობის დამყარებისკენ უნდა მოუწოდოს (2022 წლის ივლისში 38% ფიქრობდა ასე).
• წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იმარჯვებს, დიდ გავლენას ახდენს უკრაინის მხარდაჭერაზე.
უპირატესობა არც რუსეთს აქვს და არც უკრაინას.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სამიტზე, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ახალ თავდასხმებს უნდა მოელოდეს, რადგან „რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხდება“. უკრაინელთა კონტრშეტევამ მოსკოვს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში უკან დაახევინა.
თუმცა სტოლტენბერგისგან განსხვავებით, ამერიკელები სხვაგვარად ფიქრობენ. ჩიკაგოს საბჭოს კვლევის თანახმად, ამერიკელთა 26%-ს მიაჩნია, რომ ამ კონფლიქტში უპირატესობა რუსეთის მხარესაა, ამდენივე პროცენტს კი სწამს, რომ უპირატესობა უკრაინამ ჩაიგდო ხელში.
დემოკრატების 32% ამბობს, რომ უპირატესი მდგომარეობა უკრაინის მხარესაა. დემოკრატებს რესპუბლიკელთა მხოლოდ 23% და უპარტიოთა 22% ეთანხმება. საბოლოო ჯამში, 46%-ს სჯერა, რომ უპირატესობა არც უკრაინის მხარესაა და არც რუსეთის.
არსებობს იმისი მინიშნებები, რომ ამერიკელთა შეხედულებებზე შეიძლება მედიასაშუალებებმა მოახდინონ გავლენა. მაგალითად, ამერიკელთა 26%, ვინც ყველაზე მეტად Fox News-ს ენდობა და მიაჩნია, რომ ეს მედიასაშუალება ზუსტ ინფორმაციას გადმოსცემს, აცხადებს, რომ ამ კონფლიქტში უპირატესობა უკრაინის მხარესაა. MSNBC-ის მაყურებელთა 48%-ს მიაჩნია, რომ უპირატესობა უკრაინას აქვს, ასე ფიქრობს NBC-ის მაყურებელთა 36%, საზოგადოებრივი ტელევიზიის მაყურებელთა 33% და CNN-ის მაყურებელთა 32%.
წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იგებს და აგებს ამ კონფლიქტში, მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ადამიანთა პოლიტიკურ შეხედულებებზე. ოქტომბერში მერილენდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ უკრაინა იგებდა, ხოლო რუსეთი აგებდა, მზად იყვნენ გადაეხადათ ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები და მოეთმინათ მზარდი ინფლაცია. ჩიკაგოს საბჭოს კვლევაშიც მსგავსი პროცენტული თანაფარდობაა მოცემული, როგორც ამას შემდეგი ანალიზი გვიჩვენებს.
საზოგადოება მხარს უჭერს შეერთებული შტატების იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც უკრაინასთან მიმართებით ახორციელებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსების დაბომბილი ელექტროსისტემის აღსადგენად კიევს დამატებით 53 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამერიკელების 65% ფიქრობს, რომ მათი ქვეყანა უკრაინას იარაღით უნდა დაეხმაროს, 66%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან მებრძოლ უკრაინას ეკონომიკური დახმარება უნდა აღმოუჩინონ, ლტოლვილების მიღებას 73% უჭერს მხარს, 75% კი რუსეთისთვის სანქციებს დაწესების მომხრეა.
რესპუბლიკელები უკრაინისთვის დახმარების შემცირებას უჭერენ მხარს. დღესდღეობით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მხოლოდ რესპუბლიკელთა 55% ემხრობა (მარტში 80% ფიქრობდა ასე, ივლისში კი უკვე 68%), 50%კი ეკონომიკურ დახმარებას ანიჭებს უპირატესობას (მარტში 74% ფიქრობდა ასე, ივლისში კი უკვე 64%). დახმარებასთან დაკავშირებით მარტის შემდეგ დემოკრატებმა და უპარტიოებმაც შეიცვალეს აზრი. ამერიკელთა ერთ მესამედს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა უკრაინაში ამერიკელი სამხედროები უნდა გაგზავნოს (ივლისში 38% ფიქრობდა ასე, დღეს კი 32%).
ამერიკელთა 36%, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ კონფლიქტში უპირატესობა რუსეთის მხარესაა, ჯარების გაგზავნას უჭერს მხარს, ვისაც უკრაინის უპირატესობის სჯერა მათი რაოდენობა 30 პროცენტია, 32% კი ფიქრობს, რომ უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს.
უკრაინის კონფლიქტმა ამერიკელები პარტიული ნიშნით გაყო
ჩიკაგოს საბჭოს ჩატარებულმა კვლევამ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ამერიკელთა შემწყნარებლობა შეამოწმა. კითხვაზე, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა განუსაზღვრელი დროით, ომის საბოლოოდ დასასრულებლად უნდა ჩაერთოს თუ არა საბრძოლო მოქმედებებში თუ თანდათანობით უნდა შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, ამერიკელთა 40%-მა უპასუხა, რომ ვაშინგტონმა კიევის მხარდაჭერა განუსაზღვრელი დროით უნდა გააგრძელოს. ასე ფიქრობს დემოკრატების 53% და უპარტიოთა 39%, რესპუბლიკელთა 43% კი მხარდაჭერის თანდათანობით შეწყვეტას ანიჭებს უპირატესობას.
პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ პასუხების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იგებს ამ ომს. ამერიკელთა 56%-ს სჯერა, რომ უპირატესობა უკრაინის მხარესაა და მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა მისი მხარდაჭერა განუსაზღვრელი დროით უნდა გააგრძელოს. მეორე მხრივ, ვისაც მიაჩნია, რომ უპირატესობა რუსეთმა ჩაიგდო ხელში, ამჯობინებს, რომ შეერთებულმა შტატებმა თანდათან შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა (36%) ან ომის დასასრულებლად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს (33%).
განუსაზღვრელი დროით მხარდაჭერის გაგრძელებას არც თუ ისე ბევრი ამერიკელი ეთანხმება
ივლისსა და ნოემბერში დასმული სპეციალური კითხვა ცხადყოფს, რომ ომის განუსაზღვრელი დროით გაგრძელებასთან ან კიევის მიერ მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით ამერიკელებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. დღესდღეობით ამერიკელთა 48% (ივლისში 58% ფიქრობდა ასე) აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას იმდენი ხანი უნდა დაუჭიროს მხარი, რამდენსაც ამის საჭიროება მოითხოვს. ეს პოლიტიკა იმ შემთხვევაშიც უნდა გაგრძელდეს თუ ამერიკელებს ბუნებრივ აირსა და საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გადახდა მოუწევთ. 47% (ივლისის 38% ფიქრობდა ასე) კი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მშვიდობის დამყარებისკენ უნდა მოუწოდოს და რაც შეიძლება მალე, რათა ამერიკელებს ტვირთად არ დააწვეთ სამხედრო ხარჯები, თუნდაც უკრაინამ გარკვეული ტერიტორია დაკარგოს.
ივლისში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა მწვავე პარტიული უთანხმოება გამოავლინა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც რესპუბლიკელების უარყოფითი დამოკიდებულება უფრო თვალში საცემია, ვიდრე დემოკრატების მხარდაჭერა. ნოემბრის მონაცემებით, 10 დემოკრატიდან ექვსი (61%) უკრაინას კვლავინდებურად უჭერს მხარს, თუნდაც შეერთებული შტატების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ 10 ივლისს დემოკრატების 69% იზიარებდა ამ აზრს, ახლა კი 61%. ამ საკითხთან მიმართებით რესპუბლიკელთა შეხედულება უფრო მკვეთრად შეიცვალა. დღესდღეობით რესპუბლიკელთა მესამედი (33%) ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას იმდენი ხანი უნდა დაუჭიროს მხარი, რამდენსაც ამის საჭიროება მოითხოვს. ზაფხულში კი ამ მოსაზრებას რესპუბლიკელთა ნახევარი (50%) იზიარებდა. ამის ნაცვლად, რესპუბლიკელთა უმეტესობა (63%) მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, რათა ამერიკელებს ხარჯები შეუმცირდეთ. 2022 წლის ივლისში მხოლოდ რესპუბლიკელთა 46% ფიქრობდა ასე.
ზემოთ მოცემული სქემებით დასტურდება, რომ მათი დიდი უმრავლესობა, ვინც ფიქრობს, რომ ამ სამხედრო კონფლიქტში უპირატესობა უკრაინის მხარესაა, აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას იმდენი ხანი უნდა დაუჭიროს მხარი, რამდენსაც ამის საჭიროება მოითხოვს (71% 48%-ის წინააღმდეგ). ხოლო მათი უმრავლესობა, ვინც ფიქრობს, რომ უპირატესობა რუსეთმა ჩაიგდო ხელში, მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინაზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა კიევმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს მშვიდობის დამყარებაზე ფიქრი (60% 47%-ის წინააღმდეგ).
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ამერიკულ საზოგადოებაში აზრები გაიყო, შეერთებული შტატები უკრაინას ეკონომიკური თუ სამხედრო კუთხით ჯერ კიდევ აქტიურად ეხმარება. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, წარმოდგენის შექმნაში თუ რომელი მხარე იმარჯვებს ბრძოლის ველზე და უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაში მედიაპროპაგანდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
წყარო: https://is.gd/i10FrT