31 მაისი, 2023 წ.
28 მაისს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული S-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემები განთავსდება. სამინისტრომ რკინიგზით მისი ტრანსპორტირების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
„საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 ბელარუსის უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეების მშვიდობიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად სერიოზული იარაღია“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ანდრეი ლუკიანოვიჩმა, რომელიც ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალებს მეთაურობს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე S-400-ის განთავსების კონკრეტული ადგილი არ გაამჟღავნა. ბელარუსმა ჯარისკაცებმა სისტემის გასაცნობად სამხედრო მომზადება რუსეთში გაიარეს.
პორტალ Belarus Hajun-ის ცნობით, ეს სისტემები ბელარუსის ცენტრალურ რეგიონში, ნოვოკოლოსოვოში, მდებარე სამხედრო ნაწილში განათავსეს.
S-400-ს, რომელიც საჰაერო თავდაცვის მიზნით შეიქმნა, 400 კილომეტრით დაშორებული ობიექტების მიზანში ამოღება შეუძლია. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსი სამხედროები სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად მსგავს იარაღს იყენებენ, მათ შორის ძველ S-300-ს.
თუ ეს სისტემები ნოვოკოლოსოვოს ბაზაზეა განლაგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დიაპაზონი ფარავს პოლონეთის აღმოსავლეთ ტერიტორიას და ქვეყნის დედაქალაქ ვარშავამდეც მიაღწევს.
ხუთშაბათს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა, ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც ბელორუსის სპეციალურ საწყობში რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურებს დეტალურად განსაზღვრავენ. ბოლო პერიოდში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ასეთი იარაღის განთავსებას ითხოვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე იმ „გამოუცხადებელი ომის შესახებ“ ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აწარმოებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი „ძალიან უარყოფითად“ შეაფასა.
მარტში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ბელარუსში ახალი იარაღის შესანახი საწყობის მშენებლობა 2023 წლის ივლისში დასრულდება.
წყარო: https://rmx.news/poland/russia-sends-s-400-anti-aircraft-missile-systems-to-belarus/