14 ივლისი, 2023 წ.
საუდის არაბეთი რუსეთის სასარგებლოდ OPEC+ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს დაკარგავს, რადგან იგი ცალმხრივ შემცირებას იწყებს − 1 მილიონი ბარელით დღეში, ერ-რიადი კი პირობას დებს, რომ ივლისსა და აგვისტოში ერთ დღეში დაახლოებით 9 მილიონ ბარელს მოიპოვებს − ყველაზე დაბალი დონე ბოლო ორ წელიწადში.
თუ არ ჩავთვლით პანდემიის დროს მნიშვნელოვან შემცირებას, საუდის არაბეთის მიერ დღეში სულ რაღაც 9 მილიონი ბარელის მოპოვება ძალიან დაბალი დონეა, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა 2011 წლის შემდეგ მოიპოვა.
„სამეფოში ნედლი ნავთობის მოპოვება ივლისსა და აგვისტოში ორწლიან მინიმუმამდე შემცირდება − დაახლოებით 9 მილიონი ბარელი დღეში, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ნედლი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს კარგავს“, − ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მოხსენებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა.
ნავთობზე ფასების კიდევ უფრო გაზრდის ან „ბაზრის სტაბილიზაციის“ მიზნით, როგორც ამას საუდის არაბეთი და OPEC-ი ამბობენ, ერ-რიადმა გასულ თვეს ცალმხრივი შემცირების შესახებ განაცხადა − დღეში მილიონი ბარელით ნაკლები, ხოლო OPEC+-ის მწარმოებლებმა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ მაისსა და დეკემბერს შორის ნავთობის მოპოვებას შეამცირებდნენ, ეს შემცირება 2024 წლამდე გაახანგრძლივეს. გასულ კვირას საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ნავთობის მოპოვების ცალმხრივ შემცირებას აგვისტომდე და ივლისსა და აგვისტოში დღეში დაახლოებით 9 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს.
„ეს დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება აძლიერებს OPEC+-ის ქვეყნების პრევენციულ ძალისხმევას, რომელთა მიზანია, რომ მხარი დაუჭირონ ნავთობის ბაზრის სტაბილურობასა და ბალანსს“, − განაცხადა საუდის არაბეთმა 3 ივლისს.
საუდის არაბეთის განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგვისტოში ნავთობის ექსპორტს 500 000 ბარელით შეამცირებს, რათა ბაზრის ბალანსირება უზრუნველყოს.
თუმცა ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც რუსული ნავთობის ბიზნესში მაღალ პოზიციას იკავებს და OPEC+-ის წამყვანი მომლაპარაკებელია, არ დაუსახელებია ის მონაცემები, რომლებიც აგვისტოში რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მოცულობას უკავშირდება.
აგვისტოში ექსპორტის შემცირება იმას ნიშნავს, რომ ამ თვეში დღიურად ნავთობის მოპოვება 500 000 ბარელით შემცირდება. ამის შესახებ რუსულ გაზეთ Vedomosti-ს ნოვაკის ოფისში განუცხადეს.