რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

საქართველოში პატიმრის მდგომარეობით “აღშფოთებული” უკრაინა და მოლდოვა – უსამართლობა მცირედში, ბადებს უნდობლობის ნიაღვარს, ყალბ მეგობრობაზე უარესი – მხოლოდ იუდას ამბორია

0

კონსერვატიული პორტალის – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” რეზიდენტი ავტორი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი

„მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა”- სპარტელი პოლიტიკოსის და პოეტის ჰილონის (ცხოვრობდა VI საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეს ფრთიანი ფრაზა პირველად ისტორიკოს დიოგენეს აქვს მოხსენიებული თავის თხზულებაში “ცხოვრება, სწავლებები და აზრები ცნობილი ფილოსოფოსებისა“. გავყვეთ ჩვენც სიმართლის თქმას, რადგანაც ჩვენს თვალწინ, როგორც მინიმუმ ერთი მკვდრადნაშობი „სამეგობრო“ აშკარად მიიცვალა და მას „სუამ“-ი ჰქვია, სადაც (აზერბაიჯანის რა მოგახსენოთ) საქართველოს – მოლდოვასა და უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად, ალბათ აღარაფერი ესაქმება. ამ ორგანიზაციის სასიცოცხლო პარამეტრების შესახებ ბოლო ინფორმაცია 2016 წლით თარიღდება – თუმცა „ასოცირების“ ტრიოს ფარგლებში ამ ორმა სუბიექტმა წელს არა ერთ, აშკარად არამეგობრულ და არაპარტნიორულ კონტექსტში შეგვახსენა თავი. ერთ-ერთი ბოლო – საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმარ სააკაშვილის ბედთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ გარემოებამ მაიძულა გავცნობოდი „Amnesty International”-ს 2021-2022 წ.წ. ბოლო, 181-გვერდიან ანგარიშს, რომელიც ასახავს მსოფლიოს 154 ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა ჩემი ინტერესის საგანს პირველ რიგში უკრაინასა და მოლდოვაში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

მიმდინარე წლის მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „Amnesty International”-ს აცნობა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განსახილველ პერიოდში გამოიტანა 115 დადგენილება იმ მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ვინც უკრაინას უჩივოდა ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთნ დაკავშირებით. მარტის შემდეგ განხილვის პროცესში იყო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონტროლზე აყვანილი კიდევ 71 დადგენილება, ხოლო 120 მსგავს სარჩელზე – სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება ჯერ არ გამოუტანია. „Amnesty International”-ის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინა ამ მომენტამდე არ უერთდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „რომის სტატუტს“ და არ ახდენს მის რატიფიცირებას. სხვათა შორის ისევე – როგორც მისი სამხედრო-პოლიტიკური მოწინააღმდეგე რუსეთი. არა და აღნიშნული საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა სწორედ რომ ომის დროს ჩადენილ სამხედრო, კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდის დანაშაულის განსახილველად.

უკრაინის მხრიდან დღემდე არ არის ასევე რატიფიცირებული ე.წ. „სტამბულის კონვენცია“ (საოჯახო და ქალის წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის ევროსაბჭოს კონვენცია) – რომელმაც იმავე საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მთელი რიგი ახსნა-განმარტებითი და აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებები მოიცვა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კანონმდებლობის უკრაინაში იმპლემენტაციის ნაწილში – კიევმა თბილისთან მიმართებით ევროკომისიების მხრიდან გაცილებით უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც უბრალოდ სამართლიანობის ფარგლებს და ელემენტარულ ლოგიკას სცდება.

გაცილებით მძიმე ვითარებაა ამ კუთხით მოლდოვაში, საქართველოს კიდევ ერთ „მეგობარ“ და „პარტნიორ“ სახელმწიფოში, რომლის პრეზიდენტმა თავისი უკრაინელი კოლეგის მსგავსად – ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით ჩვეულებრივი ზრდილობის ფარგლებს მიღმა დამრიგებლური ტონით საუბარი დაუწყო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, სადაც იკითხებოდა „წუხილი“ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში „არასათანადო“ პირობების ქვეშ ყოფნის გამო. „Amnesty International”-ის ანგარიშის თანახმად, მოლდოვას ციხეებში წამება და სასტიკი მოპყრობა პატიმართა ჩვეულ ყოველდღიურობას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი ციხის პერსონალი სარგებლობს სრული განუკითხაობით და „დაუსჯელობის პრეზუმპციით“, რასაც ამაგრებს სასამართლო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის დანაშაულზე უსამართლო განაჩენების გამოტანის პრაქტიკა, წინასწარი პატიმრობის სახით აღმკვეთი ღონისძიების – არც ერთი დაფიქსირებული ფაქტი და ყოველივე ამაზე თითქმის ნულოვანი სასამართლო კონტროლი. გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს მოლდოვას გადავსებული ციხეები და მათში სრული ანტისანიტარია. ყოველგვარ კრიტიკას სცილდება ქვეყნის პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე. ციხის არაფორმალური კრიმინალური მართველობის პრობლემატიკამ, ძალადობისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან პატიმართა წამების  ფაქტების მატებამ – გამოიწვია 5 თებერვალს ბრანეშტის ციხის ბუნტი, რომელმაც მარტში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყურადღება მიიპყრო.

„Amnesty International”-ის ანგარიშის მხოლოდ ამ მოკლე ამონარიდის თანახმად, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს მათი მხრიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარებისა თუ პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ „შეწუხებულ“ ტონალობას, ვურჩევდი საკუთარ საპატიმროებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. იქ არსებული სტანდარტების თუნდაც მინიმალურად ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებას. ხოლო შესაბამის ევროკომისიებს ვურჩევდი ელემენტარული სამართლიანობის პრინციპების დაცვას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პენიტენციურ სისტემებს შორის ტოლობის ნიშნის გავლებისას. ხოლო პირადად ჩემთვის ამ სამი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების დონეზე – ორგანიზაცია „სუამი“ ცალსახად „მარილზეა გასული“, ამიტომ მის შესახებ „აღარაფერი ვთქვათ, სიმართლის გარდა”.