9 ივნისი, 2023 წ.
მოსკოვი კიევს ტოლიატი-ოდესის მილსადენის აფეთქებაში ადანაშაულებს. ახალი „დივერსიული აქტი“ რუსეთის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურება.
ეს არის მსოფლიოში ამიაკის ყველაზე გრძელი მილსადენი, რომელსაც რუსეთი სამრეწველო ქიმიკატების ექსპორტისთვის იყენებს. ეს ქიმიკატები სხვა ნივთიერებებთან ერთად სასუქის მთავარი კომპონენტია. მილსადენის სიგრძე დაახლოებით 2,500 კმ-ია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენი უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა ააფეთქა“, რომელიც ხარკოვის რაიონის სოფელ მასიუტოვკას მახლობლად მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენი ორშაბათს, საღამოს ააფეთქეს. ფოტოებსა და კადრებზე, რომლებიც მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოჩნდა, ასახულია კვამლის სქელი, თეთრი ნისლი, რომელიც მილსადენიდან ჟონავს.
„ამ ტერორისტული აქტის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. მათ საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ“, − განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინელი მაღალჩინოსნები მილსადენის დაზიანების ფაქტს აღიარებენ, თუმცა მის აფეთქებაში მოსკოვს ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ მილსადენი რუსმა სამხედროებმა არტილერიით დაბომბეს.
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამმართველოს (OSHA) ცნობით, „ამიაკი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში ნივთიერებაა, რადგან აზიანებს კანს, თვალებსა და ფილტვებს“.
ამის მიუხედავად, მთელი ყურადღება სამხრეთ უკრაინაში მომხდარ უფრო დიდ კატასტროფაზეა გადატანილი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყირიმის ნახევარკუნძულზე. სამშაბათს მდინარე დნიპროზე აშენებული კახოვკის კაშხალი ააფეთქეს.
კაშხლის აფეთქებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისკენ თითის გაშვერას არ ჩქარობს, რადგან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კაშხალი მის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს წყლით უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მოსკოვს მისი აფეთქების სტიმული არ უნდა ჰქონოდა.
..