ეკონომიკა

საქართველო, როგორც უსაფრთხო და სტაბილური გზა, „შუა დერეფანს” მიმზიდველს ხდის

0

ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით ნავთობის ექსპორტს იწყებს.

ხაზახეთი 2023 წლის იანვრიდან გეგმავს 1.5მლნ ტონა ნავთობის გატარებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით.
ეს კიდევ ერთი მცდელობაა, მოიძებნოს საექსპორტო გზები რუსეთისთვის გვერდის ავლით.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში აღნიშნული გზით ნავთობის მიწოდების მოცულობა 6-6.5მლნ ტონას მიაღწევს.
დღემდე, ყაზახეთიდან ევროპის მიმართულებით ნავთობის ექსპორტის 2/3 რუსეთის გავლით ხორციელდებოდა.
მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ალტერნატიული გზების ამოქმედებამ და უკანასკნელ პერიოდში აქცენტი კეთდება ე.წ. „შუა დერეფნის” განვითარებაზე. აღნიშნული კორიდორი მოიცავს კასპიის ზღვას და ისეთი ქვეყნების ჯაჭვს, როგორიცაა – საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი.
ყაზახეთის პრემიერის განცხადებით, საექსპორტო გზების დივერსიფიკაციის სტრაგეგია გულისხმობს, ბაქომდე ნავთობის ტრანსპორტირებას ტანკერების მეშვეობით, შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენით შავ ზღვაზე მდებარე ტერმინალამდე მიწოდებას. ასევე, გათვალისწინებულია ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის გამოყენება და ნავთობით მდიდარი ატირაუს რეგიონიდან ჩინეთისა და უზბეკეთის მიმართულებით მიმავალი მატარებლები.
ცხადია, აღნიშნული გზის მოქნილობისა და ეფექტურობისთვის, საჭიროა ინვესტიციები ტრანსპორტის სფეროში.

ყველაზე მსხვილი ყაზახური ნავთობ-მწარმოებელი კომპანია “Tengizchevroil”-ი, რომელიც ატირაუს რეგიონში ანვითარებს Tengiz-ის საბადოს, უკვე ახორციელებს სატესტო გადაზიდვებს სარკინიგზო ხაზით საქართველოს და უზბეკეთის მიმართულებებით.

ყაზახეთი გეგმავს ნავთობის წარმოების გაზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო გზად განიხილავს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-უკაინის ომმა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სფერო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. აქამდე „შუა დერეფნის” კონკურენტუნარიანობა დაბალ ნიშნულზე იყო, ძირითადად მისი სიძვირის და დროში ხანგრძლივობის გამო, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო სტაბილურობა და უსაფრთხოება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო „შუა დერეფნის” მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს (შეგვიძლია ვუწოდოთ შუა დერეფნის საზღვაო კარიბჭე), ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკა, ფაქტობრივი სამხედრო ჩაურევლობა და გააქტიურება რეგიონალური პოლიტიკის ველზე, გახდა აღნიშნული დერეფნის მიმზიდველობის ზრდის განმაპირობებელი.

ნავთობი არ არის ტვირთის ერთადერთი სახეობა, რომლის გადაზიდვებიც გაზრდილია საქართველოს გავლით.
მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 10%-ით გაიზარდა.
32%-ით არის გაზრდილი გადამუშავებული ნაყარი ტვირთების,
5%-ით კი გენერალური ტვირთების მოცულობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ტვირთის შემთხვევაში მატება ფიქსირდება როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურებში.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ტვირთი, რომელიც რუსეთიდან ნოვოროსიისკის გავლით მიდიოდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში გადაიტვირთება. გაზრდილია ყაზახური ტვირთების მოცულობაც.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზა”-ს 2022 წლის 9 თვის მონაცემებით შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი უფიქსირდება – 507.1მლნ ლარი, საიდანაც მოგება – 278.4მლნ ლარია.
ოქტომბრის თვეში თბილისმა უმასპინძლა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის – „შუა დერეფნის” საერთო კრებას, სადაც განხილულ იქნა, გზის ეფექტიანობის გაზრდისთვის გასატარებელი ღონისძიებები, დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობები, ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ერთიანი კონკურენტუნარიანი ფასის შემუშავების საკითხები.
ასევე, ოქტომბრის ბოლოს საქართველოს სტუმრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მან საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება, ევროკავშირის მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პოტენციალზე – ენერგეტიკული თუ სავაჭრო მიმართულებებით. ალიევმა აღნიშნა, სუფსის ტერმინალის ამოქმედების საჭიროება და ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ექსპორტსაც გეგმავს, რომელიც საქართველოზე გაივლის.
საქართველოს მიმართ ინტერესისა და სანდოობის ზრდას განაპირობებს, სახელმწიფოს მიერ წარმართული სამშვიდობო პოლიტიკა. ცხადია, ამას სჭირდება შენარჩუნება და ამავდროულად ეფექტიანი რეფორმების განხორციელება, ყველა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც უზრუნველჰყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.