ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები მაროკოსგან ათობით T-72 ტანკის შეძენას აპირებენ და შემდეგ უკრაინაში გაგზავნიან. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ვაშინგტონსა და რაბატს შორის საიდუმლო მოლაპარაკება. საგულისხმოა, რომ ამ ნაბიჯით მაროკო კონფლიქტთან მიმართებით ნეიტრალური პოზიციიდან გამოდის.
შეთანხმების თანახმად, აშშ და ნიდერლანდები 90 T-72B ძირითად საბრძოლო ტანკს 95 მილიონ აშშ დოლარად შეიძენენ, მომავალ წელს კი კიდევ 30 ტანკს იყიდიან. სათადარიგო ნაწილების მიწოდებას რაბათი უზრუნველყოფს, ტანკებს კი ჩეხური სამხედრო კომპანია Excalibur-ი განაახლებს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში მაროკოს კუთვნილი ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების განახლება უკვე მიმდინარეობს. კომპანიის კომერციული დირექტორის, რიჩარდ კუბენას, თქმით, ხუთ ტანკს მომავალ კვირას გაგზავნიან, ხოლო წლის ბოლომდე Excalibur-ი კიდევ 18 T-72-ის გაგზავნას გეგმავს. ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაყიდვის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს: „ბოლო მყიდველმა დააკმაყოფილა ზემოთ ხსენებული ქვეყნების მოთხოვნა და შეთანხმებას ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით (სხვა აღჭურვილობის სანაცვლოდ), რათა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას, შესრულებულად მიიჩნევს“.
მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანა გახდება, რომელიც კიევს იარაღს მიაწვდის. ამ დრომდე რაბატი რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებდა. 2022 წლის მარტში მაროკომ გაეროში ჩატარებულ კენჭისყრაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობდა, თავი შეიკავა. Military Africa-სა და the Center for European Policy Analysis (CEPA)-ის მონაცემებით, T-72-ის შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების ხელშეწყობაში ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა რაბატს ტრანსფერი ჯერ არ დაუდასტურებია.
მაროკო იარაღის 91 პროცენტს ამერიკელებისგან ყიდულობს. ვაშინგტონი მხარს უჭერს რაბატის პრეტენზიას დასავლეთ საჰარაზე, სადაც დღესდღებით მაროკოს სამხედრო ოკუპაციის ქვეშ დაახლოებით 500,000 ადამიანი ცხოვრობს.
ამ სადავო რეგიონის გამო მაროკოს მეზობელ ალჟირთან ურთიერთობა დაეძაბა. რაბატში მიიჩნევენ, რომ ბოლო თვეებში ალჟირმა მოსკოვთან კავშირები გააძლიერა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ დათანხმდა მაროკო უკრაინისთვის ტანკების მიყიდვას, რომლებსაც კიევი რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს.