ვაშინგტონი, 8 თებერვალი (როიტერსი) – კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია ‘სფეისიქსმა’ (SpaceX) კონკრეტული ზომები მიიღო, რათა უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონში რუსეთის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) სამართავდ კომპანიის ‘სთარლინკის’ (Starlink) სატელიტური ინტერნეტსერვისი არ გამოიყენონ. ამის შესახებ ოთხშაბათს ‘სფეისიქსის’ პრეზიდენტმა განაცხადა.
‘სფეისიქსის’ ‘სთარლინკის’ სატელიტური ინტერნეტსერვისი, რომელიც უკრაინელ სამხედროებს ფართოზოლიანი კომუნიკაციებით რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად მიეწოდებოდათ, „იმას არ ნიშნავდა, რომ იგი იარაღად უნდა გამოეყენებინათ“, განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, გვინ შოთველმა, ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე.
„თუმცა უკრაინელები მას თვითნებურად იყენებდნენ, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ“, – დასძინა შოთველმა.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას ‘სფეისიქსის’ პრეზიდენტმა ცნობები მოიშველია, რომელთა თანახმადაც უკრაინელი სამხედროები ‘სთარლინკის’ სერვისს დრონების საკონტროლებლად იყენებენ.
უკრაინამ ეფექტურად გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები მტრის პოზიციების აღმოსაჩენად, შორ მანძილზე მიზანში ამოსაღებად და ბომბების ჩამოსაგდებად.
„არსებობს რაღაცეები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა მათ ამის შესაძლებლობა შევზღუდოთ“, – განაცხადა შოთველმა, რომელიც დრონებისთვის ‘სთარლინკის’ გამოყენებას გულისხმობდა. „არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და გავაკეთეთ“.
შოთველმა არ თქვა თუ რა ზომები მიიღო მისმა კომპანიამ. უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ‘სთარლინკის’ გამოყენება გასცდა ‘სფეისიქსის’ მიერ უკრაინის მთავრობასთან დადებული შეთანხმების ჩარჩოებს, განაცხადა შოთველმა და იქვე დასძინა, რომ კონტრაქტი გამიზნულია ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისთვისა და რუსეთის ინტერვენციით დაზარალებული ოჯახებისთვის.
„ვიცით, რომ სამხედროები მათ საკომუნიკაციოდ იყენებენ და ეს მისაღებია. თუმცა წინააღმდეგი ვიყავით, რომ იგი თავდასხმითი მიზნებისთვის გამოეყენებინათ“, – დასძინა გვინ შოთველმა.
‘სფეისიქსმა’ უკრაინას არაოფიციალურად გაუგზავნა ‘სთარლინკის’ ტერმინალებით დატვირთული სატვირთო მანქანები, რაც უკრაინელ სამხედროებს კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა იმგვარათ, რომ ჩართავდნენ და დაუკავშირებოდნენ თითქმის 4,000 თანამგზავრს, რომელიც ‘სფეისიქსმა’ უკვე გაუშვა დედამიწის დაბალ ორბიტაზე.
‘სთარლინკის’ ტერმინალების სხვა გადაზიდვების საფასური, გარდა იმისა, რაც ‘სფეისიქსმა’ პირადად დააფინანსა, მთავრობებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა, გადაიხადეს.
რუსეთი რეგიონში ‘სთარლინკის’ სიგნალების ჩახშობას ცდილობდა, თუმცა ‘სფეისიქსმა’ საპასუხოდ სერვისის პროგრამული უზრუნველყოფა გააძლიერა, განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.
კითხვაზე, მოელოდა თუ არა ‘სფეისიქსი’ ‘სთარლინკის’ გამოყენებას უკრაინაში თავდასხმითი მიზნებისთვის, როდესაც ტერმინალების კონფლიქტის ზონაში გაგზავნა გადაწყვიტეს, შოთველმა უპასუხა: „არ გვიფიქრია ამაზე. არ მიფიქრია ამაზე. შეიძლება ჩვენმა ‘სთარლინკის’ გუნდმა იფიქრა, არ ვიცი. თუმცა ამის შესახებ საკმაოდ სწრაფად შევიტყვეთ“.
გასული წლის მიწურულს ‘სთარლინკმა’ უკრაინაში სერვისების მუშაობა დროებით შეაფერხა. ‘სფეისიქსს’ ამის მიზეზები არ განუმარტავს.
კითხვაზე, ეს დროებით შეფერხებები დაკავშირებული ხომ არ იყო ‘სფეისიქსის’ მცდელობებთან შეეზღუდა ‘სთარლინკის’ თავდასხმითი მიზნებით გამოყენება, შოთველმა უპასუხა: „არ მსურს ამაზე პასუხის გაცემა, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცი ამის პასუხი“.
წყარო: https://is.gd/fZqWKZ