4 ივლისი, 2023 წ.
27 ივნისს საფრანგეთში 17 წლის არაბი მოზარდის გარდაცვალებას ქვეყანაში არეულობები მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენტ-ეტიენში მოხუც ფრანგ მღვდელს თავს დაესხნენ, რაც ქვეყანაში გამეფებულ არეულობას უკავშირდება. ამის შესახებ მოგვიანებით სენტ-ეტიენის ეპარქიამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
29 ივნისს, ხუთშაბათს საღამოს, ქალაქ სენტ-ეტიენში უცნობი ადამიანები მამა ფრენსის პალეს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.
Tribune Chretienne-ის ინფორმაციით, 79 წლის ფრენსის პალეს, რომელიც Saint-Vincent-de-Paul-ის რელიგიური საძმოს წევრია, მეამბოხეები სასტიკად გაუსწორდნენ, მრავალი ზიანი მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი უპატრონოდ მიატოვეს.
თვითმხილველთა თქმით, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ამბოხებულებმა იგი ალყაში მოაქციეს და „გაურკვეველი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმედ დაშავებული მღვდელი მიწაზე დაეცა“, − ნათქვამია Tribune Chretienne-ის სტატიაში. დამნაშავეებს ცემა არც ამის შემდეგ შეუწყვიტავთ. გარდა ამისა, იგი გაძარცვეს კიდეც, წაართვეს მობილური ტელეფონი და საფულე.
პირველი ინფორმაციით, მძიმედ დაშავებული მღვდელმსახური სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახლომდებარე საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანა.
ამ ინციდენტის შესახებ მოგვიანებით ერიკ ზემურის პარტია „რეკონკისტას“ წევრმა დამიენ რიმ განაცხადა, რაც Twitter-სა და სხვა სოციალურ ქსელებში მყისვე გავრცელდა.
მტკიცებულებების ან წყაროს გარეშე, 1 ივლისს გამოცემა Catholic Arena-მ Twitter-ში გაავრცელა განცხადება, რომ მღვდელი „ისლამისტმა მეამბოხეებმა გააშიშვლეს, სცემეს და მიატოვეს მძიმე მდგომარეობაში, მას შემდეგ, რაც მის ჩაქოლვას ცდილობდნენ“.
„80 წლის მღვდელი მრავალი კათოლიკედან ერთ-ერთი იყო, რომელიც მათ სამიზნეს წარმოადგენდა, რადგან ქვეყანა აბსოლუტურმა ანარქიამ მოიცვა“.
საავადმყოფოში კათოლიკე მღვდელს რამდენიმე საათი აკვირდებოდნენ, მოგვიანებით კი გაწერეს. მას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა და შოკურ მდგომარეობაში იყო. მამა პალემ საქმიანობა შაბათს განაახლა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ეპარქიამ განაცხადა, რომ თავდასხმა „როგორც ჩანს, მის [პალეს] რელიგიურ საქმიანობას არ უკავშირდება“ და თავდასხმა „არ მომხდარა ძალადობრივი მოვლენების ფარგლებში, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეებში“.
ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო განცხადების შემდეგ, Tribune Chretienne-მა დასძინა, რომ მათი ინფორმაციით, პალეს თავდასხმის დროს „არ ეცვა რელიგიური საქმიანობისთვის დამახასიათებელი სპეციალური ტანსაცმელი ან არ ეკეთა რაიმე სახის გარეგნული სიმბოლო, რომელიც მას მღვდელმსახურად წარმოაჩენდა“, რამაც ისინი დაარწმუნა, რომ პალეს მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით დაესხნენ თავს.