მთავარი ამბავი

სამანტა ფაუერი და ფერადი რევოლუცია უნგრეთში

0

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი უნგრეთში „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად“ ჩადის.

კარგის ნიშანი არ არის, როდესაც სამანტა ფაუერი ამბობს, რომ ქალაქშია და დასახმარებლად მზად არის.
ფაუერის ‘ტვიტერის’ გვერდზე ვკითხულობთ: „დიდებულია ბუდაპეშტში ყოფნა, @USAmbHungary-თან ერთად, სადაც @USAID-მა ახლახანს წამოიწყო ახალი, ადგილობრივ მოსახლეობაზე გათვლილი ინიციატივები, რათა დამოუკიდებელ მედიას განვითარებაში დაეხმაროს და შესძინოს ახალი აუდიტორია, შეებრძოლოს კორუფციასა და გაზარდოს სამოქალაქო აქტიურობა“.
„ადგილობრივი ინიციატივები“. შეერთებული შტატების საელჩოს პრესრელიზის თანახმად, USAID-ის ადმინისტრატორი უნგრეთში შემდეგი მიზნით ჩავიდა:

ადმინისტრატორი სამანტა ფაუერი უნგრეთში მიემგზავრება

„ადმინისტრატორი სამანტა ფაუერი 9-10 თებერვალს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრება, რათა უნგრელ ხალხთან შეერთებული შტატების ხანგრძლივი პარტნიორობა განავითაროს. USAID-მა ახლახან განაახლა საქმიანობა ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთში, სადაც პროგრამები მხარს უჭერენ უნგრულ დამოუკიდებელ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონის უზენაესობის დაცვაზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზე მუშაობენ.
ვიზიტის დროს ადმინისტრატორი ფაუერი შეხვდება უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოებას, ლიდერებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც უნგრეთის მომავალს ქმნიან და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც უნგრელ ხალხთან ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია. უნგრეთს ხელმძღვანელობს მთავრობა, რომელმაც 2022 წლის არჩევნებში ხმათა უმრავლეობით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. საყოველთაოდ აღიარეს, რომ ეს არჩევნები თავისუფალად და სამართლიანად ჩატარდა. უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარს არ უჭერს შეერთებული შტატების სტრატეგიას, არ სჯერა თავისუფალი იმიგრაციის შესახებ გლობალისტური პრინციპების, მხარს არ უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და არ დაუშვებს არასრულწლოვანებში ლგბტ პროპაგანდას.
ცხადია, რომ ეს ქვეყანა მზად არის ფერადი რევოლუციისთვის. სამანტა ფაუერი კი დასახმარებლად ჩავიდა.

„@divaDgiV-თან, @andraslederer-სა და @viki_radvanyi-სთან ერთად ბუდაპეშტში ვისადილე, სადაც ვისაუბრეთ მათ საქმიანობაზე, რათა უნგრეთსა და მთელ მსოფლიოში დაიცვან ლგბტქი+ უფლებები და ღირსება. @AmnestyHungary @hhc_helsinki @budapestpride“.
„თავისუფალი და მრავალფეროვანი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია, ხოლო უნგრეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტები რეალური გამოწვევების წინაშე დგანან.
ბუდაპეშტში ყოფნისას ჭეშმარიტი მედიის თავისუფლების ხელყოფის შესახებ ამ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან მოვისმინე“, – ვკითხულობთ ფაუერის ‘ტვიტერის’ გვერდზე.

ყველას მოგვწონს ის სიტყვები, რომლებიც ფაუერმა განაცხადა, რომ იგი აქ მხარდასაჭერად ჩამოვიდა, მაგრამ თუ გულუბრყვილო არ ხართ, გეცოდინებათ, რომ ეს ტერმინები ნიშნავს შემდეგს: „აკეთე საქმეები ლიბერალური გლობალისტური ხერხით“. ის ფაქტი, რომ უნგრეთის ოპოზიციური პარტიები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან, არ ნიშნავს იმას, რომ უნგრეთი ანტიდემოკრატიული ქვეყანაა. შარშან, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბუდაპეშტში ვცხოვრობდი, აქ დავწერე, რომ ყველგან ადვილად იპოვიდი იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ვიქტორ ორბანის მთავრობასთან ბევრი პრეტენზია ჰქონდათ, თუმცა ამბობდნენ, რომ არჩევნებში ხმას მას მისცემდნენ, რადგან ოპოზიციას ნდობას არ უცხადებდნენ. ჩემმა მეგობარმა ხმა ოპოზიციას მისცა, თუმცა მოგვიანებით მითხრა, რომ ხედავს თუ როგორ აკონტროლებს ორბანი საომარ სიტუაციას და ისურვებდა, რომ ‘ფიდესისთვის’ (Fidesz) მიეცა ხმა. ბევრ გლობალისტს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ უნგრელი ამომრჩეველი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის არასასურველ კანდიდატს აძლევს ხმას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნგრეთში დემოკრატია სათანადო დონეზე არ დგას.
ამიტომ აგზავნის ბაიდენის ადმინისტრაცია სამანტა ფაუერს მოკავშირე ქვეყანაში „დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“. არ მინახავს იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც უნგრეთში USAID-ის მხარდაჭერით სარგებლობენ. ვიმედოვნებ, რომ ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტყვა „დემოკრატიული“ ფაუერის ფორმულირებით „ანტი-ორბანის“ სინონიმია.
ან მიიღეთ ფაუერის დაპირება „დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის შესახებ“. როდესაც ამერიკელები უნგრეთის შესახებ მეკითხებიან, ფიქრობენ, რომ მედიას ორბანის მთავრობა აკონტროლებს. ეს აბსურდია. უნგრული მედიაკულტურის შესახებ გთავაზობთ გერმანული ‘დი ველტის’ (Die Welt) გამოცდილი კორესპონდენტის, ბორის კალნოკის, ერთობ განმარტებით ნარკვევს. ამჟამად იგი ბუდაპეშტში მდებარე Mathias Corvinus Collegium-ში (კოლეჯი) მედიასკოლის დირექტორია. კალნოკის დამოუკიდებელი პოზიციისთვის დიდ პატივს სცემენ.
‘დი ველტის’ ყოფილი კორესპონდენტი იწყებს იმით, რომ უნგრეთში ჟურნალისტური კულტურა არ არის ისეთი, როგორიც შეერთებულ შტატებშია:
„უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთში, ისევე როგორც ყველა ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, ჟურნალისტიკის როლისა და ფუნქციის შესახებ აღქმა საკმაოდ განსხვავდება იმ აღქმისგან, რომელიც დასავლეთში არის გავრცელებული. დასავლეთში მცხოვრებთათვის ჟურნალისტიკა დემოკრატიის „მეოთხე ხელისუფლებაა“, რომელიც პოლიტიკოსებისთვის პატიოსნების შენარჩუნებას ცდილობს. თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია პოლიტიკურ ხელისუფლებას აკონტროლებს და აბალანსებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა პოლიტიკის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და მოქალაქეებს ობიექტურ ინფორმაციას აწვდის, რათა ახალი მთავრობის არჩევისას დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს არის თეორია. სინამდვილეში თანამედროვე ჟურნალისტიკის სანდოობა და პატიოსნება დასავლეთშიც კი განხილვის საგანია.
ყოველ შემთხვევაში, უნგრელების უმეტესობას მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ აქვს. თავად ბევრ ჟურნალისტსაც კი არ სჯერა ამის. აღარაფერს ვიტყვი პოლიტიკოსებზე. მათთვის ჟურნალისტიკა ხელისუფლების მაკონტროლებელი არ არის, იგი ხელისუფლების ხელში არსებული ინსტრუმენტია. მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებას ეხმარებიან თუ ებრძვიან, მედიასაშუალებები პოლიტიკურ თამაშებში იარაღის ფუნქციას ასრულებენ. სხვაგვარად როგორ იქნება, როდესაც კომუნისტების მმართველობისას მედიას კოლექტიური გამოცდილება ჰქონდა.
პოლიტიკური ჟურნალისტების უმეტესობა კონკრეტული მხარის ინტერესებს ემსახურება. 2020 წელს, როდესაც Mathias Corvinus Collegium-ის მედიასკოლის (დაწესებულება, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის მომხრედ მიიჩნევს) დირექტორობას დავთანხმდი, იმ ჟურნალისტების (მასწავლებლების რანგში) დაქირავება მინდოდა, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ბანაკში არ მოიაზრებოდნენ და რომლებიც ნეიტრალური, ობიექტური და სამართლიანი პოზიციით გამოირჩეოდნენ. კოლეგებმა მითხრეს, რომ ასეთ ადამიანს უნგრეთში ვერ ვიპოვიდი. ეს ქვეყნაში არსებულ ჟურნალისტურ კულტურაზე მეტყველებს“.
შემდეგ კალნოკი განმარტავს უნგრეთის მედიაკულტურას კომუნიზმის დასრულებიდან ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე და იმ დასკვნამდე მიდის, რომ:
„სანამ ორბანი 2010 წელს ხელისუფლების სათავეში დაბრუნდებოდა უნგრეთის მედიაბაზარი არ იყო ბუნებრივად განვითარებული, ჯანსაღი და დამოუკიდებელი მედიაგარემო. ეს იყო მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ბაზარი, რომელიც მემარცხენეებმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. ის მედია, რომელიც მანამდე არსებობდა, როგორც წესი, ასე თუ ისე პოლიტიკურ პარტიებთან ან, სულ მცირე, პოლიტიკურ ბანაკებთან იყო დაკავშირებული. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, ამ ტერმინის დასავლური გაგებით, იშვიათობას წარმოადგენდა“.
ტიპური ისტორია ასეთია. 2010 წლის შემდეგ ორბანმა პრესის თავისუფლების ჩახშობა დაიწყო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მემარცხენეებისა და ლიბერალებისთვის, რომლებსაც მედიადისკურსზე მონოპოლია ჰქონდათ, მრავალფეროვნება შეიძლება ჩახშობას ჰგავდეს. ახლა კვლავ კალნოკის მოვუსმინოთ:
„მედიაბაზრის აღწერა, რომელიც მმართველი პარტიის სრული გავლენის ქვეშაა, ძალიან არასრულ ხედვას გვთავაზობს. უნგრული მედიალანდშაფტი კვლავ პლურალისტურია, კრიტიკოსები გავლენას ინარჩუნებენ და ყველას აქვს პოლიტიკური აზრის გამოთქმის უფლება. უმსხვილესი სატელევიზიო არხი, გერმანიის კუთვნილი RTL, მთავრობას აკრიტიკებს. უმსხვილესი ყოველდღიური ტაბლოიდი ‘ბლიკი’ (Blikk) შვეიცარიულ გამომცემლობა ‘რინიერს’ (Ringier) ეკუთვნის. მისი ონლაინგამოცემა ხშირად ხვდება ციფრული რეიტინგების ოთხეულში. უმსხვილესი პოლიტიკური ყოველკვირეული ჟურნალი არის დამოუკიდებელი ‘ჰვგ’ (Hvg). უმსხვილესი პოლიტიკური გაზეთი არის მემარცხენე ორიენტაციის ‘ნიფსავა’ (Népszava). ოთხი უმსხვილესი ახალი ამბების პორტალიდან, ‘ბლიკის’ გარდა, ორი მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკულია (24.hu და Telex.hu). Index.hu ახალი მფლობელების შემდეგ მთავრობის მიმართ უფრო მეგობრული გახდა, თუმცა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი არ არის. მხოლოდ Origo.hu არის აშკარად პროსამთავრობო ახალი ამბების პორტალი.
ეს გახლავთ უახლესი სტატისტიკა: 2021 წლის სექტემბერში ყველაზე ნახვადი ახალი ამბების ვებგვერდი იყო დამოუკიდებელი, პოლიტიკურად კრიტიკული პორტალი 24.hu, რომელსაც თითქმის 3,6 მილიონი რეალური მომხმარებლი ჰყავს. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებდნენ ცენტრისტული Index.hu, პროსამთავრობო Origo.hu და შვეიცარიული ტაბლოიდის, ‘ბლიკის’, საკუთრებაში არსებული პოლიტიკურად დამოუკიდებელი ვებგვერდი. თითოეულ მათგანს დაახლოებით 3.3 მილიონი რეალური მომხმარებელი ჰყავს.
კალნოკის მრავალი მაგალითი მოჰყავს იმის საჩვენებლად თუ როგორი ძლიერია ოპოზიციური მედია, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთი ევროპის ელიტებში საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს. კალნოკი განაგრძობს:
„2021 წლის მედიაბაზარი პოლიტიკური თვალსაზრისით ნაკლებად ცალმხრივია, ვიდრე, ვთქვათ, 2005 წლის, როდესაც რვაწლიანმა სოციალისტურ-ლიბერალურმა ეპოქამ (2002-2010 წწ.) თავის აპოგეას მიაღწია. უნგრული მედია ხელისუფლების სათავეში მყოფ ნებისმიერ მთავრობას დღემდე უმწარებს სიცოცხლეს. ამის მიზეზი გახლავთ პრესის თავისუფლების სამართლებრივი გარანტია, რომელიც უზრუნველყოფილია როგორც კონსტიტუციით, ასევე 2010 წელს მიღებული მედიის შესახებ კანონით. ეს სამართლებრივი გარანტია სათანადოდ ასახავს იმ ქვეყნის პოლიტიკურ მენტალიტეტს, რომელმაც 1989–1990 წლების მშვიდობიანი რევოლუცით თავი დააღწია კომუნისტურ ტოტალიტარიზმის. ამის პრაქტიკული შედეგი ის არის, რომ ბაზარი ყოველთვის მოძრაობს, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კრიტიკული რეპორტაჟის შესახებ. მედია ყოველთვის საჭიროა როგორი კრიტიკულიც უნდა იყოს მთავრობის მიმართ.
თუ ზოგიერთი კრიტიკული მედიასაშუალება გაქრება, გაიზრდება სხვა პუბლიკაციების ბაზრის წილი, რომელიც ამ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. მაგალითად, გაზეთ Népszava-ს ტირაჟი სამჯერ გაიზარდა და 20 ათასზე მეტს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბაზრის ყოფილი ლიდერი Népszabadság-ი მისი უცხოელი მფლობელის გადაწყვეტილებით დაიხურა. როდესაც Origo-მ და მოგვიანებით Index-მა მთავრობის ხმამაღალი კრიტიკა შეწყვიტეს, კიდევ ერთი კრიტიკული პორტალი 24.hu ინტერნეტრეიტინგის სათავეში მოექცა, ხოლო ახალი ვებგვერდი Telex.hu სწრაფად დაწინაურდა საუკეთესო ათეულში“.

თუ უნგრეთში არსებული მედიაგარემოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, გთავაზობთ ბმულს: https://hungarianreview.com/article/media-freedom-in-hungary/
ის აზრი, რომ შეერთებული შტატების მთავრობა გადასახადის გადამხდელთა დოლარებს უნგრეთში ოპოზიციური გაზეთების მხარდასაჭერად ხარჯავს, შეურაცხმყოფელი და მანიპულაციურია. უნგრეთი ნატოს მოკავშირე დემოკრატიული ქვეყანაა. როგორ იგრძნობდით თავს ჩინეთის ფინანსური რესურსების მქონე ქვეყანას შეერთებულ შტატებში საკუთარი იდეოლოგიური ინტერესების გასაძლიერებლად ათეულობით მილიონი დოლარი რომ დაეხარჯა? ერთი რაღაც, რასაც ამერიკელი კონსერვატორები მსოფლიოს ამ ნაწილში ძალიან სწრაფად ითვისებენ არის ის, რომ, როდესაც შეერთებული შტატები, განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის მმართველობისას, ისეთ ნეიტრალურ თემებზე საუბრობს, როგორიცაა „კანონის უზენაესობა“, „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა“ და „დემოკრატიის გაძლიერება“, ასეთი მეტყველების სტილი შეერთებული შტატების სტრატეგიული და იდეოლოგიური ინტერესების ხელშეწყობის საფარველია. ის კანონები, ჟურნალისტიკა და დემოკრატიული ნორმები, რომლებიც გლობალისტებისთვის არასასურველ შედეგებს იძლევა, ცუდია. დემოკრატია მხოლოდ მაშინ არის დემოკრატია, როდესაც ხალხი ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის სასურველ არჩევანს აკეთებს.
რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს თუ რა იდეები ამოძრავებს სამანტა ფაუერს ამერიკული მედიის მიმართ. ამიტომ უსამართლო იქნება, რომ სხვისი შეხედულებები მას მივაწერო. ამის მიუხედავად, ალბათ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ლენ დაუნი ჯუნიორმა ‘ვაშინგტონ პოსტში’ (Washington Post) ‘ნიუ იორკ პოსტის’ (New York Post) ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორის შესახებ ნარკვევი გამოქვეყნა, რომელშიც დაწვრილებით აღწერა მისი და კოლეგის, ‘სიბიეს ნიუსის’ (CBS News) ყოფილი ხელმძღვანელის, მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები. მათ გამოააშკარავეს, რომ ‘ნიუსრუმების’ უფროსები სუბიექტური მემარცხენე ფრთის სასარგებლოდ უგულებელყოფენ „ობიექტურობის“ გარშემო აგებულ ტრადიციულ პროფესიულ სტანდარტებს. დაუნი მიიჩნევს, რომ ეს კარგია, პროგრესულია. ზემოხსენებულ ნარკვევში ვკითხულობთ, რომ ლიბერალური ელიტა იმ აზრის გარშემო ერთიანდება, რომ მედია მხოლოდ მაშინ ამბობს სიმართლეს, როცა მემარცხენებისთვის სასურველ ინფორმაციას აჟღერებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ ვიცი თუ რა დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ სამანტა ფაუერს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მისი აზრი ამასთან დაკავშირებით მისი პროფესიული კლასის მაჩვენებელია, მაშინ დაეჭვდება, რომ უნგრეთის მეინსტრიმული მედიის იდეოლოგიური მრავალფეროვნება – შეხედულებათა უფრო დიდი მრავალფეროვნება, ვიდრე ჩვენ გვაქვს აშშ-ში – კარგია. ამიტომ, როდესაც წავიკითხე, რომ იგი ბუდაპეშტში ჩამოვიდა, რათა მხარი დაუჭიროს „დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“, სიტყვა დამოუკიდებელი „მემარცხენეს“ ან „ანტი-ორბანის“ სინონიმად ჩავთვალე.
გთავაზობთ USAID-ის 2022 წლის დეკემბრის პრესრელიზს. აი, როგორ აპირებს შეერთებული შტატების მთავრობა ცენტრალური ევროპის ქვეყნების „დახმარებას“, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს დემოკრატიული წევრები არიან:
იხ. ბმული: https://www.usaid.gov/news-information/press-releases/dec-12-2022-usaid-announces-central-europe-program

USAID-ის 2022 წლის ‘ერთობლივი სტრატეგიული გეგმის’ თანახმად, სიფხიზლის ხელშეწყობა მისი სტრატეგიის ნაწილია:
იხ. ბმული: https://www.usaid.gov/sites/default/files/2022-05/Final_State-USAID_FY_2022-2026_Joint_Strategic_Plan_29MAR2022.pdf
„მრავალფეროვნებით, თანასწორობითა და ინკლუზიურობით“ (DEI) ლიბერალური ელიტები ამერიკის განადგურებას ცდილობენ. მათ ცენტრალურ ევროპაში რევოლუციის ექსპორტი უნდა განახორციელონ.
რამდენიმე წლის წინ ვწერდი, რომ USAID-ი ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო ფონდებთან პარტნიორობდა, რათა მაკედონიაში აქტივისტებისთვის 5 მილიონი აშშ დოლარი გაეგზავნათ. ადგილობრივ ენაზე უნდა ეთარგმნათ და გაევრცელებინათ საულ ალინსკის წიგნი „წესები რადიკალებისთვის“. ამას ობამას ადმინისტრაციის რადიკალები „საერთაშორისო განვითარებად“ მიიჩნევენ. ხაზი გავუსვი USAID-ის მიერ წარმოდგენილი 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო წინადადებას, რათა კულტურული ომისთვის დაქირავებული პირები გაგზავნონ ბალკანეთში მდებარე ამ პატარა, კონსერვატიულ, რელიგიურ ქვეყანაში და იქაურობა აურიონ. აი, ამას აკეთებს ამერიკა.
როგორც უნდა იყოს, მინდა, რომ უნგრეთს წარმატებები ვუსურვო! ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი სამანტა ფაუერი, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და გაეროში აშშ-ის ელჩ სიუზან რაისთან ერთად ლიბიაში შეიარაღებული ინტერვენციისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ემხრობოდა. ინტერვენტებმა კადაფის რეჟიმი დაამხეს, ლიბია ომის ზონად და ‘ისლამური სახელმწიფოს’ თავშესაფრად იქცა. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელა. მოგვიანებით ობამამ განაცხადა, რომ ლიბიის დანგრევა მისი ყველაზე საშინელი შეცდომა იყო.
ფაუერს ვაშინგტონში მგზნებარე იდეალისტის რეპუტაცია აქვს. უფრთხილდით ლიბერალ იდეალისტებს, რომლებიც თქვენი ქვეყნის განვითარებაში დახმარებას გპირდებიან. სინამდვილეში მათ ფერადი რევოლუციის მოწყობის სურვილი ამოძრავებთ.

წყარო: https://is.gd/7X3wc0