თითქმის ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსულ ნედლ ნავთობზე ევროკავშირის დაწესებული ემბარგო ამოქმედდა, თუმცა როგორც „პოლიტიკოს“ (Politico) ბოლო სტატიაში ვკითხულობთ, რუსული ნავთობის ექსპორტი არ შეწყვეტილა, რაც ექსპერტებს იმის ფიქრის საბაბს აძლევს, რომ რუსული „შავი ოქრო“ ევროპაში წესების გვერდის ავლით კვლავ მიედინება.
„სანქციების შემოღების შემდეგ რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი მეტ-ნაკლებად არ შეწყვეტილა“, – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო კომპანია „ტრაფიგურას“ (Trafigura) მთავარმა ეკონომისტმა საად რაჰიმმა. „შესაძლებელია, რომ რუსული ნავთობი ევროკავშირსა და დასავლეთის ქვეყნებში დღემდე შუამავლების მეშვეობით იყიდება“.
რა თქმა უნდა, საიდუმლო ოპერაციების წარმოებას თანმხლები ხარჯებიც ახლავს. სანქციების გამო რუსეთს მნიშვნელოვნად გაზრდილ სატრანსპორტო ხარჯებთან უწევს გამკლავება, რადგან ენერგომატარებელების გაყიდვით მიღებული შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს შუამავლებს აძლევს, ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მოსკოვი მაინც თამაშში რჩება.
არსებობს მრავალი მეთოდი, რომელიც მოსკოვმა საქონლის ევროპაში ჩუმად შესატანად შეიძლება გამოიყენოს. როგორც უკვე ვწერდით, ერთ-ერთი ხრიკი ის არის, რომ თავისი ნავთობტანკერები მესამე ქვეყნებში დარეგისტრირებულ კომპანიებს გადასცეს ან უბრალოდ მათზე დროშები შეცვლოს, რათა სანქციებს ეფექტურად აუაროს გვერდი და საზღვაო ტვირთები ევროკავშირამდე უსაფრთხოდ მიიტანოს.
კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობისთვის თვალყურის დევნება ძალიან რთულია. ასევე მისი სხვა ტიპის ტვირთებთან შერევის შემდეგ, რასაც სატრანზიტო ქვეყნების თანამონაწილე კომპანიები აკეთებენ, პრაქტიკულად შეუძლებელია თითოეული პარტიის წარმომავლობის დადგენა. გარდა ამისა, მაშინაც კი თუ ნედლი ნავთობი შერეული არ არის, მისი გადამუშავებისას არ გამოჩნდება ნავთობისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი, რაც მწარმოებელ ქვეყანაზე მიუთითებს.
საიდუმლო ოპერაციების წარმოებისას რუსეთს, სავარაუდოდ, აზერბაიჯანი ეხმარება. არსებული მონაცემები მიუთითებენ, რომ 2022 წლის შუა რიცხვებში (მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ ნებაყოფლობით უარი თქვა რუსულ ნავთობზე) აზერბაიჯანს დღეში 240 ათასი ბარელით მეტი გაჰქონდა საზღვარგარეთ, ვიდრე აწარმოებდა – ეს მის შესაძლებლობებს მესამედით აღემატება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აზერბაიჯანის წარმოების პოტენციალი დიდი ხანია მცირდება.
„როგორ შეიძლება, რომ ქვეყანა წარმოებას ამცირებდეს და, ამავდროულად, ექსპორტს ზრდიდეს? ციფრებში სრული შეუსაბამობაა და ეს აჩენს ეჭვებს, რომ სანქციებს გვერდს უვლიან“, – ამის შესახებ ევროკომისიას „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ერთ-ერთმა წევრმა, ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ფრანსუა ბელამიმ, განუცხადა და ამ საკითხის ოფიციალური გამოძიება მოითხოვა.
რუსული ნედლი ნავთობის „გათეთრებაში“ თურქეთიც არის ეჭვმიტანილი. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში დაფუძნებულმა „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრმა“ (CREA) რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ თურქეთი, რომელმაც გასულ წელს რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა, ნედლ ნავთობს პროდუქტებად ამუშავებს, რისი გაყიდვაც, სანქციების თანახმად, ევროპაში არ იკრძალება, რასაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს როგორც თურქეთისთვის, ისე რუსეთისთვის.
ეს საქმიანობა „სრულიად ლეგალურია, თუმცა სრულიად ამორალური. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნებადართულია იმას არ ნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ოლეგ უსტენკომ.
ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული ნავთობი მთელ მსოფლიოში „დიდი შვიდეულის“ (G7) მიერ გასული წლის ბოლოს დადგენილ ფასზე (60 აშშ დოლარი) გაცილებით მაღალ ფასში იყიდება. GW-ის წარმომადგენელმა, მაი როზნერმა, განაცხადა: „ის ფაქტი, რომ რუსული ნავთობი მთელ მსოფლიოში იყიდება, დასავლური სანქციებისთვის დამახასიათებელი ნიშანია და არა შეცდომა“.
წყარო: https://is.gd/6qe1fC | https://is.gd/OfOIzV