საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ აღაშფოთა ქვეყნის პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი, როდესაც ერთ თვეში უკვე მეორედ გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს და კიევის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთს გააღიზიანებს.
სარკოზიმ, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელების“ წევრია, ეს საკამათო განცხადებები 13 სექტემბერს ფრანგული საინფორმაციო გამოცემა BMFTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.
აგვისტოს შუა რიცხვებში სარკოზიმ პარიზში ბაზირებულ ყოველდღიურ ფრანგულ გაზეთ „ფიგაროს“ (Le Figaro) ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ მხარს უჭერდა უკრაინის ნეიტრალიტეტსა და დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის შენარჩუნებას. ყოფილი პრეზიდენტის კომენტარებს მწვავე რეაქცია მოჰყვა. მისი თქმით, ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანების ნაცვლად კიევი უნდა ცდილობდეს „საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს მისცემს და ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს“.
სარკოზიმ, რომელიც 2007-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, უკრაინის ევროკავშირსა და ალიანსში გაწევრიანების შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააჟღერა. მისი სიტყვით, ეს ნაბიჯი „მშვიდობის დამყარებას ხელს შეუშლის“ და კიევის ეს მცდელობა რუსეთმა შეიძლება მორიგ „პროვოკაციად“ ჩათვალოს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და ევროკავშირის ლიდერთა უმეტესობის პოზიციას არ ემთხვევა.
პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უკრაინის ინტერესებში შედის, გაიმეორა სარკოზიმ და BMFTV-ს განუცხადა: „როდესაც ხარს ცხვირწინ მულეტას უფრიალებთ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ თავს დაგესხმებათ“.
„ამ ომში 500 ათასი ადამიანი დაიღუპა. აგრესორი რუსეთი და პუტინია, უკრაინა კი მსხვერპლია. მაგრამ შეგვიძლია იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი?“, – დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სარკოზის განცხადებით, წელიწადნახევრის წინ დაწყებული კონფლიქტის დასასრულებლად ორი გზა არსებობს: პირველი, უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთი უნდა გაანადგურონ, რაც მისი აზრით, არაგონივრულია, რადგან „მსოფლიოში მეორე ბირთვული სახელმწიფოს განადგურებას არ ვაპირებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ტოტალური ომის დაწყების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის უფრო რეალური და შესაფერისი მიდგომა „დიპლომატიური დისკუსიაა“. სარკოზიმ რწმენა გამოთქვა, რომ მშვიდობას შეიძლება დიალოგის გზით მიაღწიონ. „ისინი მეუბნებიან, რომ პუტინი შეიცვალა და მასთან დისკუსია არ შეგვიძლია. ამას ძირითადად ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მას არასოდეს შეხვედრიან“, – აღნიშნა სარკოზიმ.