რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

„საქართველოში ცილისწამებისა და ცრუ-ინფორმაციის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გავრცელება – ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს“

0

დავით ქართველიშვილი:

ნელნელა მივუახლოვდით ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთ მეტად აქტუალურ – დეზინფორმაციასთან, ცილისწამებასთან და ცრუ-ინფორმაციის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გავრცელებასთან ბრძოლის სფეროს. ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მავნებლობის აღნიშნულმა ფორმამ საქართველოში ტოტალური ხასიათი მიიღო და მოიცვა ჩვენი ყოველდრიურობის მრავალი სეგმენტი – მედიიდან, ჯანდაცვის სფეროდან პოლიტიკამდე. თანაც ყოველივე ეს მიზანმიმართულად ხორციელდება თითქმის სრული სამართლებრივი დაუსჯელობის პირობებში. კი ბატონო, გარკვეულწილად საკუთარი შელახული რეპუტაციის სამართლებრივ აღდგენას დღეს ხელს უწყობს სამოქალაქო კოდექსის ზოგიერთი მუხლი, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პერსპექტივა, როგორც პრევენციული, ხოლო გადაცდომის შემთხვევაში, დასჯადი ზომა – მაინც სულ სხვაა. წლებია, „ფეიკ-ინდუსტრიის“ დაუსჯელობის სინდრომის მსხვერპლს მეც წარმოვადგენ – რომელსაც ხან ცხინვალის გავლით რუსეთში გაქცეულად, ხან პატიმრობა-გამოვლილად, ხან ძებნილად და ხან საიდუმლო მასალების გამტანად გამომიყვანენ ხოლმე და ამ თემაზე მტიკეცებულებითი ფორმით თავის სხვადასხვა „ექსპერტებს“ ალაპარაკებენ ჩვენი აგენტოკრატიული „ტელევიზიები“ თუ სხვა საინფორმაციო წყაროები.

ამ მავნებლობას სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა, სადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასჯადია სისხლის-სამართლებრივი წესით. წლებია, მაგალითად რაც საფრანგეთმა მიიღო „კანონი ინფორმაციის მანიპულირების შესახებ“. აღნიშნული კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, ფრანგულ საგანმანათებლო სისტემაში – ფრანგი ბავშვები სკოლიდანვე სწავლობენ ცრუ ინფორმაციის გარჩევის „ხელოვნებას“, ამ მიზნით „მედია და საინფორმაციო განათლების ცენტრი“ ყოველწლიურად ატარებს პრესისა და მედიის კვირეულს სკოლის მოსწავლეებისთვის. მათ ასწავლიან მედია სივრცის სწორ აღქმას და ამ სისტემის მუშაობის საფუძვლებს, ახალი ამბების კრიტიკული აზროვნების ჭრილში გატარებასა და მათ სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ადგილობრივი გაზეთების, ტელეარხების ან რადიოსადგურების რედაქციებთან ერთად. მილიონობით დამწყები სკოლის მოსწავლე, კოლეჯის სტუდენტი და საშუალო სკოლის მოსწავლე ეუფლება ინფორმაციის გადამოწმების, მისი წყაროების მოძიებისა და ანალიზის საფუძვლებს – როგორც საგანმანათებლო სფეროს ერთ-ერთ დარგს. გარდა ამისა, ყველა წამყვან ფრანგულ მედიას აქვს სპეციალური განყოფილებები ყალბი საინფორმაციო მასალების გამოსავლენად.

გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში, საფრანგეთის მიერ მიღებული იქნა კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი – „საარჩევნო პერიოდში ცრუ-ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კანონი“, რომელიც ასევე ამკაცრებს კონტროლს სოციალურ ქსელებში პოსტების მეშვეობით ცრუ-ინფორმაციების გავრცელებაზე. კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებულ კანდიდატს, პარტიას ან მოქალაქეთა გაერთიანებას შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს სოციალური ქსელებიდან ან მედიიდან ისეთი მონაცემების ამოღება, რომლებიც მათ გაყალბებულად მიაჩნიათ. სასამართლომ საჩივარი 48 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს და დადასტურების შემთხვევაში, „შეაჩეროს ყალბი ინფორმაციის გავრცელება“. გარდა ამისა, კანონის თანახმად, სოციალური ქსელები (კერძოდ, ფეისბუქი და ტვიტერი) ვალდებულნი არიან აცნობონ მომხმარებლებს იმ პოლიტიკური რეკლამის შემცველ ინფორმაციაზე, რომელიც კომერციულ საფუძველზეა განთავსებული მისი დაფინანსების წყაროს მითითებით.

ცრუ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა გათვალისწინებულია აგრეთვე „პრესის თავისუფლების შესახებ კანონითაც“. დოკუმენტში (მუხლი 27) ნათქვამია, რომ არაკეთილსინდისიერი პუბლიკაციებისთვის, გავრცელებისთვის ან რეპროდუცირებისთვის, რომლებიც მოიცავენ ნებისმიერი საშუალებით გავრცელებულ ცილისწამებას, შეთითხნილ და გაყალბებულ შეტყობინებებს, ისევე როგორც მესამე პირების „ავტორობას“ მიწერილ ყალბ შეტყობინებებს, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება ან მისი გამოწვევის შესაძლებლობას ჰქონოდა ადგილი – ისჯება 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით. აღნიშნული ჯარიმა იზრდება 135 ათას ევრომდე, თუ ცრუ-ინფორმაციის გამოქვეყნება, გავრცელება ან არაკეთილსინდისიერად რეპროდუცირება ძირს უთხრის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სფეროს, შიარაღებული ძალების იმიჯს, მართლმსაჯულებისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემებს. აქვე არ შემიძლია არ გავავლო პარალელები საქართველოში მიმდინარე იმ განუკითხაობასა და აღვირახსნილ კამპანიასთან, რომელიც ეხება ქვეყნის პენიტენციური და ჯანდაცვის სფეროების განზრახ დისკრედიტაციას პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში – რომელსაც წერტილს დაუსვამდა საქართველოში მიღებული მსგავსი სამართლებრივი ნორმა. აღნიშნული კანონის 32-ე და 33-ე მუხლები ასევე განსაზღვრავენ ჯარიმების ოდენობას ნებისმიერი ტიპის და ადრესატის მქონე ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის. არასაჯარო სივრცეში გავრცელებული ცილისწამებისთვის – გათვალისწინებულია ჯარიმა 12 ათასი ევროს ოდენობით. ხოლო ცილისწამება, გამოთქმული ადამიანისა თუ პირთა ჯგუფის მიმართ მათი წარმოშობის, რასის, სქესისა თუ მრწამსის ნიშნით – ისჯება ჯარიმით 45 ათასი ევროს ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოსთვის მეტად აქტუალური საფრანგეთის აღნიშნული სამართლებრივი გამოცდილების გაზიარება დაუყოვნებლივ მოითხოვს საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი კანონპროექტების ინიცირებას. საქართველოში ამ „ფეიკ“-ტალღამ მიიღო უკვე „ცუნამის“ მასშტაბები, რომელიც ადამიანის ცნობიერებაზე, მის ფსიქო-ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აღვირახსნილი უკონტროლო ძალადობის ნიშნებს ატარებს, სპობს და წამლავს მოსახლეობის ყოველდღიურობას, ემუქრება ჯანსაღი თაობების აღზრდის პროცესებს, მათში კრიტიკული, ანალიტიკური, ასოციაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, ხელს უწობს მათ „გენმოდიფიცირებას“ და მართვად ბიომასად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ფრანგი კანონმდებლების გამოცდილების გაზიარება საგანმანათლებლო სფეროში დანერგილი ამ მეტად საჭირო და სწორ აღმზრდელობით მიდგომებში.