2022 წლის 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთ-გერმანიის მაგისტრალური გაზსადენი ‘ჩრდილოეთის ნაკადი’. გასულ კვირას არაერთი ჯილდოს მფლობელმა, ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰერშმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ანონიმური წყაროს მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ბაიდენის ადმინისტრაციასა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეკისრებოდათ.
1970 წელს სეიმურ ჰერში ‘მი ლაეს ხოცვა-ჟლეტის’ (Mỹ Lai massacre) – სამხედრო დანაშაული, როდესაც სამხრეთი ვიეტნამის სოფელ სონგმში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხუთასამდე მშვიდობიანი უიარაღო მოქალაქე დახოცეს – გამოაშკარავებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს. ჰერშმა ბერლინში მოღვაწე ჟურნალისტ ფაბიან შაიდლერთან (Jacobin) ინტერვიუში თავის სტატიაში გაჟღერებულ ბრალდებებსა და იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აქვს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.
გთხოვთ, დაწვრილებით ისაუბრეთ თქვენი ცნობების შესახებ. თქვენი წყაროს ინფორმაციით, რა მოხდა ზუსტად, ვინ იყო ჩართული და რა მოტივები ამოძრავებდათ?
მე უბრალოდ ნათლად განვმარტე. ეს არის ისტორია, რომლის გაჟღერებაც მინდოდა. 2022 წლის სექტემბრის მიწურულს, სავარაუდოდ, რვა ბომბი აფეთქდა; ექვსი მათგანი ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად წყლის ქვეშ აფეთქდა, ეს მხარე მცირეწყლიანობით გამოირჩევა. ‘ჩრდილოეთის ნაკადი 1’-ისა და ‘ჩრდილოეთის ნაკადი 2’-ის კუთვნილი ოთხი მთავარი მილსადენიდან სამი განადგურდა.
‘ჩრდილოეთის ნაკადი 1’ უკვე მრავალი წელია, რაც გერმანიას იაფი რუსული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. შემდეგ ორივე მილსადენი ააფეთქეს. ისმის კითხვა: ვინ და რატომ გააკეთა ეს. 2022 წლის 7 თებერვალს, სანამ უკრაინის ომის დაიწყებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ‘ჩრდილოეთის ნაკადი’.
ჯო ბაიდენმა ზუსტად ასეთი რამ განაცხადა: „თუ რუსეთი შეიჭრება, ‘ჩრდილოეთის ნაკადი 2’ აღარ იარსებებს, ჩვენ მას ბოლოს მოვუღებთ“. როდესაც ერთ-ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა თუ როგორ აპირებდა იგი ამის გაკეთებას, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტს გერმანია აკონტროლებდა, ბაიდენმა უბრალოდ უპასუხა: „გპირდებით, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის მაიდნის რევოლუციაში, რამდენიმე კვირით ადრე მსგავსი სიტყვები თქვა.
თქვენ ამბობთ, რომ მილსადენის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ უფრო ადრე მიიღო. თქვენ იწყებთ ამ ისტორიას თავიდან, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, თქვენი სტატიის მიხედვით, პენტაგონის მაღალჩინოსნებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებით, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანანსთა სამინისტროს მოხლეებით დაკომლექტებული ახლად შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოიწვია. თქვენ წერთ: „სალივანს სურდა, რომ ამ ჯგუფს ორივე ‘ჩრდილოეთის ნაკადის’ მილსადენების განადგურების გეგმა შეემუშავებინა“.
ამ პრობლემის შესასწავლად თავდაპირველად დეკემბერში შეიკრიბნენ. ჩართეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ა.შ.; ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ თეთრ სახლთან მეზობლად მდებარე ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში (Executive Office Building), რომელიც მიწისქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. შენობის ზედა ნაწილში საიდუმლო ჯგუფის, მრჩეველთა გარე ჯგუფის, შეხვედრისთვის განკუთვნილი ადგილია გამოყოფილი. ხსენებულ ჯგუფს პრეზიდენტის სადაზვერვო მრჩეველთა საბჭოს უწოდებენ. ამის შესახებ იმიტომ განვაცხადე, რომ თეთრ სახლში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ.
პრობლემის შესასწავლად სხდომა მოიწვიეს: რას ვაპირებთ, თუ რუსეთი ომს დაიწყებს? ეს მოხდა ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე, 2021 წლის შობამდე. ეს იყო მაღალი დონის პირებით დაკომპლექტებული ჯგუფი; მას ალბათ სხვა სახელი ერქვა, მე უბრალოდ „უწყებათაშორისი ჯგუფი“ ვუწოდე – ოფიციალური სახელი არ ვიცი, თუ ჰქონდა საერთოდ. იქ წარმოდგენილი იყვნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომლებიც აკონტროლებენ და ნადირობენ ინფორმაციაზე; სახელმწიფო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო, რომლებიც ფინანსებს გასცემენ და კიდევ რამდენიმე ჯგუფი. ასევე წარმოდგენილი იყო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი.
მათ რუსეთის შესაჩერებლად რეკომენდაციები უნდა მიეცათ. რა ზომები უნდა მიეღოთ – შექცევადი, როგორიცაა უფრო მეტი სანქციების დაწესება და ეკონომიკური ზეწოლა თუ შეუქცევადი, კინეტიკური ზომები – მაგალითად, რამე აფეთქებინათ. არ მინდა დაწვრილებით ვისაუბრო რომელიმე შეხვედრაზე, რადგან ჩემი წყარო მინდა დავიცვა. არც ის ვიცი თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრას, ხომ გესმით რასაც ვგულისხმობ?
სტატიაში წერთ, რომ 2022 წლის დასაწყისში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სამუშაო ჯგუფმა სალივანის უწყებათაშორის ჯგუფს მოახსენა: „მილსადენების აფეთქება შეგვიძლია“.
მათ ჰქონდათ შესაძლებლობა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან ის, რასაც ამერიკაში „ნაღმების ომს“ ვუწოდებთ. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში არიან ჯგუფები, რომლებიც წყალქვეშა ნავებში მსახურობენ – არსებობს ბრძანება ბირთვული ინჟინერიის შესახებ და ბრძანება ნაღმების აფეთქების შესახებ. მიწისქვეშა დანაღმვა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოცდილი დამნაღმველები გვყავს. დამნაღმველების მოსამზადებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, ალბათ, პატარა საკურორტო ქალაქი პანამა სიტია, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს,
იქ ძალიან კარგ ადამიანებს ვამზადებთ და შემდეგ ვიყენებთ. დამნაღმველები ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი პორტების შესასვლელების ბლოკირებას ახდენენ, აფეთქებენ კონკრეტულ ობიექტებს. თუ რომელიმე ქვეყნის წყალქვეშა ნავთობსადენები არ მოგვეწონება, ავაფეთქებთ. ისინი ყოველთვის კარგ საქმეებს არ ემსახურებიან, მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თეთრ სახლში დარწმუნდნენ, რომ მათ ზემოხსენებული მილსადენების აფეთქება შეეძლოთ. არსებობს ასაფეთქებელი ნივთიერება C-4, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი და დამანგრეველია, განსაკუთრებით თუ დიდი რაოდენობით გამოიყენებ. მას დისტანციურად წყალქვეშა ჰიდროლოკატორით აკონტროლებენ და მართავენ. ისინი ძალიან დაბალსიხშირულ სიგნალებს აგზავნიან.
ასე რომ, ეს შესაძლებელი იყო. ამის შესახებ თეთრ სახლს იანვრის დასაწყისში აცნობეს, რადგან ორი ან სამი კვირის შემდეგ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, განაცხადა – ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. მგონი 20 იანვარი იყო. ეს სიტყვები 7 თებერვალს ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმაც გაიმეორა. გერმანიის კანცლერს კონკრეტული არაფერი უთქვამს; იგი დაბნეული ჩანდა. თუმცა საპარლამენტო მოსმენას რომ დავსწრებოდი შოლცს შემდეგ კითხვას დაუსვამდი: ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა გითხრათ? როდესაც გითხრათ, რატომ იყო ასეთი დარწმუნებული, რომ მისი აფეთქება შეეძლო?
ჯერ გეგმა არ გვქონდა, თუმცა უკვე ვიცოდით, რომ ამის გაკეთებას შევძლებდით.
რა როლი შეასრულა ამ ოპერაციაში ნორვეგიამ?
კეთილი, ნორვეგია მიწისქვეშა ენერგორესურსები მქონე დიდი საზღვაო ქვეყანაა. მათ ძალიან უნდათ, რომ ბუნებრივი აირის რაოდენობა გაზარდონ, რომელსაც შემდეგ დასავლეთ ევროპასა და გერმანიას მიჰყიდიან. მათ ეს შეძლეს, გაზარდეს ექსპორტი. ასე რომ, ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე რატომ არ შეუერთდებოდნენ შეერთებულ შტატებს? მათაც ეზიზღებათ რუსები.
სტატიაში წერთ, რომ ამ ოპერაციაში საიდუმლო სამსახური და ნორვეგიის საზღვაო ფლოტი მონაწილეობდა. ასევე ამბობთ, რომ შვედეთი და დანია თითქოს საქმის კურსში ჩააყენეს, თუმცა ყველაფერი არ უთხრეს.
მე ასე ამიხსნეს: თუ არ უთხარი, ესეიგი არ იყო საჭირო ამის თქმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აკეთებდი იმას, რასაც აკეთებდი, მათ იცოდნენ, რასაც აკეთებდით და მიხვდნენ, რაც ხდებოდა, თუმცა შესაძლებელია, რომ არავის არასოდეს უთქვამს „დიახ“. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმ ადამიანებთან, ვისაც ვესაუბრებოდი. ძირითადი მომენტი ის არის, რომ ამ საგანგებო დავალების შესასრულებლად ნორვეგიელებს შესაფერისი ადგილი უნდა ეპოვათ. პანამა სიტიში მომზადებულ მყვინთავებს მძიმე დაივინგის ბალონის გარეშე, მხოლოდ ჟანგბადის, აზოტისა და ჰელიუმის ნაზავით, წყლის ქვეშ სამასი ფუტის სიღრმეზე შეეძლოთ ჩასვლა.
ნორვეგიელებმა ასეთი ადგილი ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად იპოვეს, რომლის სიღრმე მხოლოდ 260 ფუტი იყო, რაც მოქმედების საშუალებას იძლეოდა. უკან ნელ-ნელა დაბრუნდებოდნენ. იყო ბაროკამერა, ჩვენ ნორვეგიული თავდასხმითი წყალქვეშა ნავი დავიხმარეთ. ოთხი მილსადენისთვის ორი მყვინთავი გამოიყენეს.
თუმცა იყო ერთი პრობლემა. როგორ მოქცეოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბალტიის ზღვას აკონტროლებენ, რადგან იგი ძალიან საფუძვლიანი კონტროლის ქვეშაა. ამაზეც ვიზრუნეთ. ეს საქმე სამ თუ ოთხ ადამიანს მიანდეს. მაშინ უბრალო რამ გავაკეთეთ. ყოველ ზაფხულს, ოცდაერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ‘მეექვსე ფლოტი’, რომელიც ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებს აკონტროლებს, ბალტიის ზღვაში (BALTOPS) ნატოს საზღვაო ძალებისთვის სამხედრო წვრთნებს ატარებს. წვრთნებში სამხედრო-საზღვაო ავიამზიდი ან დიდი გემები მონაწილეობდნენ. ყველაფერი საჯაროდ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ რუსებმაც იცოდნენ. ყველაფერი ხელის გულზე იდო. ისტორიაში პირველად, ბალტიის ზღვაში ნატოს მიერ ჩატარებული ოპერაციისას ახალი პროგრამა უნდა განეხორციელებინათ, რომლის თანახმადაც ათი ან თორმეტი დღის განმავლობაში დანაღმვისა და განაღმვის პრაქტიკული სწავლება ჩატარდებოდა.
რამდენიმე ქვეყანამ გამნაღმველი ჯგუფები გაგზავნა. ერთი ჯგუფი დანაღმავდა, მეორე ჯგუფი კი მოსაძებნად მიდიოდა და აფეთქებდა. ამ აფეთქებების დროს ნორვეგიელებს ზღვის სიღრმეში ჩასული მყვინთავების დაბრუნება შეეძლოთ. ორი მილსადენი ერთმანეთს დაახლოებით ერთი მილის მანძილზე ესაზღვრება; მართალია ჭუჭყით არის დაფარული, თუმცა მათი აღმოჩენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მყინთავებს შესაბამისი პრაქტიკული მომზადება გავლილი ჰქონდათ. ბომბების დამონტაჟებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
ეს 2022 წლის ივნისში მოხდა?
დიახ, ივნისში, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში მიდოდა მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა პრაქტიკული მომზადების დასასრულს, ბოლო წუთს, თეთრ სახლში ანერვიულდნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეშინია ამის გაკეთების. გადაიფიქრა და მათ უბრძანა, რომ სურდა, რომ დაბომბვისა უფლება ნებისმიერ დროს ჰქონოდა და ჩვენ დისტანციურად ნებისმიერ დროს აგვეფეთქებინა ბომბები. ამის გაკეთება შესაძლებელია ჩვეულებრივი ჰიდროლოკატორით, რომელიც ‘რეითიონმა’ (Raytheon) შექმნა. იგი ძალიან დაბალსიხშირულ სიგნალს აგზავნის, რომელიც ფლეიტის ხმას ჰგავს. შესაძლებელია განსხვავებული სიხშირეების შექმნა. თუმცა შემაშფოთებელი ის იყო, რომ ერთ-ერთ ბომბს თუ წყალში დიდხანს დატოვებდი აღარ იმუშავებდა, ხოლო ორი არა. ჯგუფის შიგნით პანიკა დაიწყო, რათა შესაბამისი საშუალებებისთვის მიგვეგნო. ჩვენ სხვა სადაზვერვო სამსახურებს მივმართეთ, რის შესახებაც არ დამიწერია.
შემდეგ რა მოხდა? ისინი მოათავსეს, მიაგნეს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც დისტანციურად გააკონტროლებდნენ…
ჯო ბაიდენმა მათი აფეთქება გადაიფიქრა. ეს იყო ივნისის დასაწყისში, ომიდან ხუთი თვე იყო გასული. თუმცა სექტემბერში მათი აფეთქება გადაწყვიტა. რაღაცას გეტყვით. ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებისთვის კინეტიკურ რაღაცეებს აკეთებენ, პრეზიდენტის ნათქვამს ასრულებენ. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს სასარგებლო იარაღი იყო, რომელსაც მოლაპარაკებებისას გამოიყენებდნენ.
თუმცა რაღაც მომენტში, როგორც კი რუსები შევიდნენ, შემდეგ კი, როცა ოპერაცია დასრულდა, ეს სულ უფრო და უფრო აუტანელი გახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. ისინი კარგად მომზადებული ადამიანები არიან; ისინი საიდუმლო სადაზვერვო სააგენტოების უმაღლეს საფეხურზე დგანან. მათ წამოიწყეს ეს პროექტი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სიგიჟე იყო. ბომბების აფეთქებიდან ერთ კვირაში თუ სამ-ოთხ დღეში, მას შემდეგ, რაც ბრძანება შეასრულეს, დიდი უკმაყოფილება სუფევდა. ეს აშკარად ასეა. ამის შესახებ ბევრს ვიგებ.
კიდევ გეტყვით რაღაცას. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამერიკასა და ევროპაში მილსადენებს აშენებენ, იციან, რაც მოხდა. მე მნიშვნელოვან რაღაცას გეუბნებით. ამის შესახებ იციან იმ ადამიანებმაც, რომლებიც მილსადენების ამშენებელ კომპანიებს ფლობენ. ეს ამბავი მათგან არ გამიგია, თუმცა მალევე შევიტყვე და მათ ეს იციან.
დავუბრუნდეთ გასული წლის ივნისში არსებულ მდგომარეობას. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაიფიქრა ამის გაკეთება და გადადო ეს ოპერაცია. მაშინ, რატომ ააფეთქეს სექტემბერში?
მილსადენის აფეთქებიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მთავარი ეკონომიკური და თითქმის სამხედრო ძლიერება გამოაცალეს ხელიდან. მისი თქმით, ეს იყო ხელსაყრელი შემთხვევა, რადგან რუსეთი ამ მილსადენების იარაღად ვეღარ გამოიყენებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვეღარ აიძულებდა დასავლეთ ევროპას, რომ მას უკრაინის ომში შეერთებული შტატებისთვის დახმარებაზე უარი ეთქვა. არსებობდა იმის საშიშროება, რომ დასავლეთი ევროპა ამ ომში არ ჩაერთვებოდა. ჩემი აზრით, მათ მილსადენები სექტემბერში იმიტომ ააფეთქეს, რომ ომი დასავლეთისთვის სასურველი სცენარით არ მიმდინარეობდა და ზამთრის დადგომის ეშინოდათ. ‘ჩრდილოეთის ნაკადი 2’ გერმანული სანქციების ქვეშ იყო, შეერთებულ შტატებს კი ეშინოდა, რომ მძიმე ზამთრის გამო ბერლინი ამ სანქციებს გააუქმებდა.
თქვენი აზრით, რა მოტივები ამოძრავებდათ კულისებს მიღმა? შეერთებული შტატების მთავრობა მრავალი მიზეზის გამო ეწინააღმდეგებოდა ამ მილსადენის აშენებას. ზოგი ადამიანის თქმით, წინააღმდეგობას იმიტომ უწევდნენ, რომ რუსეთის დასუსტება, რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის არსებული კავშირების, განსაკუთრებით კი გერმანიის დასუსტება სურდათ. ალბათ, გერმანიის ეკონომიკის დასუსტებაც სურდათ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, შეერთებული შტატების ეკონომიკური კონკურენტია. ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასების გამო კომპანიები შეერთებულ შტატებში გადადიან. ასე რომ, რას ფიქრობთ შეერთებული შტატების მოტივებზე, იმ შემთხვევაში თუ ეს მილსადენი მათი აფეთქებულია?
არა მგონია, რომ ამაზე ეფიქრათ. ვიცი, ეს უცნაურად ჟღერს. არ მგონია, რომ ბლინკენი და ადმინისტრაციის სხვა წევრები სიღრმისეული აზროვნებით გამოირჩეოდნენ. რა თქმა უნდა, ამერიკის ეკონომიკურ სექტორებში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ, რომ ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანი ქვეყანა ვართ. ვყიდით თხევად ბუნებრივ აირს, დიდი მოგებით. მისი ექსპორტით ბევრ ფულს ვშოულობთ. დარწმუნებული ვარ ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს.
ვფიქრობ, თეთრ სახლში აკვიატებული ჰქონდათ, რომ სურდათ ამ ომის მოგება, სურდათ გამარჯვება, სურდათ, რომ უკრაინას მაგიური ხერხებით გამარჯვება მოეპოვებინა. შეიძლება ვიღაცები ფიქრობენ, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის უკეთესი იქნება თუ გერმანია ეკონომიკურად დასუსტდება, თუმცა ეს გიჟური ფიქრებია. ვფიქრობ, რომ ჩიხში მოვექეცით. ეს ომი ჩვენი მთავრობისთვის სასურველი სცენარით არ ვითარდება.
რას ფიქრობთ, ეს ომი დასრულდბა?
მნიშვნელობა არ აქვს მე რას ვფიქრობ. თუმცა ვიცი, რომ ეს ომი ჩვენთვის სასურველი შედეგებით არ დასრულდება. არ ვიცი რას გავკეთებთ საბოლოოდ. მაშინებს ის აზრი, რომ პრეზიდენტი მზად იყო ამის გასაკეთებლად. ადამიანებმა, რომლებაც ეს საგანგებო დავალება შეასრულეს, სჯეროდათ, რომ პრეზიდენტი აცნობიერებდა თუ რას უკეთებდა გერმანელ ხალხს, რომ იგი მათ სჯიდა იმ ომისთვის, რომელიც სასურველი სცენარით არ მიმდინარეობდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი მის საპრეზიდენტო რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებს, არც პოლიტიკური თვალსაზრისით იქნება მისთვის მომგებიანი. ეს ამერიკას დაღს დაასვამს.
თეთრი სახლში ფიქრობდნენ, რომ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ყოველთვის შიშობდნენ, რომ შეიძლება გერმანიასა და დასავლეთ ევროპას იარაღის მიწოდება შეეწყვიტა და გერმანიის კანცლერს ეს მილსადენი აემუშავებინა. ბევრ კითხვას დავუსვამდი კანცლერ შოლცს. ვკიხავდი რა შეიტყო თებერვალს, როდესაც ჩვენს პრეზიდენტს შეხვდა. ეს ოპერაცია გასაიდუმლოებული იყო და პრეზიდენტს ამის შესახებ არავისთვის არ უნდა ეთქვა. მაგრამ თქვა. ის თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.
თქვენ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დასავლურ მედიაში გარკვეული თავშეკავებითა და კრიტიკით შეხვდნენ. ზოგმა თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა ან განაცხადა, რომ თქვენ მხოლოდ ერთ უცნობ წყაროს ეყრდნობით, ეს კი სანდოობას არ იწვევს.
რა უნდა ვთქვა ინფორმატორზე? ჩემი არაერთი სტატია სწორედ უცნობი ინფორმატორების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დავწერე. თუ მათ ვინაობას დავასახელებ ან სამსახურიდან გააგდებენ ან ციხეში ჩასვამენ. ასეთი მკაცრი კანონი გვაქვს. მათი ვინაობა არაოდეს გამიმხელია. რა თქმა უნდა, როდესაც სტატიას ვწერ წყაროს ყოველთვის ვუთითებ, წერტილი. წლების განმავლობაში ჩემი სტატიები მოწონებას იმსახურებდნენ. ამ სტატიის დაწერისას გამოცდილი ‘ფაქტ-ჩეკერები’ დავიმხარე. მათნაირ გამოცდილ ადამიანებთან ვმუშაობდი ჟურნალ ‘ნიუ იორკ თაიმსში’. არაერთი საშუალება არსებობს იმ საიდუმლო ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომელიც მე მომაწოდეს.
იცით, ჯერ არ უთქვამთ, რომ თავს დამესხმებიან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბაიდენმა ამ ზამთარში გერმანია სიცივისთვის გაწირა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ერჩივნა გერმანია გაყინულიყო [ენერგომატარებლების დეფიციტის გამო], ვიდრე ომში მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. ჩემი აზრით, ეს თეთრ სახლს კარგ შედეგებს არ მოუტანს. ეს ჩემთვის, და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც ზემოხსენებული საგანგებო დავალება შეასრულეს, საშინელება იყო.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება მტრულ დამოკიდებულებად აღიქმებოდეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი გერმანიის მიმართ.
მოდით ნუ გავართულებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ოპერაციის მონაწილეებმა გააცნობიერეს, რომ პრეზიდენტი თავისი მოკლე პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გერმანელებს ზამთარში სიცივისთვის იმეტებდა. ასეთმა დამოკიდებულებამ მათ თავზარი დასცა. მე ვსაუბრობ ამერიკელებზე, რომლებიც აშშ-ის ძალიან ერთგულობენ. როგორც ჩემს სტატიაში აღვნიშნე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და არა კონსტიტუციას.
სამმართველოს ერთადერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონგრესის მეშვეობით თავის დღის წესრიგს ვერ ახორციელებს და არავინ უსმენს, თეთრი სახლის ‘ვარდების ბაღის’ უკანა ეზოში მის დირექტორთან გაისეირნებს და რვა ათასი მილის მოშორებით ვიღაც დაზარალდება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ყოველთვის ასე იქცევა, რაც არ მომწონს. ეს ადამიანებიც კი აღშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ბაიდენმა ამ ომში, რომელსაც ვერ მოიგებს, მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროპა სიცივისთვის გაიმეტა. ჩემი აზრით, ეს საშინელი დანაშაულია.
თქვენს სტატიაში წერთ, რომ ამ თავდასხმის დაგეგმვის თაობაზე კონგრესისთვის არ უცნობებიათ, როგორც სხვა დროს, როდესაც სხვა ფარული ოპერაციების ჩატარებას გეგმავდნენ.
ამის შესახებ არც ბევრი სამხედრო პირი ჩაუყენებიათ საქმის კურსში. ამ თავდასხმის შესახებ სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებსაც უნდა სცოდნოდათ, თუმცა არ უცნობებიათ. ეს ოპერაცია ძალიან გასაიდუმლოებული იყო.
თქვენი სტატია იმ ადამიანებმა გააკრიტიკეს, რომლებიც ბალტიის ზღვის რეგიონში მოძრავი გემებისა და თვითმფრინავების შესახებ დაზვერვის ღია წყაროებს აფასებენ. მათი თქმით, 26 სექტემბერს ან რამდენიმე დღით ადრე, უშუალოდ აფეთქების ადგილას, ნორვეგიული თვითმფრინავი არ დაუფიქსირებიათ.
ნებისმიერი სერიოზული ფარული ოპერაციისას ანგარიშს უწევენ ღია წყაროებს და მას გვერდს უვლიან. როგორც უკვე გითხარით, ამ საგანგებო დავალებაში მონაწილე ადამიანებს ეს საკითხი აღელვებდათ.
რა როლს ასრულებს თქვენთვის გამბედაობა თქვენს პროფესიაში?
სიმართლის თქმა გამბედაობაა? ჩვენი პროფესიის ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ. ხანდახან გვემუქრებიან კიდეც. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევები, როცა – იცით, ამაზე არ ვსაუბრობ. ჩემნაირ ადამიანებს ვერ შეაშინებენ. ჩემნაირი ადამიანების ბავშვებს აშინებენ. ჩემს ცხოვრებაში საშინელ შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი, მაგრამ გულთან ნუ მიიტანთ. თქვენ უბრალოდ უნდა გააკეთოთ ის, რასაც აკეთებთ.
შენიშვნა: ოთხშაბათს თეთრმა სახლმა უარყო ჰერშის მოხსენება თითქოს ‘ჩრდილოეთის ნაკადი’ შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა. „ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ფიქცია“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ედრიენ უოთსონმა. ‘როიტერსის’ ინფორმაციით, იგივე სიტყვები გაიმეორეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნებმაც.
1970 წელს ამერიკელ გამომძიებელ ჟურნალისტს, სეიმურ ჰერშს, პულიცერის პრემია მიანიჭეს.
ჟურნალისტი ფაბიან შაიდლერი ბერლინში მოღვაწეობს. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნი The End of the Megamachine: A Brief History of a Failing Civilization.
წინამდებარე სტატია თავდაპირველად ამერიკულ პოლიტიკურ ჟურნალ ‘ჯაკობინში’ (Jacobin) გამოქვეყნდა.
წყარო:
1. https://is.gd/FndaFe
2. https://is.gd/ugX3rV