პოლიტიკასხვადასხვა

საფრანგეთის ახალი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას?

0

 ლე პენი მაკრონის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს…

17 ივლისი, 2023 წ.

ბასტილიის დღის (14 ივლისი) აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სურს უკრაინას კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს და SCALP-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნოს. ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთის პოლიტიკური კლასის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელსაც შეკითხვები გაუჩნდა. „ეროვნული გაერთიანების“ ხელმძღვანელმა მარინ ლე პენმა ხსენებულ გადაწყვეტილებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

11 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ გავითვალისწინებთ სიტუაციასა და უკრაინის მიერ განხორციელებულ კონტრშეტევას, გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება და უკრაინელებს სიღრმისეული დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა მივცეთ, ამავდროულად კი ჩვენი დოქტრინის სიცხადე და თანმიმდევრობა შევინარჩუნოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რათა უკრაინამ თავისი ტერიტორიის დაცვა უზრუნველყოს“.

უკრაინისთვის გადასაცემ იარაღში შედის Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები, ან როგორც ფრანგულ არმიაში ჟარგონზე იტყოდნენ, SCALP-ი. კიევს დაახლოებით 400 რაკეტას გაუგზავნიან. ეს გრძელ რადიუსზე მოქმედი რაკეტებია, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოსაც ეკუთვნის. ლონდონმა რამდენიმე ასეთი რაკეტა მაისში უკრაინას უკვე გაუგზავნა.

მაკრონის განცხადებას მაშინვე მოჰყვა პასუხი მოსკოვიდან: „ჩვენი აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება უკრაინული მხარისთვის, რადგან ბუნებრივია, რომ ეს განცხადება კონტრზომების მიღებას გვაიძულებს“, − განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ზოგიერთი ფრანგი ოპოზიციონერი უკმაყოფილებას გამოხატავს მაკრონის პოლიტიკის შესახებ, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვას უკავშირდება.

ტონი „ეროვნულმა გაერთიანებამაც“ შეცვალა. მარინ ლე პენმა ხმა აიმაღლა და განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის ახალი იარაღის გაგზავნის საკითხს, რადგან მიაჩნია, რომ ეს „უპასუხისმგებლო“ გადაწყვეტილებაა. ლე პენის აზრით, დროა სახელმწიფოს მეთაურმა პრიორიტეტები შეცვალოს. „არ მესმის, რატომ არ ცდილობს ემანუელ მაკრონი სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზებას, რათა ბოლო მოეღოს ამ ომს“, − განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა 12 ივლისს ჩრდილოეთ საფრანგეთში ვიზიტისას.

https://europeanconservative.com/articles/news/new-french-military-support-for-ukraine-irresponsible-says-le-pen/