არჩევნები ამერიკაშიმთავარი ამბავი

სენატის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

0

8 ნოემბრის შუალედური არჩევნების პირველადი შედეგების დათვლა გრძელდება. მთავარ ინტრიგად კვლავ რჩება – რომელი პარტია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას სენატში, სადაც ამ ეტაპზე მანდატები ასე ნაწილდება: 100-დან 48 დემოკრატებს; 49 რესპუბლიკელებს. დარჩენილი 3 შტატიდან, უკვე ცნობილია, რომ ჯორჯიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ნევადასა და არიზონას შტატებში ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. ნევადაში რესპუბლიკელი კანდიდატი ლიდერობს, ხოლო არიზონაში დემოკრატების წარმომადგენელი მცირე უპირატესობით სარგებლობს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შტატებში გუბერნატორებსაც ირჩევენ, სადაც ასვევე დაძაბული ბრძოლაა.
დღემდე, სენატში მანდატების თანაბარი განაწილება იყო 50/50 და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმის უფლების ხარჯზე, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ.
რაც შეეხება კონგრესს, სადაც 435 ადგილია და შესაბამისად უმრავლესობისთვის 218 მანდატია საჭირო, ამ დროისთის რესპუბლიკელებს 207, დემოკრატებს კი 184 მანდატი აქვთ. მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს რესპუბლიკელები მოიპოვებენ.
როგორც ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორები ამბობენ, არჩევნების პირველადი შედეგები არ შეესაბამება რესპუბლიკელების მიერ გაცხადებულ მოლოდინებს (Red Wave is Coming), თუმცა მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რესპუბლიკელების მიერ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაზე(კონგრესი) კონტროლის მოპოვება.