ევროპა უნდა მიჰყვეს მაკრონის რჩევას და ნაცვლად ამერიკის ინტერესების გატარებისა, საკუთარი ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს.
11 აპრილი, 2023 წელი
მედია ჩვენ გვაჩვევს, რომ მთელს სამყაროში არის ერთი გზა, ერთი ხმა და ერთი მიმართულება, რომელსაც ყველა “საღად მოაზროვნე” ადამიანი უნდა მიყვებოდეს, მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო რთული და კომპლექსურია.
პოლიტიკური პროცესი არ არის ერთგვაროვანი, ქვეყნებს შორის ურთიერთობები იცვლება და მუდმივად ხდება ურთიერთზემოქმედება.
აშშ შესაძლოა მართლაც არის ნომერ პირველი ზესახელმწიფო, მაგრამ მსოფლიოში ყველა არ თვლის უალტერნატივოდ, იმას რომ ვაშინგტონის კარნახს დაექვემდებაროს. საფრანგეთის პრეზიდენტის უკანასკნელი განცხადებებიც იმაზე მეტყველებს, რომ არც ის ფიქრობს ასე. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – საფრანგეთი, თვლის, რომ ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საკუთარი წონა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ავანსცენაზე და ამიტომ ის არ უნდა ექვემდებარებოდეს დიდი და ძლიერი ამერიკის წესებს, როგორც დამჯერი ძაღლი. მაკრონის აზრით, ჩინეთის იზოლაცია დამღუპველი არჩევანია, იგი ფიქრობს, რომ ჩინეთ-ტაივანის საკითხი ჩვენი (ევროპელების) საზრუნავი არ არის და რომ ჩვენ ამ საქმეში არ უნდა ჩავერიოთ.
ეს მშვიდი ტონი მიზნად ისახავს, ომის მომხრეთა ხმის გადაფარვას. ცხადია, გაცილებით მარტივი გზაა, ყველაფერში უბრალოდ მივყვეთ ამერიკას, რომელსაც ბევრი სამხედრო ჰყავს, ბევრი მოიერიშე თვითმფრინავიც და ბოლო ათწლეულების მანძილზე ამტკიცებს, რომ მსოფლიოსთვის მხოლოდ კარგი უნდა. პრობლემა კი ის არის, რომ აშშ ისეთივე იმპერიაა, როგორიც სხვა დანარჩენი იმპერიები ყოფილან ისტორიის მანძილზე. ის ცდილობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააკეთოს კარგი და სწორედ ამიტომ ინარჩუნებს არაფორმალურ კავშირებს ტაივანთან, რომელიც “ჩინური დრაკონისთვის” პატარა, მაგრამ მყარი ეკალია. მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულებიდან დიდი დრო გავიდა.
რეალურად აღარ არსებობს თავისუფალი სამყარო და მესამე სამყარო, მიუმხრობელი ქვეყნების ალიანსი, ნატოს კი სულ სხვა ბუნება და სხვა დანიშნულება აქვს. სახელმწიფოებმა ამ დიდ და მუდმივად ცვალებად ქსელში თავიანთი შესაძლებლობებისა და საჭიროებების თანახმად მოსალოდნელი კრიზისიდან გამოსავალი უნდა მონახონ. ფრანგებს უფრო დიდი პოტენციალი აქვთ, ევროკავშირზე მათი გავლენა უზარმაზარია და კიდევ ერთ მამოძრავებელ ძალას, გერმანიას, აშკარად ჩამოართვეს პოლიტიკური ლიდერობა. მათი არაერთი კოზირი სწორ დროს გათამაშდება და საფრანგეთს უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება. დიდი ხანია თვალს ვადევნებთ მაკრონის საქმიანობას, თუმცა მას ეს ასე მკაფიოდ აქამდე არასოდეს გამოუთქვამს. მაკრონი, რომელიც ოდესღაც ლიბერალური პარტიის სახელგანთქმული ვარსკვლავი იყო, დღესდღეობით გაწონასწორებულ, მკაცრ კონსერვატორად მოგვევლინა, რომელიც ევროპარლამენტის ლიბერალურ დაჯგუფებას დაუპირისპირდა.
ენერგომატარებლებთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია: რუსული ენერგომატარებლები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ალტერნატიული გადაწყვეტილებები ძალიან ძვირია ან ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ფაზაშია და მათზე იმედის დამყარება არ შეიძლება.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა შეიძლება იყოს ძლიერი, როგორც საზოგადოება, თუ მისი წევრი ქვეყნები თავიანთ შესაძლებლობებს გააცნობიერებენ. გახდება კი ევროპა მესამე ზესახელმწიფო? შეიძლება 2023 წელს ზესახელმწიფოებზე საუბარი რელევანტური აღარ იყოს, რადგან მათი დრო წავიდა. თუმცა უდავოა, რომ მხოლოდ ევროპელების ინტერესებში შედის ბებერი კონტინენტის გაძლიერება და საკუთარი გზის პოვნა და არა სხვის. არავინ გვიკარნახებს როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ გამო არავინ აიღებს პასუხისმგებლობას. ჩვენი ვალია ვიყოთ ძლიერები და საკუთარი ინტერესები წარმოვადგინოთ.
წყარო: https://is.gd/NlwCTt