აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად ძალისხმევას არ იშურებენ, თუმცა სხვა სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობენ.
ავტორი აგნეშკა ლაკომა, 20 აპრილი, 2023 წ.
დასავლეთისა და ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობსა და საწვავზე დაწესებული ემბარგო, ასევე ზღვრული ფასის შემოღება, მიზნად ისახავდა კრემლის საექსპორტო შემოსავლების შეზღუდვას, რათა რუსეთს უკრაინის ომი სათანადოდ ვეღარ დაეფინანსებინა. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა უშედეგო აღმოჩნდა.
მართლაც, რუსები თავიანთ ნავთობს საბაზრო ფასებზე დაბალ ფასში ყიდიან და შარშანდელთან შედარებით ოდნავ ნაკლები შემოსავალი მიიღეს. თუმცა, რუსულმა კომპანიებმა ახალი მყიდველები იპოვეს. 2022 წელს ჩინეთი და ინდოეთი რუსულ ნედლეულს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდულობდნენ. ამავდროულად, რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში წარმატებით განაგრძობენ ფუნქციონირებას. დღესდღეობით ცნობილი ხდება, რომ ფასზე დაწესებულ ლიმიტს უგულებელყოფენ და რუსული ნედლეული დაწესებულზე უფრო მაღალ ფასში იყიდება.
გასულ წელს პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიმიტი ძალიან მაღალი იყო და ერთი ბარელის ღირებულება 50 აშშ დოლარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, თუმცა მათ მოწოდებას მხარი არ აუბეს სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ან შეერთებულმა შტატებმა. კრემლის შემოსავალი ისე მკვეთრად არ შემცირებულა, როგორც სანქციების 10 პაკეტის შემდეგ ვარაუდობდნენ.
მიმდინარე წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ კვლავ მოითხოვა ზღვრული ფასის შემცირება, თუმცა მათი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. გარდა ამისა, ოპეკის (OPEC) ნავთობკარტელი, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ნავთობის წარმოების მნიშვნელოვნი შემცირების ხარჯზე ფასების გასაზრდელად მხარს უჭერს რუსეთს, რაც მოსკოვს ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპეკმა მაისის დასაწყისიდან ნავთობის მიწოდება უნდა შეამციროს, ჩინეთი უკვე მასიურად ყიდულობს რუსულ ნავთობს და იმარაგებს, რადგან შიშობს, რომ ფასი გაიზრდება. გარდა ამისა, პეკინი ევროპაში აგზავნის წარმოებულ ზედმეტ საწვავს და მნიშვნელოვან სარგებელს იღებს. რა თქმა უნდა, ვერავინ დაამტკიცებს თუ რომელი ქვეყნის ნავთობს იყენებენ ამ საწვავის წარმოებისას.
ევროპამ, განსაკუთრებით კი ბებერი კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებმა, უდიდესი ძალისხმევა გაიღეს უკრაინის დასახმარებლად და რუსული ნედლეულის ექსპორტის შესაწყვეტად, ამის მიუხედავად კრემლის შემოსავალი კვლავ სტაბილურია. ამ დროს კი სხვა სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობენ.
წყარო: https://is.gd/mhxyd9