რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

რთულია იბერიის გაბრწყინებისკენ მიმავალი გზა – მაგრამ გარდაუვალი

0

დავით ქართველიშვილი

ყველა ეპოქაში იყო დიდი ცდუნება – ცალი თვალით ჩაგეხედა აპოკალიფტურ გარდაუვალ მოვლენებში. ყველა ეპოქას ეგონა, რომ აი – სულ მალე დაიწყება, ყველა ეპოქა ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში სათავისოდ მორგებულ ნიშნებს ამოიცნობდა ხოლმე. ვნების შვიდეულის წინ მსგავსი ცდუნება მეც დამეუფლა. ოღონდ ბოლო ჟამის მხოლოდ ერთ ეპიზოდთან და ისიც მხოლოდ ერთ ძალზე საინტერესო პერსონაჟთან – გოგასა და მაგოგთან მიმართებაში.

წმ. იოანეს გამოცხადება (20:8) გვეუბნება, რომ ეს იქნება ანტიქრისტეს “მეკავშირე” ძალა, რომელიც შეებრძოლება უფალს და ამ ბრძოლაში დამარცხდება: “და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ”.

გოგსა და მაგოგზე ჩვენ მოგვითხრობს ძველი აღთქმის ეზეკილის წინასწარმეტყველება: “ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ – როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე” (38:2). აქ გოგი და მაგოგი, ანტიქრისტეს ესქატოლოგიური მეკავშირე, წარმოდგენილია მთავრად, რომლის დაქვემდებარებაშია სამი ხალხი. წმინდა მამების გადმოცემით და განმარტებითი ბიბლიის თანახმად ეს სამი არიან: რუსები (როში), მესხები/კაპადოკიელები (მეშექი) – ტაო-კლარჯეთი/თურქეთი და იბერიელები/ქართველები (თუბალი).

ეზეკილის წიგნი კიდევ ორ ადგილას ეხება ამ თემას, ერთია – 27:13 და მეორე: “იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას” (32:26). თუ დავუბრუნდებით იოანეს გამოცხადებას – გამოდის, რომ ბოლო ჟამს რუსები, ქართველები და ისტორიული კაპადოკიელები იმ მთავრის პროტექტორატში აღმოჩნდებიან, “რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ”. ჩემი ფანტაზიის უნარი – ამ კუთხით, პირობითად, ჩინეთს იქეთ ვერ წვდება.

ახლა კი განვიხილოთ, რატომ არის ნახსენები ეზეკილის ამ მთავრისადმი დაქვემდებარებულ სამეულში – მეშექი (მცირე აზია, კაპადოკია, თურქეთი). იოანეს გამოცხადების საწყისი ნაწილი სწორედ ამ ისტორიულ/გეოგრაფიულ ლოკაციაზე მდებარე 7 ეკლესიას მიმართავს თავისი ესქატოლოგიური შთაგონებით. არაა გამორიცხული, რომ ანტიქრისტეს მეკავშირე/მთავრის, გოგ/მაგოგის მხრიდან “მეშექის” დაპყრობა/დაქვემდებარება სწორედ ამ არგუმენტით იყოს განპირობებული.

აპოკალიფსური შთაგონების ამ შვიდი ეკლესიიდან, აშკარად გამოირჩევა “ფილადელფიის ეკლესია” – რომელმაც უფლის თვალში ყველაზე დიდი ქება დაიმსახურა. არსებობს ათონელი წმინდა მამების წინასწარმეტყველება, რომ სიმბოლურად “ფილადელფიის ეკლესიის” სახით, ბოლო ჟამს იბერიის ეკლესია უნდა ვიგულისხმოთ, სწორედ იმ კონტექსტში, რომ სულიერი სახით იბერია და მისი ეკლესია გაუწევს ანტიქრისტეს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას იმ თვალსაზრისით, რომ ჭეშმარიტ რწმენას ბოლომდე ის აქ ვერ დაამარცხებს, თუნდაც მართლმადიდებლობის რამოდენიმე კატაკომბური “ლამპარის” გამო, რაც გამარჯვების ტახტს ვერ დაადგმევინებს მას იბერიაში.

რა ესქატოლოგიური დატვირთვით არის ნახსენები ეზეკილთან “როში”, ამის ფანტაზია მე უფრო გამიჭირდება. შესაძლოა ამას გარკვეულწილად კიევისა და თანამედროვე რუსეთის წიაღში მდებარე ღვთისმშობლის კიდევ ორი წილხვედრობის არსებობა განაპირობებს: კიევო-პეჩორას ლავრა და დივეევოს მონასტერი, სადაც გადმოცემით – ბოლო ჟამს წმ. სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილები ცხოვრებისეულ სიცოცხლეს დაიბრუნებენ. ხოლო ვინ იქნება ბოლო ჟამს, სამხედრო/პოლიტიკური თვალსაზრისით ის მთავარი (გოგი/მაგოგი) – ანტიქრისტეს ნების გამტარებელი, რომლის ვასალები “როში, მეშექი და თუბალი” იქნებიან – დღევანდელი დღის გადასახედიდან ძნელად სავარაუდოა, თუმცა ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი მე უკვე შემოგთავაზეთ.

მე არ ვიცი, მიმდინარე ომი მსოფლიოში რა შემდგომი კატაკლიზმებისა და ტექტონური ძვრების გამომწვევი იქნება, ან რა ღვთაებრივი განგებულება უნდა აღსრულდეს ჩვენს თვალწინ მიმდინარე გლობალური მოვლენების სახით – მე უბრალოდ ერთი დილეტანტური ხიდის გაბმა შევეცადე აწმყოსა, წარსულსა და მომავალს შორის. ფაქტი ერთია – ეზეკილთან ნახსენებია თუბალის ხალხი (იბერია) და იოანეს გამოცხადებაც ამა თუ იმ კონტექსტში, ასევე გვეხება სიმბოლურად. დანარჩენი კი მხოლოდ მამა ღმერთის პრეროგატივაა. ამინ!