პოლიტიკასხვადასხვა

რუსეთის დაწყებული ომის რეალური მიზეზი, რომელზეც არავინ საუბრობს

0

რუსეთს ჯერ კიდევ აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი, წერს Junge Freiheit-ის ჟურნალისტი ფაბიან შმიდტ-აჰმადი.

ავტორი ფაბიან შმიდტ-აჰმადი, 29 მაისი, 2023 წ.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრით ღია ომში გადაიზარდა და როგორც ჩანს, მის დასრულებას პირი არ უჩანს. დღევანდელი ვითარება ომის დაწყებამდე არსებული ვითარებისგან დიდად არ განსხვავდება. ამჟამად კონფლიქტიდან გამოსავალი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, დასახიჩრდა და დაიჭრა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი გაუკაცრიელდა. თუმცა ომის გამომწვევ ერთ მთავარ მიზეზზე არავინ საუბრობს.
რატომ გახდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტონი ასეთი მკვეთრი 2021 წლის შემოდგომაზე? რამ აიძულა რუსეთის ხელმძღვანელობა, რომ ყველა და ყველაფერი საფრთხის ქვეშ დაეყენებინა და ნაჩქარევად დაგეგმილი საომარი მოქმედებები დაეწყო? რუსეთის მიერ საჯარაოდ დასახელებულმა მიზეზმა შეიძლება ხელი შეუწყო ომის დაწყებას, თუმცა ეს, ალბათ, მხოლოდ საბაბია. რუსეთის ხელმძღვანელობა კრინტს არ ძრავს ომის დაწყების რეალურ მოტივზე, თუმცა მკაფიოდ უნდა თქვას თუ კონფლიქტის მოგვარება სურს.
რუსეთი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა, ერთი შეხედვით უნიკალურია. მისი ტერიტორია ევრაზიის დიდ ნაწილზეა გადაჭიმული. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე დაახლოებით 140 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 100 მილიონი ეთნიკურად რუსია. რუსეთი ძალიან მეჩხერად დასახლებული ქვეყნაა. ერთ კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 8 ადამიანი სახლობს. შედარებისთვის ვიტყვი, რომ აზიის სამხრეთ კიდეზე მდებარე პატარა ბანგლადეშში 165 მილიონი ბენგალელი ცხოვრობს; ერთ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 1,240 ადამიანი ბინადრობს.
უწინ რუსეთის უნაყოფო მიწების მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდნენ. თუმცა დღესდღეობით უკვე ცნობილია, რომ მისი ტერიტორიის ქვეშ უზარმაზარი ღირებულების ბუნებრივი რესურსებია თავმოყრილი, რაც ამ დიდ იმპერიას იმ ქალად აქცევს, რომელსაც გარშემომყოფნი ვნებით უცქერენ. რუსეთის მეზობლად ორი მშიერი, ამბიციური სახელმწიფო – ჩინეთი და ინდოეთი – მდებარეობს. მათი მოსახლეობა სწრაფად იზრდება. ვინ ან რა შეუშლით ხელს, რომ მიიღონ ის, რაც სურთ?
რუსული მილიტარიზმი სავალალო მდგომარეობაშია. ქვეყანას მართვა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც მისი დაცვა ძალუძთ. რუსეთი თავდაცვის მხრივ სულ უფრო და უფრო უუნარო ხდება. პრობლემა ის კი არ არის, რომ იგი მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით სავარაუდო თავდამსხმელებს ჩამოუვარდება – თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული ადამიანების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება – არამედ ის, რომ მის ეროვნულ სამხედრო მრეწველობას საკმარისი რაოდენობით უმაღლესი ხარისხის იარაღის წარმოება არ შეუძლია. რუსეთი აშკარად კარგავს ამ უნარს.
სჯობს ეშინოდეთ და პატივს გვცემდნენ, ვიდრე გვიღიმოდნენ და უგულვებელყოფდნენ – ეს არის მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ამოსავალი დებულება. რუსების აზრით, ჯერჯერობით გარანტირებულია ის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები მათ თანასწორ პარტნიორად მიიჩნევენ და არ იმ აფრიკულ ქვეყნად, რომლის სამთო უფლებების გამო ფრანგული და ამერიკული კომპანიები ერთმანეთს ებრძვიან. რუსეთის ხელმძღვანელობა მთელი ძალით ებღაუჭება ამას და სწორედ ეს არის ომის დაწყების ნამდვილი მიზეზი.
ნატო ბალტიისპირეთის ქვეყნებით უკვე მიუახლოვდა რუსეთის დედაქალაქს და მასთან ერთად რაკეტების გამშვებ ბაზას. რუსეთისთვის არც ეს არის პრობლემა და არც შვედეთის ალიანსში გაწევრიანება. თუმცა უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება მოსკოვისთვის პრობლემატურია, რადგან ბერლინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა ბირთვულმა რაკეტამ უკრაინის საჰაერო სივრცე უნდა გადაკვეთოს. ეს ქვეყანა კი ევროპის სარაკეტო თავდაცვის ფარისთვის იდეალური დასაყრდენი პუნქტია.
ამ ზღუდეს თავიდანვე შეუძლია რუსული ბირთვული თავდასხმის საფრთხის შეჩერება. თუ რუსეთის ხელმძღვანელობას ძალის გამოყენების საშუალებას წაართმევ, ეს სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ადგილობრივი ტომის ბელადმა უმწეოდ უყუროს თუ როგორ იპყრობენ და ძარცვავენ სხვა ქვეყნები მის სამშობლოს და მას მხოლოდ კულტურული, ფოლკლორული რეზერვაციის ფუნქციას უტოვებენ.
ეს არის უკრაინაში ომის დაწყების ნამდვილი მიზეზი. რასაც რუსული პროპაგანდა ომის მიზეზად ასახელებს, მხოლოდ საბაბია. როგორ უნდა ავუხსნათ ევროპელებს, რომ ადამიანი ეგზისტენციალურ საფრთხს გრძნობს, თუ აღარ გრძნობს ეგზისტენციალურ საფრთხეს? ამრიგად, რუსეთის ხელმძღვანელობა კრინტს არ ძრავს თავის რეალურ ზრახვებზე, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და იმედოვნებს, რომ შეუძლებელ გამარჯვებას მოიპოვებს. კუთხეში მიმწყვდეულს, უფსკრულის პირას მისულს, აპოკალიფსამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ცუდ დროს გვიწევს ცხოვრება. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც ამ დროებას არ შეესაბამებიან.

წყარო: https://rmx.news/russia/the-real-reason-for-russias-war-that-no-one-is-talking-about/